სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე "ქართულ ოცნებას" ტოვებენ.

ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ: ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას, საპარალამენტო თანამდებობებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ დეპუტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა.

მდინარაძის თქმით, დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შექმნან.

„ამის მიზეზი გახდა ერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რასთან დაკავშირებით მანამდეც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს, მათი აზრით. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკუსია და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი. გუნდის შიგნით შესაძლებელია გარკვეული უხერხულობები შექმნან ამ მიმართულებით, აქედან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება მიიღეს, გუნდი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა, თუმცა, მათი გადაწყვეტილება საბოლოოა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ისინი საპარლამენტო მანდატებს ინარჩუნებენ.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024