ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ინდონეზიის პრეზიდენტს უმასპინძლა და მისგან „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად პირადი მოწვევა მიიღო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ინდონეზიის პრეზიდენტს ჯოკო ვიდოდოს უმასპინძლა და მისგან ნოემბერში, ბალიში „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად პირადი მოწვევა მიიღო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„უკრაინის სამიტზე მონაწილეობა დამოკიდებული იქნება ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ ვინ შეიძლება დაესწროს მას”, - აღნიშნა ზელენსკიმ ინდონეზიელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის პირველი პირის თქმით, ვიდოდოს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ომის შესაჩერებლად.
„მიმაჩნია, რომ ჩვენი დღევანდელი მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ნაბიჯია ყველა იმ ქვეყნის გლობალური ანტი-საომარი კოალიციის გასაძლიერებლად, რომელსაც შეუძლია მსოფლიოსთვის სტაბილურობის დაბრუნება და უზრუნველყოფა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ვიდოდომ აღნიშნა, რომ ის ზელენსკის სამშვიდობო გზავნილს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გადასცემს, როდესაც ის მას 30 ივნისს შეხვდება.
გარდა ამისა, ინდონეზიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, საკვების მიწოდების კუთხით მსოფლიოში უკრაინის მნიშვნელობას. მანვე დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კიევმა კვლავ შეძლოს სურსათის ექსპორტირება.

























