ანა ნაცვლიშვილი - ჩინჩალაძის არჩევა ქვეყანაში შექმნილი ვითარების თავხედურ იგნორირებას  წარმოადგენს - ამგვარი ნაბიჯის გადადგმას იუსტიციის საბჭო მხოლოდ იმიტომ ბედავს, რომ მას ზურგს უმაგრებს „ქართული ოცნება”

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ კვლავ მიხეილ ჩინჩალაძის არჩევა "ქვეყანაში შექმნილი ვითარების თავხედურ იგნორირებას" წარმოადგენს.

ნაცვლიშვილი მიხეილ ჩინჩალაძეს „სასამართლო კლანის მთავარი ფიგურას“ და ერთ-ერთ ყველაზე „ოდიოზური სახეს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, სწორედ სასამართლოში გაბატონებული „კლანური“ მმართველობაა.

„საკვანძო სასამართლოში მმართველ პოზიციაზე ჩინჩალაძის არჩევა, უკონკურენტო და წინასწარ გადაწყვეტილი პროცესით, წარმოადგენს იუსტიციის საბჭოს მხრიდან ქვეყანაში შექმნილი ვითარების თავხედურ იგნორირებას და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველომ გასულ კვირას ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, სწორედ სასამართლოში გაბატონებული კლანური მმართველობაა, რომლის სათავეშიც დგას სწორედ ჩინჩალაძე.

სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატობის წინაპირობების 12 - პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთ მთავარ საკითხად განსაზღვრა, თუმცა დღევანდელი ნაბიჯით ნათელია, რომ იუსტიციის საბჭომ ამ რეფორმის განხორციელებას უკვე ღიად უთხრა უარი. ამგვარი ნაბიჯის გადადგმას საბჭო მხოლოდ იმიტომ ბედავს, რომ მას ზურგს უმაგრებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, იუსტიციის საბჭო და ყველა მისი გადაწყვეტილება მრავალი თვეა განიცდის ლეგიტიმაციის კრიზისს, ვინაიდან, მის საქმიანობაში ვერ მონაწილეობს პარლამენტის კვოტით ასარჩევი 5 არამოსამართლე წევრი, რაც არღვევს კონსტიტუციით დადგენილ ბალანსს საბჭოში, ვინაიდან აღნიშნული 5 წევრის არჩევას საპარლამენტო ოპოზიციის ხმებიც სჭირდება.

"ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, "ქართული ოცნება" საბჭოს არამოსამართლე წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადებასაც კი ბლოკავს”,- დასძეს ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, 12 - პუნქტიანი გეგმის არშესრულება ათწლეულობით ჩაუკეტავს კარს საქართველოს ევროპულ ოჯახში და კიდევ ათწლეულობით დატოვებს ქვეყანას სამართლიანი სასამართლოს გარეშე.

ნაცვლიშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, ჩაერთოს ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების და მის მიერ 12 პუნქტის შესრულების პროცესში. „წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისის გამწვავებაზე სრულად მას დაეკისრება პასუხისმგებლობა“.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა