ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს

ინტერვიუ CDD-ს აღმასრულებელ დირექტორთან ევროინტეგრაციის საკითხებში, ექსპერტ ქეთევან ჩაჩავასთან.

- როგორ შეაფასებდით ევროკავშირის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის ხოლო უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ?

- ევროპული პერსპექტივა არის პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც წლის ბოლოსთვის უნდა დაგვირგვინდეს კანდიდატის სტატუსით. ვფიქრობ, მეტის გაკეთება ნამდვილად იყო შესაძლებელი და ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო, რომ ასოცირებული ტრიოდან (უკრაინა-მოლდოვა არ მომხდარიყო ჩვენი გამოყოფა. გასაგებია, რომ ევროპული პერსპექტივა არის წინ გადადგმული ნაბიჯი და „სხვა დროს“ და „სხვა ვითარებაში“ შეიძლება გვეზეიმა კიდეც, მაგრამ დღეს, სწორედ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით არის დიდი იმედგაცრუება, ჩვენ დღეს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა აღვნიშნავდეთ! რაც ცალსახად ამ ხელისუფლების მარცხია.

რა თქმა უნდა, მინდა გულითადად მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებს ეს უმნიშვნელოვანესი და დამსახურებული შედეგი. მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენც აუცილებლად გამოვიყენებთ ამ შანსს და მომდევნო 6 თვეში საქართველო შეძლებს კონსოლიდაციას, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, პროგრესის ჩვენებას და ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას კანდიდატობის სტატუსის მისაღებად. მნიშვნელოვან პროგრესს სჭირდება „კომფორტის ზონიდან“ გამოსვლა და ქმედითი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა. ახლა არ არის დასაკარგი დრო, ხელისუფლებამ მკაფიოდ მიიღო საზოგადოების დაკვეთა 20 ივნისს, სადაც ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა ევროპული არჩევანის დასაცავად. შესაბამისად, არცერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლება. საეჭვოა რამდენად არის დღეს „ქართულ ოცნებაში“ რესურსი და ნება, რომ რეალურად მოახდინოს საჭირო რეფორმების განხორციელება დათქმულ ვადებში. აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი, რათა საქართველომ წლის ბოლომდე გამოიყენოს „მეორე შანსი“ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად.

- თქვენი აზრით და ხედვით, რა უნდა გაკეთდეს მომდევნო 6 თვის მანძილზე შედეგის მისაღწევად?

- დღეს, მთავარი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აკისრია, რომ მოხდეს ჩვენთვის მოცემული ყველა პირობის პირნათლად და მკაფიოდ შესრულება წლის ბოლომდე. საზოგადოებამ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რათა გაკეთდეს ყველაფერი საქართველოსთვის მოცემული „მეორე შანსის“ გამოსაყენებლად.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დაიდოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ამ ისტორიული და უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობის გამოსაყენებლად - ვიტყოდი ჩვენი ქვეყნისათვის სტრატეგიული ინტერესის მისაღწევად და ჩვენი შვილების ნათელი და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ამ მომავლის, წართმევის უფლება კი არავის აქვს და ვერავის მივცემთ ამის უფლებას.

იმისთვის, რომ შესრულდეს ხელისუფლების მხრიდან დღეს გაჟღერებული მზაობა პოლარიზაციის დასაძლევად, ამისთვის მნიშვნელოვანია, დაიდოს კონკრეტული, ხელშესახები გეგმა, რომელიც იქნება რეალური, დროში გაწერილი, შედეგზე ორიენტირებული და სადაც უზრუნველყოფილი იქნება მხარეთა ჩართულობა, რომელიც შესასრულებელი პირობების აუცილებელი ნაწილია.

- თქვენ ახსენეთ სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა, ეს საკითხი ასევე ერთ-ერთია 12 პუნქტიანი შესასრულებელი პირობების სიაში, როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი და რა როლი აქვს სამოქალაქო სექტორს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში?

- ევროინტეგრაცია არ არის სპრინტი, ეს არის მარათონი და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა და შეაქვს სამოქალაქო სექტორს. ბოლო პერიოდში ირაკლი კობახიძის მხრიდან გაჟღერებული წარმოუდგენელი და მიუღებელი მესიჯები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიმართ, მათგან მტრის ხატის შექმნა - ძალიან დამაზიანებელია. სამოქალაქო სექტორის “დადანაშაულება“ და ცილისმწამებლური კამპანია არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა და ძალიან არასერიოზული ქმედება. პარლამენტის ტრიბუნის გამოყენება ისეთი სანდო, პროფესიონალების წინააღმდეგ, როგორიც ვანო ჩხიკვაძეა, რომელსაც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ დიდ პატივს სცემენ მისი პროფესიული, მიუკერძოებელი პოზიციების გამო - სრულიად მიუღებელი და დასაგმობია. ასევე, ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციების როგორიცაა „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მათზე შეტევები და ასევე დისკრედიტაციის მცდელობები უბრალოდ სამარცხვინოა.

ევროინტეგრაციის გზაზე, კონსოლიდაცია, პოლარიზაციის დაძლევა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა, მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტებია. როგორც აღვნიშნეთ, მათ შორის ერთ-ერთი მუხლი სწორედ კონკრეტულად სამოქალაქო სექტორის ჩართულობაზეა, ვინაიდან დემოკრატიული და კარგი მმართველობის პირობებში ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი. დროა, ხელისუფლება გონს მოეგოს, დადოს ქმედითი, შედეგზე ორიენტირებული გეგმა და შეეშვას არაკონსტრუქციულ კომენტარებსა და ქმედებებს.

- თქვენ საჯაროდ დააფიქსირეთ, რომ უერთდებოდით 20 ივნისის აქციას, რა მიზნით გადაწყვიტეთ აქციაზე გამოსვლა?

- ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მკაფიო და მტკიცე გადაწყვეტილებაა ევროპული არჩევანი. ეს არის ის გზა, რომელიც აირჩიეს ჩვენმა წინაპრებმა და რომელიც გამყარებულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით. ამიტომ, ჩემთვის, ისევე როგორც ათიათასობით ადამიანისთვის იყო და არის უმნიშვნელოვანესი დავანახოთ როგორც ხელისუფლებას, ასევე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ქართველი ხალხის არჩევანი და მკაფიო მესიჯი - ჩვენ ვირჩევთ ევროპას! ქართველი ხალხის დაკვეთა არის ევროკავშირის წევრობა! ჩვენი არჩევანი არის ევროკავშირი და ნურავინ გადაგვეღობება ამ გზაზე. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომლისთვის ევროპული მომავალი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ჩემი შვილების მომავლისთვის, დავდგები ყველგან, სადაც ამ არჩევანს დავიცავ - 16 ივნისს, 20 ივნისს, 24 ივნისს თუ როდესაც და სადაც იქნება საჭირო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო