„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ფედერაციის” ვიცე-პრეზიდენტი ნათია ლოლაძე - ვიცე-პრეზიდენტობა უდიდესი პასუხისმგებლობაა - ეს ხელს შეუწყობს მსოფლიო ჰუმანიტარული საქმიანობის სფეროში საქართველოს როლის და იმიჯის გაძლიერებას

„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის” ვიცე-პრეზიდენტად ისტორიაში პირველად, "საქართველოს წითელი ჯვრის" პრეზიდენტი ნათია ლოლაძე აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი ჟენევაში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე, კენჭისყრაში მონაწილე 192 ქვეყნის წარმომადგენელმა დაუჭირა. ნათია ლოლაძე ევროპის რეგიონში გაერთიანებული 53 ქვეყნის ეროვნულ საზოგადოებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. მანამდე ის „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა“ საერთაშორისო ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრად იყო არჩეული.

ნათია ლოლაძე განვლილ გზაზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრობს.

- უპირველესად, გაგვაცანით, რა გზა გაიარეთ „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტის პოზიციამდე?

- „წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაში“ ძალიან დიდი ხანია ვარ. დავიწყე, როგორც მოხალისემ. არა მხოლოდ „საქართველოს წითელი ჯვრის“ მოხალისე ვიყავი, არამედ, როდესაც ბრიტანეთში ვსწავლობდი, „ბრიტანეთის წითელი ჯვრისთვისაც“ კი გავაკეთე საქველმოქმედო ღონისძიება. მოხალისე 2008 წლის ომის დროსაც ვიყავი და ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული. ზოგადად, „წითელი ჯვრის“ საქმიანობა იმდენად მომწონდა, რომ გადავწყვიტე ამ ყველაფერში უფრო აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული და დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად უფრო მეტი გამეკეთებინა. თავიდან, როდესაც „წითელი ჯვრის საზოგადოებაში“ პრეზიდენტი გავხდი, ჩვენ სერიოზული მუშაობა გავწიეთ, რათა „წითელ ჯვარს“ სანიმუშო ეროვნული საზოგადოების ხარისხი მიეღო და გადავწყვიტეთ, რომ ფედერაციაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაგვედგა. ჩვენი მიღწევებიდან გამომდინარე, 2017 წელს მმართველ საბჭოში 4 წლის ვადით მოვხვდით და ახლა უკვე სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიცე-პრეზიდენტი ვარ.

- როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ თქვენს ვიცე-პრეზიდენტად არჩევის საკითხს 192 ქვეყნის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა?

- მმართველ საბჭოს სამუშაო ჯგუფი გვაქვს, რომლის ხელმძღვანელი მე ვიყავი და ჩემმა გუნდმა არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე იმუშავა, როგორიც არის ეროვნული საზოგადოების გალიერების პოლიტიკა, მმართველობითი სტრატეგია, ამიტომ მნიშვნელოვანია, თუ რამდენად დიდი წვლილი შევიტანეთ ჩვენ ეროვნული საზოგადოების გაძლიერებაში. წლების განმავლობაში, ქვეყნის შიგნით და ასევე, ქვეყნის გარეთ ბევრი წარმატებები გვქონდა. ეროვნული საზოგადოების დასახმარებლად და გასაძლიერებლად ვიმუშავეთ და ზუსტად ამან განაპირობა, რომ ჩვენი და ჩემი ხედვებიდან გამომდინარე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ეროვნული საზოგადოება, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, ასეთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მივიღეთ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რა სიკეთეს მოუტანთ „წითელ ჯვარს“ და რა იქნება ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც მუშაობას გააგრძელებთ?

- თუ ეროვნული საზოგადოებები ძლიერები არ იქნებიან, სხვადასხვა კრიზისის დროს დროული რეაგირება ვერ მოხდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში ისევ ეროვნული საზოგადოებების გაძლიერება დგას, რათა საერთაშორისო დონეზე მერე მათ უფრო სწრაფი და მყისიერი რეაგირება მოახდინონ. მე პრეზიდენტთან ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებ, რათა მხარდაჭერა გავზარდოთ. ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ მოთხოვნებს ვუპასუხოთ და რეაგირება გვქონდეს. ასევე, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოძრაობა ზოგადად დაფუძნებულია მოხალისეებზე, ამიტომ ჩვენი მოხალისეების გაძლიერება, ეროვნული საზოგადოებების გაძლიერება, გენდერული თანასწორობა და ახალგაზრდობის როლის წამოწევა მნიშვნელოვანია.

- „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ისტორიაში პირველად გახდა. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქვეყნის იმიჯისთვის?

- ეს არის უდიდესი პატივი და ასევე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა. ეს ხელს შეუწყობს, როგორც მსოფლიო ჰუმანიტარული საქმიანობის სფეროში ქვეყნის როლის გაძლიერებას, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, ქვეყნის იმიჯის გაძლიერებას. „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ქსელია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი გავხდით და მსოფლიოში ჰუმანიტარული საქმიანობების განვითარებაზე დადებით გავლენას მოვახდენთ.

- შევაფასოთ „საქართველოს წითელი ჯვრის“ საქმიანობაც. უკანასკნელი წლები საკმაოდ ბევრი და მძიმე გამოწვევებით სავსე იყო, ჯერ პანდემია, ახლა უკვე რუსეთ-უკრაინის ომი. რამდენად ეფექტურად მოქმედებდა და მოქმედებს „საქართველოს წითელი ჯვარი“ ამ გამოწვევებთან მიმართებით?

- თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ კოვიდის დროს „წითელი ჯვრის“ მოხალისეები პირველ ხაზე იყვნენ და რეაგირება 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. რომ არა ეს ხალხი, ჩვენ ამდენ ბენეფიციარს ვერ დავეხმარებოდით. კოვიდის დროს ჩვენგან დახმარება 200 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ასევე, ისეთ მიმართულებებზე ვიმუშავეთ, როგორიცაა პანდემიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რისკ-ჯგუფების დახმარება.

რაც შეეხება უკრაინის თემას - მინდა გითხრათ, რომ პირველად საქართველო დონორი ქვეყანა გახდა და უკრაინას უდიდესი მხარდაჭერა გაუწია. „საქართველოს წითელი ჯვარი“ ერთ-ერთი პირველი ეროვნული საზოგადოება იყო, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. 100 ტონაზე მეტი იყო და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომელმაც „საქართველოს წითელი ჯვრის“ მეშვეობით უკრაინაში დაზარალებულ ხალხს დაეხმარა და ასეთი დიდი როლი მივიღეთ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო