პრემიერი - ჩვენი ხელისუფლება მობილიზებულია იმისთვის, რომ დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც ევროკავშირის მიერ არის განსაზღვრული, რათა კანდიდატის სტატუსი, რაც შეიძლება დროულად მივიღოთ

ჩვენი ხელისუფლება არის მობილიზებული იმისთვის, რომ დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც ევროკავშირის მიერ არის განსაზღვრული, იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი, რაც შეიძლება დროულად მივიღოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს დამატებით მოტივაცია, რომ ყველა პირობა რაც შეიძლება მოკლე დროში შეასრულოს.

„ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების შეფასებები, მათი დაპირება, მათი განაცხადი, რომ როგორც კი ჩვენ მათ მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს შევასრულებთ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მაშინვე მიენიჭება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ რაც შეძლება მოკლე დროში შევასრულოთ ყველა ის პირობა, ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც ევროკავშირის მიერ იქნა განსაზღვრული. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება არის მობილიზებული იმისთვის, რომ დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროკავშირის მიერ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი,“ - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება კიდევ ერთხელ მოილოცა.

„მინდა უკრაინას და მოლდოვას კიდევ ერთხელ მივულოცო. მათ ევროპული პერსპექტივაც და სტატუსიც მიიღეს, მე ვიტყოდი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი. მათ ამ აღიარებას ვულოცავ, მინდა უკრაინას და მოლდოვას წარმატება, მათ ხალხს კეთილდღეობა, მშვიდობა ვუსურვო. უკრაინა არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც ასევე, ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ მათი წახალისების ნამდვილად არ გვშურს, მინდა პირიქით კიდევ ერთხელ მივულოცო და წარმატება ვუსურვო.

ჩვენი ამოცანა ახლა უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად მშვიდად და სტაბილურად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა, განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და ყველა დასახული მიზნის მაქსიმალურად მოკლე დროში მიღწევა. ჩვენი ხელისუფლება და მმართველი გუნდი ამისთვის მზად არის,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა