გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე - ოხანაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახეა, როდესაც ის ასე იქცევა, ეს ერთგვარი გზავნილია მხარდამჭერებისთვის, რომ ეს ნორმალურია

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტის, გიორგი რუხაძის შეფასებით, ის დაპირისპირებები, რომელიც ბოლო პერიოდში ხდება, „ქართული ოცნების“ მხრიდან არის ორკესტრირებული.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, რაც უფრო მეტი იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან დაპირისპირებები, მით უფრო მეტად გაღიზიანდება საზოგადოება და მეტ პასუხისმგებლობას დააკისრებს ხელისუფლებას.

გიორგი რუხაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ტაქტიკაა, ხალხის ხმა ჩაახშოს.

„ეს არის ორკესტრირებული „ქართული ოცნების“ მხრიდან, ელემენტარული მიზეზის გამო-საფრთხეს ხედავენ. ხედავენ საფრთხეს, რომ საზოგადოება მათ უარს ეტყვის. ეს დადასტურდა იმ დიდი აქციებით, რომელიც თბილისში ჩატარდა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა, მათ შორის ისეთი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და საერთოდ, ოპოზიციას არც ხმას აძლევს და არც პოლიტიკური სიმპათიები გააჩნია მათ მიმართ, მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილმაც, რომელიც რაღაც დოზით პასიური იყო, ან საერთოდაც „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს, დაინახა, თუ რამხელა საფრთხის წინაშეა ქვეყანა, რამხელა შესაძლებლობას ვუშვებთ ხელიდან. შესაბამისად, ეს ადამიანები უკვე მიუბრუნდნენ „ქართულ ოცნებას“. ეს საფრთხეა დღევანდელი ხელისუფლებისთვის და ამ საფრთხეს ამ ფორმით პასუხობენ. ეს არ უშველით, პირიქით, რაც უფრო მეტი იქნება ამ ტიპის დაპირისპირება, მით უფრო მეტად გაღიზიანდება საზოგადოება და მით უფრო მეტ პასუხისმგებლობას დააკისრებს „ქართულ ოცნებას“. ეს არის „ქართული ოცნების“ ტაქტიკა, ჩაახშოს ხალხის ხმა“, - განაცხადა რუხაძემ.

მან „ქართული ოცნების“ წევრ ანრი ოხანაშვილსა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელ, ვატო წერეთელს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არსებობს.

„სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა. ხელისუფლებას რომ ჰქონდეს პოლიტიკური ნება, ასეთი რაღაცები არ მოხდეს, ასეთი რაღაცები არ მოხდებოდა. მითუმეტეს, თუ ოხანაშვილზე ვსაუბრობთ, ის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახეა. როდესაც ის ასე იქცევა, ეს არის ერთგვარი გზავნილი მხარდამჭერებისთვის, პარტიული აქტივისთვის, რომ ეს ნორმალურია, ისინიც ასე უნდა მოიქცნენ. ამის პრევენციის საშუალება უნდა იყოს საზოგადოების მობილიზაცია. რაც მეტი ადამიანი იქნება, მით ნაკლები იქნება შანსი, რომ ასეთი რამ ხელისუფლების მხარდამჭერებმა გაბედონ. ეს ერთი და მეორე, საერთაშორისო ზეწოლა, რაც უნდა გააქტიუროს ოპოზიციამ და საზოგადოებრივმა სექტორმა“,-განაცხადა რუხაძემ.

მისი თქმით, რეალურად, დღეს „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკონტროლებს და ბიძინა ივანიშვილი არის ყველაფრის მმართველი.

ბიძინა ივანიშვილი არის ყველაფრის მმართველი, დაწყებული პარლამენტიდან, დამთავრებული სასამართლოთი, აღარ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც მას არ ემსახურება, შესაბამისად, მივიღეთ აბსოლუტურთან მიახლოებული ძალაუფლება, გარყვნის პროცესი მერე უკვე თანმდევი მომენტია. კიდევ უფრო უარეს რაღაცებს ვიხილავთ, თუ ეს ყველაფერი სადღაც არ გაჩერდა. გაჩერება არის ის, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“,-განაცხადა რუხაძემ.

ამასთან გიორგი რუხაძემ მადრიდის სამიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სულ მცირე მაპ-ის წამოღება შეეძლო.

მისი შეფასებით, ქვეყანამ ეს ისტორიული მომენტი ხელიდან გაუშვა.

„მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს მართლაც იყო ისტორიული სამიტი. რეალურად, წარმოუდგენელი რამ მოხდა: შვედეთი და ფინეთი, რომლებიც დეკადების განმავლობაში ნეიტრალური სახელმწიფოები იყვნენ და რუსეთის ყველაფერს აკეთებდა, რომ ისინი არ გამხდარიყვნენ ნატო-ს წევრები, წელს ეს ყველაფერი დამთავრდა. ნატო გაფართოვდა რუსეთის საზღვრებთან 1300 კილომეტრიან მონაკვეთზე. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ისტორიული სამიტი სულაც არ იყო ისტორიული საქართველოსთვის, არადა შეიძლებოდა ყოფილიყო. არავინ არაფერი გააკეთა. მინიმუმ მაპ-ის წამოღება შესაძლებელი იყო, თუ მეტის არა. როგორ წარმოგიდგენიათ, შვედეთი და ფინეთი ყველაფრის გარეშე გახდნენ წევრები და საქართველოს, რომელიც ასპირანტი სახელმწიფო იყო 12 წლის განმავლობაში, ნატო-ს ოპერაციებში სისხლი აქვს ჩაღვრილი, არაფერი არ უნდა მიეღო?!“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა