კანადა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე კავკასიაში დიპლომატიურ წარმომადგენლობას გაზრდის

კანადა აცხადებს, რომ რუსეთის დესტაბილიზაციის აქტივობების წინააღმდეგ დახმარების მიზნით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ისევე როგორც კავკასიაში, თავის დიპლომატიურ ყოფნას გაზრდის.
"ჩვენ ვზრდით ჩვენს დიპლომატიურ კვალს. კანადა გახსნის ოთხ ახალ საელჩოს ესტონეთში, ლიტვაში, სლოვაკეთსა და სომხეთში“, - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ მადრიდში ნატოს სამიტზე.
კანადის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს დიპლომატიური გაფართოება ქვეყანას უსაფრთხოების საფრთხეებზე რეაგირების კუთხით დაეხმარება. აგრეთვე, გააღრმავებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროპელი მოკავშირეების მხარდასაჭერად, ისევე როგორც დაეხმარება სომხეთის დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერაში.
"ჩვენ გვჯერა, რომ დიპლომატია რჩება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზად", - განაცხადა ჯოლიმ.

























