სამოქალაქო საზოგადოება არ გამორიცხავს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის ხელმეორედ დანიშვნის საკითხი გადაწყვიტოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო საზოგადოება ავრცელებს, რითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ არასამთავრობოებმა აცნობეს, ბოლო პერიოდში საბჭოს მხრიდან გახშირდა ჩანიშნული სხდომების გაურკვეველი მიზეზებით გადადების შემთხვევები. პრობლემურია სხდომების დღის წესრიგის ზოგადი სახით ფორმულირება და მათი კანონით დადგენილ ვადაში გამოუქვეყნებლობაც. მსგავსი პრაქტიკა მნიშვნელოვნად ართულებს დამკვირვებელი ორგანიზაციების მუშაობას და ნეგატიურად აისახება საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხზე.
„2022 წლის განმავლობაში, დღეის მდგომარეობით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სულ 12 სხდომა გამართა. ამასთან, 2 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჩანიშნული სხდომებიდან გაიმართა მხოლოდ 2, 9 კი - გადაიდო, რაც სხდომების გამართვის პრაქტიკას ერთგვარ გამონაკლისად აქცევს. სხდომების გადადების შესახებ ინფორმაცია საბჭოს ვებ-გვერდზე არ ქვეყნდება, ავტომატურად ხდება არჩატარებული სხდომის წაშლა საიტიდან. სადამკვირვებლო ორგანიზაციები საბჭოს აპარატთან კომუნიკაციით ცდილობენ საბჭოს სხდომის გადადების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, თუმცა როგორც ჩანს, მათაც ხშირად, ბოლო წუთამდე არ აქვთ ინფორმაცია. სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონიტორებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ სხდომის ჩატარების იმედად.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის მხრივ, დამატებით პრობლემას ქმნის საჯაროდ გამოქვეყნებული სხდომის დღის წესრიგის არასრულყოფილი და ზოგადი ხასიათი. ფაქტობრივად შეუძლებელია, დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა თუ ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა წინასწარ განსაზღვროს სხდომაზე განსახილველი საკითხები და მათი შინაარსი. ყოველივე ეს კი ეჭვს აჩენს, რომ საბჭოს საქმიანობის მსგავსი გაუმჭვირვალე და არაპროგნოზირებადი პრაქტიკა მიზნად ისახავს, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხები ყურადღების მიღმა დარჩეს.
ამასთან, საყურადღებოა, რომ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა 29 მაისს ამოეწურა. 22 ივნისის დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად განსაზღვრული იყო „ზოგიერთი რაიონული(საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა/უფლებამოსილების დაკისრება“, თუმცა სხდომა გაურკვეველი მიზეზით გადაიდო, რაც აჩენს განცდას, რომ ივნისში სხდომების რეგულარულად გადადება სწორედ მიხეილ ჩინჩალაძის თავმჯდომარის თანამდებობაზე განმეორებით დანიშვნისათვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად იყო გამიზნული.
აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით რიგით მე-3 საკითხად არის განსაზღვრული. თუმცა, ბუნდოვანია ზუსტად რა იგულისხმება დღის წესრიგით განსაზღვრული ფორმულირების მიღმა და კვლავ გადაიდება თუ არა სხდომა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სამოქალაქო საზოგადოების განმარტებით, ბოლოს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წლებია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეგულარულად არღვევს კანონმდებლობის მოთხოვნებს სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის 3 სამუშაო დღით ადრე გამოქვეყნების შესახებ.
ამასთან, საბჭოს გამართულად საქმიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ საქართველოს პარლამენტს წელიწადზე მეტია, არ ჰყავს არჩეული 5 არამოსამართლე წევრი. შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანო არასრული - 10 წევრის შემადგენლობით მოქმედებს. დღესდღეობით, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე წევრთა სრული უპირატესობით, არამოსამართლე წევრების ჩართულობის გარეშე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კორპორატივიზმს საბჭოში.
სამოქალაქო ორგანიზაციები წლებია ითხოვენ საბჭოს სხდომების პირდაპირ რეჟიმში გადაცემას. ამით, ადგილზე მისვლის გარეშე, რეალურ დროში გახდებოდა შესაძლებელი განსახილველი საკითხების მონიტორინგი. თუმცა, სამწუხაროდ, საბჭო ამ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კეთილსინდისიერად განახორციელოს დაკისრებული ფუნქციები და ზედმიწევნით შეასრულოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ:
სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე;
აღმოიფხვრას სხდომების რეგულარულად გადადების მანკიერი პრაქტიკა და სხდომის გადადების მიზეზების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს წინასწარ, გონივრულ ვადაში;
სხდომების დღის წესრიგში განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაცია აისახოს სრულყოფილად.
უზრუნველყოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება.
ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“; „დემოკრატიის ინდექსი“.