ნაზი ჯანეზაშვილი - მიხეილ ჩინჩალაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა სჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ ფორმალური პრივილეგიები ჰქონდეს

„სასამართლოს გუშაგის” ხელმძღვანელის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მიხეილ ჩინჩალაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ხელმეორედ დანიშვნა სჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ ჰქონდეს ფორმალური პრივილეგიები - განიხილოს ნაკლები რაოდენობის საქმე, ვიდრე ამას იხილავენ სხვა მოსამართლეები.

ამის შესახებ ნაზი ჯანეზაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ დღევანდელ სხდომაზე საბჭომ მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშნოს.

ჯანეზაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლო პერიოდის საქმიანობა ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის დამკვირვებელ ორგანიზაციებს, სხდომების გადადება ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა და ხშირ შემთხვევაში, როდესაც სხდომა ტარდება ეს გამონაკლისი ხასიათისაა.

ჯანეზაშვილის თქმით, ეს გამჭვირვალობის თვალსაზრისით პრობლემას ქმნის.

“დღის წესრიგში უკვე მერამდენედ იქნა შეტანილი ის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა განიხილოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის საკითხი. თუმცა, ჩვენ არ ვიცით, რეალურად, რა იგულისხმება ამაში და უბრალოდ ლოგიკური მსჯელობიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს შეიძლება იყოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი ან ქუთაისი სააპელაციო სასამართლოში. ამიტომ, საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს საბჭო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მიხეილ ჩინჩალაძეს მიმდინარე წლის მაისის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ, მართლაც მიიღებს თუ არა საბჭო გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ დანიშნოს ჩინჩალაძე 5 წლის ვადით თანამდებობაზე. მიხეილ ჩინჩალაძე არის ის ფიგურა, რომელსაც არ სჭირდება ოფიციალური თანამდებობა იმისთვის, რომ ჰქონდეს გავლენა სასამართლოში. მისი გავლენა არ ვრცელდება მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოზე. მისი უფლებამოსილება არაოფიციალურად ვრცელდება მთლიანად სასამართლო სისტემაზე და მას ეს თანამდებობა სჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ ჰქონდეს ფორმალური პრივილეგიები, რომ როგორც ყველასთვისაა ცნობილი, განიხილოს ნაკლები რაოდენობის საქმე ვიდრე ამას იხილავენ სხვა მოსამართლეები”, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების გარდა უნდა განიხილონ ზოგიერთი რაიონული(საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა/უფლებამოსილების დაკისრება. არასამთავრობო სექტორი არ გამორიცხავს, რომ დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით დანიშნოს მიხეილ ჩინჩალაძე. საბჭოს ესწრებიან ყოფილი არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა