უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა რუსეთის მიერ კიევის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას უნდა უპასუხონ და უფრო აგრესიული სანქციები უნდა დაუწესონ.
„„დიდი შვიდეულის“ სამიტმა კიევის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმებს უნდა უპასუხოს. სანქციები უფრო აგრესიული უნდა იყოს. ოქროს იმპორტზე ემბარგო კარგია, მაგრამ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში გაზის ემბარგოა საჭირო“, - წერს ერმაკი „ტვიტერზე“.
მისივე თქმით, უკრაინას მტრის დასამარცხებლად მძიმე იარაღი სჭირდება.
„რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება აბსოლუტურად აუცილებელია. უკრაინისთვის მძიმე იარაღი არის საშუალება, რომ დაამარცხოს მტერი, რომელსაც მხოლოდ ძალის ენა ესმის“, - აცხადებს ერმაკი.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, კიევზე, დღეს დილით რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი.