ლევან დავითაშვილი - ქართული კანონმდებლობა ევროდირექტივებთან შესაბამისობაში იქნება, რაც ენერგეტიკულ სექტორში უფრო ლიბერალურ და ტრანსპარანტულ საბაზრო ურთიერთობებს განსაზღვრავს

საქართველოს ენერგეტიკული სისტემა აქტიური განვითარების ფაზაშია, რეფორმები ძირითადად განპირობებულია ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით და ქვეყნის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით. ეს საქართველოს ენერგეტიკის სისტემის ისეთ განვითარებას გულისხმობს, რომელიც ევროპულ პრინციპებთან კიდევ უფრო დააახლოებს, - ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განახლებადი ენერგიის დარგში ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ასოცირების შეთანხმების თანახმად, ქართული კანონმდებლობა ევროდირექტივებთან შესაბამისობაში იქნება, რაც ენერგეტიკულ სექტორში უფრო ლიბერალურ და ტრანსპარანტულ საბაზრო ურთიერთობებს განსაზღვრავს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში მთავრობის წარმომადგენელთა გარდა მონაწილეობა ენერგეტიკის კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. დისკუსიის ძირითადი თემა განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხები იყო.

ლევან დავითაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს განახლებადი ენერგიების დარგის განვითარების და ზოგადად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით არსებული მთავარი პრიორიტეტების და კონკრეტული პროექტები გააცნო.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ისწრაფვის, დასავლური დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეს. ამ მიზნის მისაღწევად კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სწორედ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

„ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება ხარისხიანი ენერგიის სხვადასხვა წყაროს განვითარებით განახლებადი ხდება, ისე, რომ ქვეყანაში განვითარებადი ენერგიის საიმედო და უწყვეტი მიწოდება ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად ხდებოდეს. 2022 წლის სექტემბრიდან საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა (სენბი) სრულად ამუშავდება, რომლის მიზანსაც ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტიანი ოპერირებით გამჭვირვალე და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა, ასევე ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისთვის სწორი საფასო სიგნალების მიწოდება წარმოადგენს. სამართლიან საბაზრო პრინციპებზე აწყობილი ფასის არსებობა ახალი პროექტების განსახორციელებლად საფუძველს აუცილებლად შექმნის და ენერგოუსაფრთხოების მაღალ მაჩვენებელთან კიდევ უფრო დაგვაახლოებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკის სფეროს ყველა რგოლის თანაბრად განვითარება არის ამოცანა, რომელიც საბოლოო ჯამში, ქვეყანაში განახლებადი ენერგიის გენერაციის პროექტების განვითარებას და ენერგოუსაფრთხოების და დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას მოიტანს, ეკონომიკას კი უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, რადგან ეკონომიკის ყველა დარგი ეფექტიან ენერგოსისტემასთან პირდაპირ კავშირშია.

დავითაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტია, რომელიც მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. მან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს.

ლევან დავითაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ბანკთან ერთად პროექტის დეტალური შესწავლა-პროექტირება მიმდინარეობს, რაც მისი პროგნოზით, ერთი წლის განმავლობაში დასრულდება.

„პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1200 კილომეტრამდე, ალბათ ყველაზე გრძელი ელექტროკაბელი შეიქმნება, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, ევროკავშირის ბაზართან პირდაპირ კავშირში იყოს. ეს, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს და ქართული ენერგეტიკული სისტემის შესაძლებლობებს გაზრდის, რომ ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის, რადგან თავისუფალ რეჟიმში შეგვეძლება ევროკავშირთან, განახლებად ენერგიაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნის ბაზართან, ვაჭრობის საშუალება ოპტიმალურად, საათობრივ რეჟიმში გვქონდეს. შესაბამისად, ჩვენთვის ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია, მაგრამ ასევე პრიორიტეტული პროექტია ევროკავშირისთვის და ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობისთვის. შესაბამისად, ის ერთ-ერთ ფლაგმანურ პროექტადაა მიჩნეული და ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან მთლიანად მხარდაჭერილია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს