ჯუნიჩირო ტანიძაკის რომანის „ნაზი თოვა“ (სასამეიუკი) პრეზენტაცია გაიმართება

2022 წელს იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება - ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, იაპონიის საელჩო მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 30 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, ა.წ. თებერვლის ბოლოს იაპონური ფონდის მხარდაჭერით გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ გამოცემული იაპონური ლიტერატურის კლასიკოსის, ჯუნიჩირო ტანიძაკის რომანის „ნაზი თოვა“ (სასამეიუკი) პრეზენტაცია გაიმართება.

„რომანი ოსაკის ძველი გვარის, მაკიოკას შთამომავლების ოთხ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დის ცხოვრებაზე, მათ განცდებზე, ფიქრებსა და შიშებზე მოგვითხრობს. ნაწარმოებში მოქმედება ტანიძაკის საყვარელ კანსაის მხარეში - კიოტოში, აშიასა და კობეში ხდება. ძალიან საინტერესოა, რომ საჩიკო მაკიოკას პროტოტიპია ავტორის მესამე ცოლი მაცუკო მორიტა, საჩიკოს დების მხატვრული სახეები კი მაცუკოს დებით არის შთაგონებული.

აღსანიშნავია, რომ რომანი ომის პერიოდში იწერებოდა. პირველი თავები 1943 წელს პერიოდულ ჟურნალში „ჩუო კორონ“ დაიბეჭდა, თუმცა მას მალევე სამხედრო ცენზურა შეეხო და ჟურნალს მისი დაბეჭდვა აუკრძალეს. ტანიძაკიმ 1944 წელს პირველი წიგნის 248 ცალი ასლი კერძოდ დააბეჭდინა, თუმცა ფინანსურად ისევ „ჩუო კორონი“ დაეხმარა. სამხედრო ცენზურას მაინც ვერ ასცდა და ამიტომ წიგნის ბეჭდვა შეწყვიტა. პირველი წიგნი ხელახლა 1946 წელს, მეორე 1947-ში და მესამე 1948 წელს გამოიცა.

ომის დამთავრების შემდეგ, ტანიძაკის ამ ნაწარმოებმა ხალხის დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. ის მაშინვე აღიარეს, როგორც მეიჯის რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოები. მოგვიანებით მას არაერთი ლიტერატურული პრიზი მიენიჭა, 14 ენაზე ითარგმნა, რომანის მიხედვით რამდენიმე მხატვრული ფილმი გადაიღეს.

წიგნი იაპონურიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური ენის ლექტორმა, ქალბატონმა თათია მემარნიშვილმა თარგმნა.

წიგნის პრეზენტაციას იაპონიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იმამურა აკირა, მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური, გამომცემლობა „დიოგენეს“ დირექტორი, თამარ ლებანიძე, ცნობილი ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრება.

30-ე საიუბილეო წლის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები იხილეთ ბმულზე: https://www.ge.emb-japan.go.jp/itpr_ka/11_000001_00256.html,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი