თურქეთი აცხადებს, რომ ის შვედეთიდან და ფინეთიდან 33 ქურთი მებრძოლისა და გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილის ექსტრადირებას შეეცდება იმ შეთანხმების საფუძველზე, რის შედეგადაც ანკარა სკანდინავიური ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას დასთანხმდა. ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, 28 ივნისს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთთან და ფინეთთან 10-პუნქტიან შეთანხმებას მიაღწია.
შეთანხმების თანახმად, ორმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ოფიციალური ანკარის ბრძოლას შეუერთდებიან და აგრეთვე, ეჭვმიტანილთა სწრაფ ექსტრადიციას განახორციელებენ.
მედიის ცნობით, თურქეთი 12 ეჭვმიტანილის ფინეთიდან, ხოლო 21 პირის შვედეთიდან ექსტრადირებას ითხოვს.
„ჩვენ ვთხოვთ მათ, შეასრულონ დაპირებები“, - განაცხადა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა.
ეჭვმიტანილები, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, "ქურთისტანის მუშათა პარტიის" (PKK) წევრები არიან.
ცნობისთვის, ევროკავშირი და შეერთებული შტატები "ქურთისტანის მუშათა პარტიას" ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს.