ემანუელ მაკრონი - ოთხივე ქვეყანა მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის დაუყოვნებლივ სტატუსს, რასაც მოჰყვება საგზაო რუკა - ასევე, დასავლეთ ბალკანეთისა და სამეზობლოს, განსაკუთრებით მოლდოვის ვითარების მხედველობაში მიღება

ჩვენ ოთხივე ლიდერი მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის დაუყოვნებლივ სტატუსს. საფრანგეთი გააძლიერებს იარაღის მიწოდებას რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ კიევში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან და რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ოთხივე ქვეყანა [საფრანგეთი, გერმანია, იტალია და რუმინეთი] მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის დაუყოვნებლივ სტატუსს. ამ სტატუსს მოჰყვება საგზაო რუკა. ასევე, დასავლეთ ბალკანეთისა და სამეზობლოს, განსაკუთრებით მოლდოვის ვითარების მხედველობაში მიღება“, - განაცხადა მაკრონმა.

„ევროპა თქვენს გვერდითაა, ის ასე გააგრძელებს მანამ, სანამ ეს იქნება საჭირო, სანამ გამარჯვება არ იქნება მიღწეული, გამარჯვება, რომელიც დაინახავს მშვიდობის დაბრუნებას თავისუფალ და დამოუკიდებელ უკრაინაში“, - დასძინა მაკრონმა.

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, იტალიის მთავრობის მეთაურმა მარიო დრაგიმ, თავის მხრივ, დასძინა, რომ მისი მთავარი გზავნილი კიევში ვიზიტის დროს ისაა, რომ იტალიას სურს უკრაინის ევროკავშირის ნაწილად ხილვა.

ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა მთელი ევროპის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ტოლფასია.

„რაც უფრო მეტ იარაღს მიიღებს უკრაინა დასავლეთისგან, მით უფრო სწრაფად შეძლებს მისი ოკუპირებული მიწების გათავისუფლებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მან ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებებზე რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციები და ომის შემდგომი რეკონსტრუქცია განიხილა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო