გიორგი კანაშვილი - საკმაოდ სარისკო ზონაში შევდივართ - ქართველები საკუთარი ხელით ვასრულებთ რუსების მიზნებს, ჩვენი ხელით ვდევნით დასავლეთს, სამხრეთ კავკასიის ბოლო ფორპოსტიდან

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, როგორც დაგეგმილი იყო ევროკომისიამ 17 ივნისს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადზე თავისი დასკვნა და რეკომენდაციები საჯარო გახადა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს, მაგრამ ევროკომისიის რეკომენდაციები იძლევა საშუალებას ჩვენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე ვიმსჯელოთ.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინასა და მოლდოვას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავე დროს კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება საქართველოს, რეკომენდაციაში ნათქვამია - „საქართველოს იზიარებს პოტენციალს, რომელიც უკრაინას ადა მოლდოვას გააჩნია, მისი განაცხადი ძლიერია, თუმცა წარმატებისთვის ქვეყანამ უნდა განსაზღვროს სტრუქტურების რეფორმების დღის წესრიგი“. რეკომენდაციაში ჩვენზე ასევე ნათქვამია - „ვიძლევით რეკომენდაციას, ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, წევრობის საკითხს კი პირობების შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით“.

მოკლედ - უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ევროკომისია საქართველოს საკითხის განხილვას მას შემდეგ დაუბრუნდება, როცა იმ პირობებს შეასრულებს, რაც გვითხრეს, ანუ განსაზღვრავს სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგს.

ფაქტია, რომ საქართველო, უკრაინა საქართველო მოლდოვას ასოცირების “ტრიოს“ ამ ეტაპზე ჩამორჩა და როდის დაუბრუნდება ევროკომისია ჩვენთვის კანდიდატის საკითხის განხილვას აშკარად არ ჩანს.

თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამ ეტაპზე გადავადდა საქართველოს ევროპული პერსპექტივა?

- ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო შეუძლებელი, მოახერხა და ყველა მეგობართან გაიფუჭა ურთიერთობა და საბოლოო ჯამში ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ყველანაირი გადაჭარბების გარეშე - ამას მოხერხება უნდოდა. ფაქტობრივად, საქართველოს და მოლდოვას, ამ კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთში, „უფასოდ“ დაეცა თავზე კანდიდატობის პერსპექტივა. ფასს ახლა იღებს უკრაინა, პრინციპში არა მხოლოდ ახლა, არამედ 2014 წლიდან. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევა, ყირიმის ანექსია და დონბასში კონფლიქტის წამოწყება, ზუსტად ევროკავშირთან ასოცირების პროცესის პარალელურად განვითარდა.

ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო შეუძლებელი, მოახერხა და ყველა მეგობართან გაიფუჭა ურთიერთობა და საბოლოო ჯამში ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ყველანაირი გადაჭარბების გარეშე - ამას მოხერხება უნდოდა

მოლდოვამ, მომენტით ისარგებლა, ხოლო საქართველომ არა. მეტიც, ხელისუფლებამ, ჩემთვის და ბევრი სხვა დამკვირვებლისთვის სრულიად გაუგებარ მიზეზთა გამო, ამ ისტორიულ მომენტში, სულ მცირე სამი მიმართულებით გახსნა ფრონტი: „ეომა“ დასავლელ მეგობრებს, „ეომა“ უკრაინელებს, „ეომა“ ოპოზიციას და საკუთარ პრეზიდენტსაც კი. ანუ ყველას, ნამდვილი მტრის გამოკლებით. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი უპასუხისმგებლო საქციელით, ფაქტობრივად ხაზი გადაუსვა ყველა იმ გაღებულ მსხვერპლსა და საფასურს, რომელიც ჩვენ დასავლეთისკენ მსვლელობის პარალელურად გავიღეთ.

ხელისუფლებამ, სრულიად გაუგებარ მიზეზთა გამო, ამ ისტორიულ მომენტში, სულ მცირე სამი მიმართულებით გახსნა ფრონტი: „ეომა“ დასავლელ მეგობრებს, „ეომა“ უკრაინელებს, „ეომა“ ოპოზიციას და საკუთარ პრეზიდენტსაც კი. ანუ ყველას, ნამდვილი მტრის გამოკლებით

სრულიად გაუგებარი ხდება, რისთვის ვიომეთ 2008 წელს? ან იმავე 90-იან წლებში? ან რას ვაკეთებდით ავღანეთში, რისთვის იხოცებოდნენ ჩვენი ბიჭები იქ? სულელისთვისაც ცხადია, რომ ჩვენ იქ ვიყავით, იმისათვის, რომ გადამწყვეტ მომენტში, ამ ყველაფერს ერთობლივად გავლენა ექონია დასავლეთის ქმედებებზე ჩვენთან მიმართებაში. „ქართულმა ოცნებამ,“ შეძლო და ეს წვალებით, წლებით ნაგროვი კაპიტალი, ყოვლად უაზროდ გაფლანგა. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს დასავლეთის კარის საქართველოსთვის გადარაზვას. გახსოვთ, შარლ მიშელის პირველი წარმატებული ვიზიტის შემდეგ, რამდენი გვაქეს ევროპელებმა და ამერიკელებმა. რეალურად, იმისათვის რომ პროცესი ხელახლა დაიძრას, არაფერს განსაკუთრებულს არ გვთხოვენ. მონდომება, ელემენტარული ზრდილობა პარტნიორებთან მიმართებაში და წესიერება - მეტი არაფერია ჩვენგან საჭირო.

ამასთანავე, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს დასავლეთის კარის საქართველოსთვის გადარაზვას... რეალურად, იმისათვის რომ პროცესი ხელახლა დაიძრას, არაფერს განსაკუთრებულს არ გვთხოვენ. მონდომება, ელემენტარული ზრდილობა პარტნიორებთან მიმართებაში და წესიერება - მეტი არაფერია ჩვენგან საჭირო

- იყო მოლოდინი, რომ ევროკომისია სტრატეგიულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ვერც იმას ვიტყვით, რომ ევროპა კრემლს მოერიდა, რადგან ბრიუსელმა უკრაინას და მოლდოვას მწვანე შუქი აუნთო ევროკავშირისკენ სამოძრაოდ. მეტიც, ერთ დროს რუსეთთან ლოიალური დამოკიდებულების საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის პირველი პირები კიევში არა მარტო ჩავიდნენ, არამედ ღიად დააფიქსირეს უკრაინისა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერა, არამედ ღიად დააფიქსირეს მოსაზრება, რომ უკრაინასთან ომში რუსეთი უნდა დამარცხდეს.

როცა ასეთი პროცესები ხდება საერთაშორისო პოლიტიკაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიის გამო, არა მარტო სამწუხარო, არამედ გაუგებარი საქართველოს ის წარუმატებლობა, რაც ევროკომისიის დასკვნამ გვიჩვენა.

გითხრათ სიმართლე, ჩვენთვის ასეთი არასასურველი შედეგით რომ დასრულდებოდა ეს პროცესი, ცხადადაც კი ჩანდა. მეტიც, ხელისუფლებამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბოლო თვეებში თავისი ქცევით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიეღო. თქვენ როგორ შეაფასებდით სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ქცევასა და მოქმედებას?

- არ გამოვირჩევი, სიხისტით, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, შეიძლება შეფასდეს, როგორც - სრული ჩავარდნა.

სინამდვილეში ამ მიმართულებით დიდი ხანია მივდიოდით და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დეგრადაცია, გუშინ და გუშინ წინ არ დაწყებულა. ჩემთვის, წყალგამყოფი იყო 2016 წელი, როდესაც „ქართული ოცნება“ „განთავისუფლდა“ კოალიციური პარტნიორებისგან და გაიაზრა, რომ პოლარიზაცია იყო ის გზა, რომელიც მის მმართველობაში დარჩენას ყველაზე მარტივად უზრუნველყოფდა. მას შემდეგ, მან „სპარინგ“ პარტნიორად „ნაცმოძრაობა“ აირჩია და როგორც ხშირად მითქვამს, ეს ორი პარტია ერთი და იგივე კინოს გვაყურებინებს, აგერ უკვე 6 წელია. თუმცა, მიუხედავად ყველაფერი ზემოთ თქმულისა, უკრაინის ომისა და კანდიდატობის პერსპექტივის გახსნის კვალდაკვალ, „ქართულ ოცნებას“ შეეძლო გადაელაგებინა საკუთარი პოლიტიკა.

მაგალითად, ხელისუფლებას შეეძლო მიჰბრუნებოდა იმავე შარლ მიშელის დოკუმენტს, ესაუბრათ ოპოზიციასთან, არ დაეჭირათ გვარამია, არ ელანძღათ დღე გამოშვებით დასავლელი დიპლომატები და დამერწმუნეთ, დღეს ჩვენც კანდიდატი ქვეყანა ვიქნებოდით. სამწუხაროდ, მათ ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთეს.

