იენს სტოლტენბერგი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს უაღრესად ფასეულ პარტნიორს, უკრაინას, მაგრამ ჩვენ არ ვართ კონფლიქტის ნაწილი

ნატო-ს მთავარი პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, არ იყოს რაიმე გაუგებრობა რომელიმე მოწინააღმდეგის გონებაში იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ისინი გააკეთებენ იმის მსგავსს, რაც რუსეთმა ჩაიდინა 2008 წელს საქართველოში და ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს მთელი ალიანსის პასუხს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მთავარი გზავნილი და მიზეზი, რის გამოც ალიანსი აღკვეთს თავდასხმას და დაიცავს მშვიდობას ნატო-ს მოკავშირეებისთვის.

„ჩვენ უფრო საშიშ მსოფლიოში ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობთ უფრო არაპროგნოზირებად მსოფლიოში, სადაც რეალურად მიმდინარეობს ცხელი ომი ევროპაში, ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციებით, როგორიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინელი ხალხისთვის ტანჯვის მიყენება. ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ და პატივს მივაგებთ მათ მამაცობას, მათ ვაჟკაცობას. ჩვენ ასევე გადავეცით ეს გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკის სამიტზე გამოსვლისას. ამავე დროს, ჩვენ ასევე ვიცით, რომ სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს, თუ ეს გახდება სრულმასშტაბიანი ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ტანჯვას, ზარალს, სიკვდილს, ნგრევას იმ მასშტაბით, რაც გაცილებით, გაცილებით უარესია, ვიდრე დღეს უკრაინაშია. ამიტომ ნატო-ს არსებითად ორი ამოცანა აქვს. ერთი არის უკრაინის მხარდაჭერა. ნატო და ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. ჩვენ ვაძლიერებთ და ამ სამიტზე შევთანხმდით პაკეტზე. მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია უკრაინის ფარგლებს გარეთ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ნატო არ არის ადგილზე კონფლიქტის მონაწილე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს უაღრესად ფასეულ პარტნიორს, უკრაინას, მაგრამ ჩვენ არ ვართ კონფლიქტის ნაწილი. ასევე, ჩვენ საგრძნობლად გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, რათა არ დავუტოვოთ მოსკოვის სივრცე არასწორი გათვლებისა და გაუგებრობისთვის იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ ნატო-ს ტერიტორიის ყოველი ინჩის დასაცავად. ნატო-ს მთავარი პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, არ იყოს რაიმე გაუგებრობა რომელიმე მოწინააღმდეგის გონებაში იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ისინი გააკეთებენ იმის მსგავსს, რაც რუსეთმა ჩაიდინა 2008 წელს საქართველოში და ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს მთელი ალიანსის პასუხს“,- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს