ავსტრალია უკრაინას დამატებით 34 ჯავშანმანქანას მიაწვდის და რუსული ოქროს იმპორტს აკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად საუბრისას, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა განაცხადა, რომ ავსტრალია კიდევ 16 რუს მინისტრსა და ოლიგარქს სანქციებსა და მოგზაურობის აკრძალვას დაუწესებს, რაც ავსტრალიის მიერ სანქცირებული რუსი პირების საერთო რაოდენობას 843-მდე გაზრდის.
ალბანესმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას "100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას" გაუწევს.
"ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ავსტრალიის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უკრაინას ეწვია", - განაცხადა ალბანესმა და დასძინა, რომ მისი მოგზაურობა "მსოფლიოს ნათლად აჩვენებს სოლიდარობას, რომელიც ავსტრალიელ და უკრაინელ ხალხს შორის არსებობს".
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ავსტრალია უკრაინას "მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, განსაკუთრებით თავდაცვის" მიმართულებით.