ხელისუფლებას შეეძლო მიჰბრუნებოდა იმავე შარლ მიშელის დოკუმენტს, ესაუბრათ ოპოზიციასთან, არ დაეჭირათ გვარამია, არ ელანძღათ დღე გამოშვებით დასავლელი დიპლომატები და დამერწმუნეთ, დღეს ჩვენც კანდიდატი ქვეყანა ვიქნებოდით. სამწუხაროდ, მათ ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთეს

- ევროკომისიის რეკომენდაციების გაჟღერების შემდეგ მმართველი გუნდის ლიდერმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ევროკომისიის რეკომენდაციით ქვეყანას აქვს ევროპული პერსპექტივა.

მისივე თქმით, უკრაინამ იმის გამო მიიღო სტატუსი, რომ ეს ქვეყანა ომშია დაზარალებული, მოლდოვა კი კონფლიქტის ზონასთან ახლოსაა, ხოლო საქართველოს „ხელი გეოგრაფიამ“ შეუშალა.

თუ მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს გავიხსენებთ იმაზე, რომ თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს გარკვეული პირობებით მივიღებდით, ხელისუფლება იმ პირობების შესრულებას არ აპირებდა. მეტიც, იმ წინადადებებს“ შეურაცხყოფადაც“ კი აფასებდნენ.

როგორ შეაფასებდით ევროკომისიის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლების შეფასებებს? საგარეო ასპარეზზე ქვეყნის წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობას მმართველი გუნდი გრძნობს?

- ბოლო დღეებს თუ არ ჩავთვლით, მე მეჩვენებოდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ მაინც ელოდნენ დათქმებით კანდიდატის სტატუსის მიღებას. შესაბამისად, ცივი შხაპის გადავლება, ვგონებ დიდად არ ეამათ. რეალურად, თუ რაიმეს ცვლილებას აპირებენ, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ილუზიები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იღებს სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებას, ამ ქვეყანაში არავის აღარ გააჩნია. აქამდე, ასეთ მნიშვნელოვან მომენტებში, ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფორმით გამოჩნდებოდა ხოლმე.

ევროკომისიის გადაწყვეტილებით და ტექსტში გამოტანილი რეკომენდაციებით, პირველად „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ცალსახად ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ევროინტეგრაციის პროცესში პრობლემად იქცა.

ევროკომისიის გადაწყვეტილებით და ტექსტში გამოტანილი რეკომენდაციებით, პირველად „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ცალსახად ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ევროინტეგრაციის პროცესში პრობლემად იქცა

შესაბამისად ბიძინა ივანიშვილი დგას არჩევანის წინაშე, ან იგი მართლაც განერიდება ქვეყნის მართვას, ან ქვეყანა უინტერესო გახდება დასავლეთისთვის. ამ ფონზე, მის მიმართ პირადი სანქციების დაწესების შესაძლებლობას, სრულად ვეღარ გამოვრიცხავთ.

შესაძლოა იდეალური ფორმულა იყოს შეთანხმება - ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივ ჩამოშორებაზე ქართული პოლიტიკიდან. ჰიპოთეზურად, ამ ფორმულის ფარგლებში, შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებაც. თუმცა, მოვლენათა ამგვარი განვითარების პერსპექტივა, არცთუ მაღალია.

- ევროკომისიის დასკვნის შემდეგ იყო მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის დაპირების შესრულებას დაიწყებდა.

მხედველობაში მაქვს პრემიერის განცხადება იმის შესახებ, რომ თუ სტატუსს არ მოგვცემდნენ, იგი „ფარდას ახსნიდა“ ბევრ რამეს. კობახიძეს ჯერ არ უთქვამს, რომ თურმე დასავლეთი „ომის დაწყებას“ გვაიძულებდა და ასე შემდეგ.

რადგან კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოვისმენთ პრემიერისგან საქართველოსთან მიმართებაში დასავლელი პარტნიორების ქმედებებისთვის „ფარდის ახსნას“?

- გაუგებარია რას გულისხმობდა პრემიერი „ფარდის ახსნაში.“ ფაქტია, რომ ჯერჯერობით მას არაფერი უთქვამს და როგორც ჩანს სათქმელიც არაფერი აქვს.

რაც შეეხება მეორე ფრონტის გახსნი შესახებ მოთხოვნას, დასავლეთის მხრიდან. გულწრფელად გეუბნებით, ქვეყნის გარეთ ამას არავინ განიხილავს სერიოზულად. ყველა ხვდება, რომ ამ კონცეპტს შიდა პოლიტიკური მოხმარება აქვს.

ან რა კავშირი აქვს მეორე ფრონტსა და კანდიდატობას ერთმანეთთან?! იგივე ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ მოლდოვისთვისაც უნდა მოეთხოვათ მეორე (თუ მესამე) ფრონტის გახსნა და პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, არც მისთვის უნდა მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი.

მოკლედ, საქმე გვაქვს უსაფუძვლო მსჯელობასთან, რომელიც მიზნად ისახავს, ტრავმირებული ქართული საზოგადოების ემოციებით მანიპულაციას. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ამგვარ იაფფასიან და მავნებლურ ხრიკებს მიმართავს.

საქმე გვაქვს უსაფუძვლო მსჯელობასთან, რომელიც მიზნად ისახავს, ტრავმირებული ქართული საზოგადოების ემოციებით მანიპულაციას. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ამგვარ იაფფასიან და მავნებლურ ხრიკებს მიმართავს

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ არ დამრჩენია შთაბეჭდილება რომ მმართველი გუნდი შეწუხებულია იმით, რომ ამ ეტაპზე ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო.

რადგან ევროკომისიის დასკვნაში საქართველოსთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ქვეყანამ უნდა განსაზღვროს სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი, დიდი ალბათობით ჩვენი ევროპელი პარტნიორები ჩვენგან სწორედ სტრუქტურული რეფორმების განსაზღვრას მოითხოვენ.

მმართველი გუნდი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ რეფორმების გატარებაში უკრაინას და მოლდოვას უსწრებდა, სასამართლო რეფორმაც კარგად ჩაატარა, თქვენი აზრით გაითვალისწინებს ევროკომისიის რეკომენდაციებს სტრუქტურული რეფორმების განსაზღვრასთან დაკავშირებით?

- არა მგონია, რომ წმინდად ფორმალისტურად თუ მივუდგებით საკითხს, საქართველოსა და მოლდოვა-უკრაინის მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. ევროპელების პრეტენზია, ჩემი აზრით, მაინც უფრო ფორმებთანაა დაკავშირებული. ანუ, ქართულ ოცნება, რომ არ ყოფილიყო ესოდენ გამომწვევი და აგრესიული თავის რიტორიკაში და ქმედებებში, ვეჭვობ ევროპელები ბევრად ლმობიერნი იქნებოდნენ და ბევრ რამეში, ფორმულით - „არ გეკუთვნით, მაგრამ არა უშავს“, იხელმძღვანელებდნენ.

უახლოეს მომავალში გამოჩნდება, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა

ახლაც, თუ გაჩნდა განცდა, რომ „ქართული ოცნება“ მართლაც რაღაცის ცვლილებას აპირებს, დასავლეთი ბევრ რამეს მოგვიტევებს, იმავე რეფორმებთან დაკავშირებით. თუმცა, ახლა მათ დასარწმუნებლად, ბევრად მეტის გაკეთება დაგვჭირდება. სულ მცირე, იმ გამაღიზიანებლების უკანა პლანზე გადაწევა, ვინც აქამდე გამოირჩეოდა დასავლელთა ღია ძაგებითა და ნოტაციების კითხვით.

ჯერჯერობით ნაადრევია დასკვნის გაკეთება, ვფიქრობ უახლოეს მომავალში გამოჩნდება, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა.

- მართალია, რომ საგარეო ასპარეზზე მარცხზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად არ აღიარებს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა, წარმოუდგენელია მომხდარი არ აისახოს ჩვენს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე. სავარაუდოდ, როგორ აისახება ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის არმიღება საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე?

- იგრძნობა სალომე ზურაბიშვილის გრავიტაცია ოპოზიციისკენ, კერძოდ ყველასკენ, „ნაცმოძრაობის“ გამოკლებით. მეჩვენება, რომ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგში, შემთხვევითი წამოცდენა არ იყო იპოდრომის მოხსენიება.

სალომე ზურაბიშვილის მაშინდელი გაოპოზიციონერება დიდი წარმატებით არ დასრულებულა, თუმცა ახლა იგი სხვა მდგომარეობაშია, იგი პრეზიდენტია, მას წინ კიდევ ორი წელი აქვს, ეს ყველაფერი მას გარკვეულ წონას სძენს.

