იაგო ხვიჩია - ხუნდაძის, ყაველაშვილის და სუბარის თემა მედიის ყურადღების გადასატანად არის შემოგდებული, რომ საზოგადოებამ სხვა თემაზე არ ილაპარაკოს

ხუნდაძის, ყაველაშვილის და სუბარის თემა მედიის ყურადღების გადასატანად არის შემოგდებული, რომ საზოგადოებამ სხვა თემაზე არ ილაპარაკოს, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს თემა რამდენიმედღიანი მოხმარებისაა.

„ჩემი აზრით, ეს მედიის ყურადღების გადასატანად არის მოფიქრებული, ხალხი როგორ უნდა დაარწმუნო იმაში, რომ სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი აღარ არიან „ქართული ოცნების“ წევრები, მაშინ, როცა თვითონაც ამბობენ, "ქართულ ოცნებაში" ვართ ყველანაირადო. ეს არის მედიის ყურადღების გადასატანად, შემოგდებულია იმისთვის, რომ სხვა თემაზე საზოგადოებამ არ ილაპარაკოს,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩიას განცხადებით ამ თემით, შესაძლოა ისედაც „დაზიანებულ პროცესს ყუა წაატეხო", მაგრამ სურათი საბოლოო ჯამში დიდად არ იცვლება, რადგან ნათელია, რომ ერთპიროვნული მმართველობის პირობებში ევროინტეგრაციის პროცესი წინ ვერ წავა. ხვიჩია მიიჩნევს, რომ ის, რისი მიღწევაც ახლა შესაძლებელია, არის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება და ხელახალი არჩევნები და ამის შესაბამისად, მიიჩნევს საჭიროდ აქციის მოთხოვნების კორექტირებასაც.

„ჩვენ ყველა აქციაზე ვიყავით, 20 ივნისსაც გახლდით მე პირადად, 24- შიც გახლდით. ამ აქციაზეც ვაპირებ მივიდე. მაგრამ თუ მეკითხებით, "გირჩი" უერთდება თუ არა აქციას, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები იმ მოთხოვნებზე, რაც ტრიბუნაზე ხდება, ამიტომ ჩვენ ვერავის ვერაფრისკენ მოვუწოდებთ და ვერც "გირჩის" სახელით მივუერთდებით აქციას. მიგვაჩნია, რომ მოთხოვნები უნდა კორექტირდეს საკონსტიტუციო ცვლილებების სასწრაფოდ მიღების მოთხოვნად და შემდეგ ხელახალი არჩევნების ჩატარებაა საჭირო, ეს უნდა იყოს მოთხოვნები,"- განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს