ანდრიუს კუბილიუსი - ღარიბაშვილი პოლარიზაციის შემცირების ნაცვლად, მას აღრმავებს - საქართველოში მიმდინარე მოვლენები დიდწილად დამოკიდებულია ერთ ადამიანზე და ეს ბიძინა ივანიშვილია

ანდრიუს კუბილიუსი - ღარიბაშვილი პოლარიზაციის შემცირების ნაცვლად, მას აღრმავებს - საქართველოში მიმდინარე მოვლენები დიდწილად დამოკიდებულია ერთ ადამიანზე და ეს ბიძინა ივანიშვილია

ჩვენ რომ საქართველოს მიტოვება გვდომოდა, მაშინ არ გვექნებოდა ასეთი სერიოზული რეაგირება შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. საქართველო, მისი მომავალი და მისი ხალხი, მნიშვნელოვანია ყველა ევროპელისთვის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრიუს კუბილიუსმა „ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, ევროპარლამენტარები საქართველოს უნდა დაეხმარონ იმით, რომ კრიტიკული კომენტარები გააკეთონ „ქართული ოცნების“ მიერ დაშვებულ შეცდომებზე, რომ შემდეგ ეს შეცდომები გამოასწორონ.

„ეს პირიქითაა. ჩვენ რომ საქართველოს მიტოვება გვდომოდა, მაშინ არ გვექნებოდა ასეთი სერიოზული რეაგირება შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. საქართველო, მისი მომავალი და მისი ხალხი, მნიშვნელოვანია ყველა ევროპელისთვის- ლიეტუველებისთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის, ცენტრალური ევროპისთვის, გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის და სხვებისთვის. მაგრამ იმისთვის, რომ საქართველო წინ წავიდეს და გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც იმედი გვაქვს, რომ მოხდება, ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს იმით, რომ კრიტიკული კომენტარები გავაკეთოთ დაშვებულ შეცდომებზე, რომლებსაც ჩადიან. ეს შეცდომები უნდა გამოასწორონ, სიტუაცია უნდა გაუმჯობესდეს და ესაა ჩვენი დახმარება და რჩევა საქართველოსთვის“, - განაცხადა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარის თქმით, ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს უშლის, ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არა თუ პოლარიზაციის შემცირებას, მის გაღრმავებას აპირებს.

„მე ყველაზე დიდ ყურადღებას გავამახვილებდი პირველ პუნქტზე, რომელიც საქართველოს შესახებ, საბჭოს მიერ ჩამოყალიბებულ ანგარიშშია ნახსენები. ვგულისხმობ, ე.წ. პოლარიზაციას, პოლიტიკური ცხოვრების პოლარიზაციას.

პირველ რიგში, მთავრობამ უნდა იფიქროს საკუთარ შეცდომებსა და პასუხისმგებლობებზე. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, როდესაც მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს მოსაზრება ღიად გამოქვეყნდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ღარიბაშვილი მივიდა პარლამენტში და იმის ნაცვლად, რომ ესაუბრა იმაზე, რას გააკეთებს მთავრობა პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად, ბატონმა ღარიბაშვილმა დაიწყო ოპოზიციის და სხვების დადანაშაულება. ამან გვაჩვენა, რომ პრემიერ-მინისტრი პოლარიზაციის შემცირებას კი არა, მის გაღრმავებას აპირებს. ეს ჩანდა, როგორც მიზანმიმართული ქმედება, რათა საქართველოს შეუმცირონ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი.

ასეთი სიტუაცია უნდა შეიცვალოს და ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ სამოქალაქო საზოგადოებამ და საქართველოს განვითარებაში ჩართულმა პასუხისმგებლიანმა მოთამაშეებმა. საკმარისი არ არის მხოლოდ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობა შეცვლის თავის ქმედებებს და აღარ იქნება პოლიტიკური პოლარიზაცია. სამწუხაროდ, გასული წლების განმავლობაში, მთავრობა მუდმივად ზრდიდა სიძულვილისა და პოლარიზაციის ენას და ამიტომაც ახლა საჭიროებაა არა მხოლოდ განცხადებების კეთების, არამედ მოქმედების.

სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც დიდ აქციებს აწყობს, შეთავაზებას სერიოზულად შევხედავდი. მათი შემოთავაზებაა, რომ ახალი, ეროვნული თანხმობის მთავრობა დაუყოვნებლივ ჩამოყალიბდეს საქართველოში, რათა აჩვენონ ქართველ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ საქართველომ გაიაზრა საკუთარი შეცდომები და მზადაა, რომ გადალახოს პოლარიზაცია ნათელი ქმედებებით, ეს ქმედება კი არის ეროვნული თანხმობის, ერთობის მთავრობის ჩამოყალიბება“, - განაცხადა მან.

შეკითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ომია და საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებიც რუსეთის მხრიდან წნეხის და საფრთხის ქვეშაა, ხომ არ ჯობდა, საქართველოსთვის ახლავე მიეცათ კანდიდატის სტატუსი იმის ნაცვლად, რომ წლის ბოლომდე მოეცადათ, ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, პასუხისმგებლიან მთავრობასთან ერთად, შეუძლია, წლის ბოლომდე მიზანს მიაღწიოს და ეს მოხდება, თუ ისინი ძალიან ნათლად გაიაზრებენ საკუთარ შეცდომებს და დაიწყებენ მოქმედებას სიტუაციის შესაცვლელად.

„ამის გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა, თუ საქართველოს მთავრობა არ დაუშვებდა იმ შეცდომებს, რომელებზეც უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ვსაუბრობთ. ევროკავშირის წევრობა, ან თუნდაც კანდიდატის სტატუსის მიღება, მოითხოვს, რომ ქვეყანა გარკვეულ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდეს. მხოლოდ სურვილის ქონა ქვეყნის მხრიდან საკმარისი არაა. საჭიროა რომ ქვეყანა კონკრეტულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელი საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის არ იყო წარმატებული, ვინაიდან მთავრობამ და პოლიტიკურმა ელიტამ ვერ შეძლო ერთობლივი ძალების მობილიზება იმ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც თავიდანვე ძალიან ნათელი იყო. ასე რომ, კომისიის კრიტიკული შენიშვნები და მოსაზრებებები საქართველოს პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, სასამართლოს რეფორმირებაზე, ეს არ არის საქართველოსთვის წინაღობის შემქნა.

ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, ქვეყნის მთავრობასთან, პასუხისმგებლიან მთავრობასთან ერთად, შეუძლია, რომ წლის ბოლომდე მიზანს მიაღწიოს. ეს მოხდება, თუ ისინი ძალიან ნათლად გაიაზრებენ საკუთარ შეცდომებს და დაიწყებენ მოქმედებას სიტუაციის შესაცვლელად. მოცემულ მომენტში, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მთავრობა ოპოზიციაზე ცდილობს ბრალის გადატანას და ეს არაა ის, რაც ევროკავშირის პარლამენტის წევრები ელიან საქართველოს ხელისუფლებისგან“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

კითხვაზე, რეკომენდაციების რამდენიმე პუნქტიან ჩამონათვალში, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გადასცეს, ერთ ერთი მოთხოვნაა ქვეყნის "დეოლიგარქიზაცია". ვის და რას გულისხმობთ ამაში და როგორ ხედავთ ამ პუნქტის შესრულების გზა, ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები დიდწილად დამოკიდებულია ერთ ადამიანზე და ეს ბიძინა ივანიშვილია.

“ვფიქრობ, საიდუმლო არაა, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება და ზოგადად, საქართველოში მიმდინარე მოვლენები დიდწილად დამოკიდებულია ერთ ადამიანზე და ეს ბიძინა ივანიშვილია. ასეთი ტენდენცია ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის საქართველოს და ბევრ წინააღმდეგობას უქმნის იმისთვის, რომ წინ წავიდეს და გახდეს ნორმალური, საშუალო ევროპული ქვეყანა. ვერცერთ ევროპულ, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ვერ ნახავთ ერთი, მდიდარი ადამიანის გავლენას, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური სტრუქტურა შექმნა. ასეთი წყობა და მოვლენების განვითარება არ არის და ვერც იქნება დემოკრატიის ისეთი ფორმა, რომელიც კოპენჰაგენის კრიტერიუმებს შეესაბამება.

სწორედ ასეთი გავლენისა და ასევე იმის გამო, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ზოგიერთ რუს ოლიგარქს შორის შესაძლოა არსებობდეს ურთიერთობა, ევროპარლამენტმა და მისმა რეზოლუციამ წამოჭრა საკითხი, ხომ არ უნდა დაედოს მას სანქცია ასეთი ქმედებებისთვის.

კიდევ ერთხელ, ამაში არაფერია განსაკუთრებული. სულ ცოტა ხნის წინ, ამერიკამ სანქციები დაადო ლატვიელ ოლიგარქს და რამდენიმე პირს ევროკავშირის შიგნით. სწორედ ესაა გზა, რითიც სხვა ქვეყნები ცდილობენ დაეხმარონ სამოქალაქო საზოგადოებას და ზოგადად, ერებს, სადაც ოლიგარქების მძიმე გავლენაა”,- განაცხადა კუბილიუსმა.