ასევე მეჩვენება, რომ ოპოზიციონერ პრეზიდენტთან, ცალკეული პოლიტიკური ძალები კომფორტულად იგრძნობენ თავს. ამიტომ, ისევ ჩნდება ე.წ. მესამე ძალის პერსპექტივა. აქამდე, ეს მცდელობები არ იყო წარმატებული. ვნახოთ, ახლა ისევ იქმნება საამისო მომენტუმი. სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგში, არა ღიად, თუმცა გასაგებად ტარდებოდა მოსაზრება, რომ „მეფე კარგია, ხოლო მისი ერისთავნი უვარგისნი“. საკითხის ასე დაყენება მეჩვენება, რომ მცდარია. ისტორიულად საქართველოში, მართლაც ერისთავნი ხშირად უჯანყდებოდნენ მეფეს. თუმცა, ამ შემთხვევაში ერისთავნი ზუსტად ისეთნი არიან, როგორიც მეფეს სურს.

ისტორიულად საქართველოში, მართლაც ერისთავნი ხშირად უჯანყდებოდნენ მეფეს. თუმცა, ამ შემთხვევაში ერისთავნი ზუსტად ისეთნი არიან, როგორიც მეფეს სურს

- ძნელი სავარაუდო არაა, რომ ოპოზიცია გააქტიურდება. მაგრამ, ისეთი პირი უჩანს, რომ ქუჩაში ასევე აქტიურდებიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც პრაქტიკულად ერთი-ერთში იმეორებენ კრემლის პროპაგანდისტულ ისეთ ნარატივებს, როგორიცაა ევროპა და ნატო საქართველოს არ სჭირდება, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინა ომი ვერ ააცილა, რომ დასავლეთი რუსეთთან ბრძოლაში დამარცხდება და ასე შემდეგ.

17 ივნისამდე იმ ხალხმა ვინც საქართველოს ომში ჩართვას აპროტესტებდა, ბევრჯერ გაიჟღერა საჯარო სივრცეში, რომ მზად არიან ქვეყანაში გააჩაღონ სამოქალაქო ომი. თუ საჭირო გახდა დაიცავენ ივანიშვილს, რომელსაც დასავლეთი სანქციებით ემუქრება. ევროკომისიის დასკვნაში ოლიგარქ ივანიშვილზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ არაა გამორიცხული, ივანიშვილის დაცვის ლოზუნგები კიდევ გააქტიუროს ვინმემ. რა გავლენას იქონიებს კანდიდატის სტატუსის არმიღება საქართველოს მიმართ მოსკოვის პოლიტიკაზე და იმ ძალებზე, რომლებიც ჩვენს შიდა პოლიტიკაში აშკარად კრემლის პროპაგანდის სამსახურში ხან ირიბად, ხანაც ღიად არიან ჩართული?

- შექმნილი ვითარება იდეალურია კრემლისთვის, შეიძლება ითქვას საოცნებო. საზოგადოება არის უაღრესად დაქსაქსული, დაპირისპირებული, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ სარგებლობს მაღალი ნდობით. ფაქტობრივად, რუსეთს აქვს სრული კარტბლანში მოქმედებისთვის.

თუმცა, ახლა ის უკრაინაშია დაკავებული და არა მგონია, დიდად ჩვენთვის ეცალოს. ქართველები საკუთარი ხელით ვასრულებთ რუსების მიზნებს, ჩვენი ხელით ვდევნით დასავლეთს, სამხრეთ კავკასიის ბოლო ფორპოსტიდან. რა თქმა უნდა, საქართველოზე კანდიდატის სტატუსის არ მონიჭება გაზრდის ევროსკეპტიციზმს. პრო-რუსულ ძალებს გაუჩნდებათ დამატებითი არგუმენტი, იტყვიან რომ დასავლეთმა ჩვენი ძალისხმევა ვერ დაინახა და რომ ის უმადურია. თუმცა, თუ დიდ სურათს შევხედავთ, მაინც ბევრი რამ გადაწყდება უკრაინაში. სამწუხაროდ, რანაირადაც არ უნდა დასრულდეს მოვლენები უკრაინაში, ყველასთან ნაჩხუბარი და უმეგობრო საქართველო, ბევრად უფრო მოწყვლადი იქნება რუსეთის შესაძლო აგრესიის პირისპირ. ამიტომ, ჩემი აზრით, საკმაოდ სარისკო ზონაში შევდივართ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა