არმაზ ახვლედიანი - თქვენ, ბატონო პრემიერო, გაქვთ შანსი, შექმნათ გარანტიები სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის და თუ ამას ვერ შეძლებთ, მოგიწევთ ხელისუფლების დატოვება არჩევნების გარეშე

თქვენ, ბატონო პრემიერო, გაქვთ შანსი თქვენს თანაგუნდელებთან ერთად, რომ შექმნათ მყარი გარანტიები სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის და თუ ამას ვერ შეძლებთ, იცოდეთ, რომ თქვენ მოგიწევთ ხელისუფლების დატოვება არჩევნების გარეშე - იცოდეთ, რომ ამოიწურება თქვენი დრო პოლიტიკაში. ქართულ პოლიტიკაში „ოცნების“ დრო იწურება. ვადაგასული პოლიტიკის დრო საქართველოში უნდა დასრულდეს, რადგან ვადაგასული ყველაფერი არის სახიფათო, - ასე მიმართა უფრაქციო პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ყოველწლიური მოხსენება წარადგინა.

დეპუტატის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ ყველა დამნაშავეა მის გარდა, რასაც არაადეკვატურობა ჰქვია.

„ყველაზე უხერხული და სამწუხარო ის არის, რომ ნახევარი დღეა ჩვენ ვუსმენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ეს არის საუბარი წარსულზე. თანაც, წარსულზე, რომელიც არის მხოლოდ ნეგატიურ ფერებში, თითქოს ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობა არ დავიწყეთ 90-იანი წლების მეორე ნახევარში, თითქოს ამ გზაზე არ გვქონდა სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა მმართველობის დროს სხვადასხვა ხარისხის, მაგრამ, მაინც წარმატება. გამოდის, რომ ყველაფერი დაწყებულა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, ყველაფერი დაწყებულა სწორედ თქვენი მმართველობის ფარგლებში, მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მოგეხერხებინათ და როცა დადექით ტრიბუნასთან, ერთხელ მაინც გეხსენებინათ რამე თვითკრიტიკულად. ერთხელ მაინც იმის თაობაზე, რომ რაც არ გამოვიდა, იმაში რა არის თქვენი წილი, თქვენი ბრალეულობა. როგორც ჩანს, ამას ვერ გრძნობთ და მიგაჩნიათ, რომ ყველა დამნაშავეა თქვენს გარდა. თქვენ არ ხართ პირველი - მახსოვს, საქართველოს ხელისუფლებაში, სხვადასხვა დროს, პრემიერებიც, სხვა ხელმძღვანელებიც, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ყველა დამნაშავეა მის გარდა. თქვენც, ასევე, მიგაჩნიათ, რომ ყველა დამნაშავეა თქვენს გარდა. ამას ჰქვია არაადეკვატურობა. არაადეკვატურობა შეიძლება არ ეპატიოს მწყემსსაც კი, იმიტომ, რომ ფარას დაღუპავს, მაგრამ თუ ეს არა მწყემსი, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელია, მაშინ ეს ნამდვილად მიუტევებელი დანაშაულია. იმიტომ, რომ ამ დროს არაადეკვატურობა ნიშნავს საქართველოსთვის დაკარგულ პერსპექტივას. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ყველაფერი არის არაჩვეულებრივად და უნდა მივულოცოთ ქართველ ხალხს ევროპული პერსპექტივა. მე გეტყვით, რომ ჩვენი საზოგადოების ათიათასობით წარმომადგენელი რუსთაველის გამზირზე გუშინწინ შეიკრიბა იმიტომ, რომ თქვენი მმართველობის შედეგად, ამ პერსპექტივის დაკარგვის რეალური შანსი გაეპროტესტებინა. თუ თქვენ ახლა არ დაფიქრდებით იმაზე, რატომ შეიკრიბა ამდენი ადამიანი რუსთაველზე და რატომაა ამაზე გაცილებით მეტი, კიდევ უფრო უკმაყოფილო ჩვენს ქვეყანაში, იცოდეთ, რომ სამწუხაროდ, თქვენ და თქვენს გუნდს არ ელის კარგი მომავალი. ვინც ასე მონდომებით აქებდით გამოსვლის შემდეგ ბატონ პრემიერ-მინისტრს, ყველას მინდა, გითხრათ: მე კარგად მახსოვს ამ დარბაზში როგორი ქება-დიდება ყოფილა სხვადასხვა დროს პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის, მაგრამ ნაკლებად მახსენდება გადამდგარს ვინმე რომ მოიკითხავდეს. აი ხვალ, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, თუკი ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აღარ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, მაინტერესებს, რომელი თქვენგანი მოიკითხავს და გამოესარჩლება ირაკლი ღარიბაშვილს და დაიცავს მას? სამწუხაროდ, არ მგონია, ვინმე აღმოჩნდეს თქვენს შორის, ვინც დაიცავს პრემიერ-მინისტრს და ვინც არ მიიღებს უყოყმანოდ, უაპელაციოდ ნებისმიერ კანდიდატს, ვისაც თქვენ შემოგთავაზებთ ჩრდილოვანი მმართველი. კულტურის მინისტრი, რომელიც ახლა საუბრობს იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელ მოცემულობაში თუკი შავი ლაქა არსებობს, ეს არის კულტურაში, იმიტომ რომ ამ ქალბატონმა, ამ საბჭოთა კომისარმა დააქცია კულტურა. აი, ასეთი შავრაზმელობა არ ახსოვს თანამედროვე საქართველოს. ამ დროს თქვენ ვერ აცნობიერებთ იმას, რომ საქართველოში დაკარგული გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობა, ვკარგავთ დემოკრატიის ნარჩენებს, რაც დაგვრჩა და ახლა, მიადგებით სახალხო დამცველს და შეცვლით მას წლის ბოლოს და ასე მოექცევით ნებისმიერ ინსტიტუციას. თქვენ გაღიზიანებთ ოპოზიცია კონსტრუქციულიც და არაკონსტრუქციულიც. თქვენ, ბატონო პრემიერო, გაქვთ შანსი თქვენს თანაგუნდელებთან ერთად, რომ შექმნათ მყარი გარანტიები სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის და თუ ამას ვერ შეძლებთ, იცოდეთ, რომ თქვენ მოგიწევთ ხელისუფლების დატოვება არჩევნების გარეშე. არავის არ გისურვებთ ამ პერსპექტივას. თქვენ თუ სხვა არჩევანს ქართველ ხალხს არ დაუტოვებთ და თუ ფიქრობთ, რომ ძალაუფლება კვლავაც უნდა მიიტაცოთ, ეს თქვენ არ გამოგივათ. ის 100 ათასი ადამიანი არცერთი ფერი არ არის, მას აქვს მხოლოდ ეროვნული, ევროპული შეფერილობა და სწორედ ამ შეფერილობით, თუ თქვენ ამ ნაბიჯებს არ გადადგამთ კონკრეტულ ვადაში, გაიგებთ იმის თაობაზე, რომ თქვენი დრო ამოიწურა. იცოდეთ, რომ ამოიწურება თქვენი დრო პოლიტიკაში. ქართულ პოლიტიკაში „ოცნების“ დრო იწურება იმიტომ, რომ ვადაგასული პოლიტიკის დრო საქართველოში უნდა დასრულდეს, რადგან ვადაგასული ყველაფერი არის სახიფათო“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა