ეკატერინე ციმაკურიძე - „ქართული ოცნების“ გეგმა ერთპარტიულია, მათ არავინ ჩართეს გეგმის შედგენაში, კარგი იქნებოდა მმართველ გუნდს თავიდანვე მიეთითებინა თავისივე გეგმაში, რა ნაბიჯისთვის არის მზად, რომ კონსენსუსი შედგეს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკატერინე ციმაკურიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ეკატერინე, სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, რითაც ქვეყნის ევროპული პერსპექტივა ამ ეტაპზე როგორც მინიმუმ, გადავადდა.

ჩვენი ევროპელი პარტნიორების თქმით, საქართველო მაინც ინარჩუნებს ევროპულ პერსპექტივას და ევროპული საბჭო კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს, თუ ქვეყანამ ევროპული 12 პუნქტიანი რეკომენდაციები წლის ბოლომდე შეასრულა.

დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება მოსაზრებაში, რომ ჩვენმა მთავრობამ არა თუ ეფექტურად არ იმუშავა იმისათვის, რომ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიეღო, პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა, რომ ეს არ მომხდარიყო.

ვნახეთ, რომ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაში ჩამორჩენა სამოქალაქო საზოგადოებამ რუსთაველზე საკმაოდ მკაფიოდ გააპროტესტა. ამ პროტესტების ფონზე ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა ევროკავშირის რეკომენდაციების წლის ბოლომდე შესასრულებლად.

მიუხედავად იმისა, რომ სხვების მსგავსად არც მე მაქვს დიდი იმედი, რომ ხელისუფლების გეგმებში იყოს ევროპული რეკომენდაციების შესრულება, ვინაიდან რეკომენდაციების უმეტესობა სამართლებრივ საკითხებს უკავშირდება, თქვენთან დაკავშირება გადავწყვიტეთ იმისთვის, რომ ჩვენ და ჩვენს მკითხველს უფრო მკაფიო წარმოდგენა ჰქონდეს იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ევროკავშირმა მოგვცა და მათ შესასრულებლად 6 თვე მოგვცა.

როგორ შეაფასებდით ევროკავშირის 12-ვე რეკომენდაციებს? რეალურად რას გულისხმობს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება?

- კარგი კითხვაა იმიტომ, რომ უკვე გამოჩნდა, 12 პუნქტის შესრულების გზებს მმართველი ხელისუფლება განსხვავებულად ხედავს ვიდრე ამას ჩვენგან ევროკავშირი მოელის. ფაქტია, 12 პუნქტის განსხვავებული ინტერპრეტაცია არსებობს აქტორებს შორის. ახლა მთავარია ბევრი დრო არ დაიკარგოს იმაზე კამათში, რას მოელის ჩვენგან წლის ბოლოს ევროკავშირი ამ 12 პუნქტის შესრულებად და დროულად გადავიდეთ საქმეზე.

ჩვენ ახლა არ ვიწყებთ იმის გარკვევას თუ რა იგულისხმება საარჩევნო თუ სასამართლო რეფორმის მიღმა. რეფორმებზე ბევრია ნამუშევარი, თავად „ქართულ ოცნებას“ უმუშავია ამ რეფორმებზე, მონაწილეობდა შარლ მიშელის შეთანხმებაში, ნაწილი ამ რეფორმების გაუტარებია კიდეც, ნაწილი უკანაც წაუღია, ნაწილი კი დაწყებული აქვს და უნდა დაასრულოს. ამასთან, 12 პუნქტი ისეა ფორმულირებული, თავადვე შეიცავს მითითებას თუ როგორ უნდა შესრულდეს ისინი.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ახალი ველოსიპედის გამოგონება არავის მოუთხოვია - ჩვენგან მოითხოვენ გავყვეთ წლების წინ დაწყებულ გზას და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

ახლა მთავარია ბევრი დრო არ დაიკარგოს იმაზე კამათში, რას მოელის ჩვენგან წლის ბოლოს ევროკავშირი ამ 12 პუნქტის შესრულებად და დროულად გადავიდეთ საქმეზე

თუ პირობის შესრულების გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, აქამდე არასოდეს დამდგარა დღის წესრიგში, სრულიად ახალი რეცეპტია და არ გამომდინარეობს არც შარლ მიშელის შეთანხმებიდან, არც ეუთო/ოდირის თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან, ცხადია ეს ვერ ჩაითვლება პირობის შესრულებად, რაოდენ გენიალური იდეაც არ უნდა იყოს.

- მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გვამცნო იმის შესახებ, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში პარლამენტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობის ხარვეზებს გამოავლენს და შედეგებს პარლამენტს წარუდგენს პარლამენტს 21 სექტემბერს და მათი დამტკიცება მოხდება არა უგვიანეს 1 ნოემბრამდე.

პარლამენტში ასევე საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებისათვის შეიქმნება პარლამენტის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ პარტიების, ცესკოსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განახორციელებს ეუთო/ოდირი-სა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტს 21 სექტემბერს და კანონი მიღებული იქნება არა უგვიანეს 13 დეკემბრისა.

რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით? რამდენად პასუხობს ხელისუფლების გეგმა ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების პირობებს?

- „ქართული ოცნება“ ცდილობს ახალი ინტერპრეტაცია შესძინოს 12 პირობას. ამის კარგი მაგალითია თუ როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ პირველივე პირობის შესრულებას.

პოლარიზაციის შემცირებისთვის ევროკავშირის პირობაა შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთების შესრულება. ეს ამ პუნქტში პირდაპირ წერია. თავის მხრივ, შარლ მიშელის შეთანხმება გულისხმობს ძალიან კონკრეტულ რამეს - პარლამენტის 5 კომიტეტის თავმჯდომარედ ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა დაინიშნონ. ეს გამოიწვევს ოპოზიციის უკეთეს ჩართულობას საპარლამენტო პროცესებში, ვინაიდან დღეს ჩვენ გვაქვს პარლამენტი, სადაც უპრეცედენტოდ დიდია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობა, მაგრამ გადაწყვეტილებები ერთი პარტიის მიერ მიიღება.

ნაცვლად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ პოლარიზაციის შემცირებისთვის პარლამენტში შეიქმნება მონიტორინგის კომისია. ამას არ მოელიან ჩვენგან და ეს არ არის პირველი პუნქტის შესრულება.

თუ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეიცვალა აზრი დეპოლარიზაციის პუნქტთან დაკავშირებით, დეკემბრის ბოლოს აღმოჩნდება, რომ საქმე გაკეთდა, კომისია შეიქმნა, იმუშავა, მაგრამ ამით დათქმული პირობა არ შესრულებულა.

თუ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეიცვალა აზრი დეპოლარიზაციის პუნქტთან დაკავშირებით, დეკემბრის ბოლოს აღმოჩნდება, რომ საქმე გაკეთდა, კომისია შეიქმნა, იმუშავა, მაგრამ ამით დათქმული პირობა არ შესრულებულა

ასევე, მაგალითად, მეორე პირობაა სახელმწიფო ინსტიტუტების ამუშავება, ნაცვლად პიროვნებაზე დაფუძნებული სისტემისა, სახელმწიფო უნდა ეფუძნებოდეს ძლიერი ინსტიტუტების მუშაობას. ინსტიტუტების გაძლიერების ნაწილია მათზე დემოკრატიული ზედამხედველობის რეალურად განხორციელება. ამ პირობის შესასრულებლად „ქართული ოცნება“ გვთავაზობს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც შეისწავლის საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების ხარვეზებს და მოამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებს.

მაგრამ, საქმე იმაშია, რომ საპარლამენტო კონტროლის სისუსტეს საკანონმდებლო ხარვეზები კი არ იწვევს, არამედ ცუდი პრაქტიკა. პარლამენტში ხშირად და ხანგრძლივად გამოიყენება ბოიკოტის მექანიზმი, არ არის გამოყენებული ძალიან ბევრი ინსტრუმენტი, რასაც კანონი აძლევს დეპუტატებს და საპარლამენტო პარტიებს იმისთვის რომ განახორციელონ საპარლამენტო ზედამხედველობა, არ იქმნება საგამოძიებო კომისიები, არ ტარდება ინტერპელაციები, მინისტრები არ ცხადდებიან პარლამენტში და ასე შემდეგ.

ისიც უნდა ითქვას, რომ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები 2018 წელს მნიშვნელოვნად დაიხვეწა. გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ ახლა მთავარი პრობლემა ხომ საკანონმდებლო ხარვეზები არ არის, არამედ ის, რომ არსებული მექანიზმები არ არის გამოყენებული.

მეტიც, მმართველი პარტია თითქმის არასოდეს იყენებს მის ხელთ არსებულ კონტროლის მექანიზმებს. ხოლო როცა ოპოზიცია ცდილობს გამოიყენოს კონტროლის მექანიზმები, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამას ხელი შეუშალოს.

მმართველი პარტია თითქმის არასოდეს იყენებს მის ხელთ არსებულ კონტროლის მექანიზმებს. ხოლო როცა ოპოზიცია ცდილობს გამოიყენოს კონტროლის მექანიზმები, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამას ხელი შეუშალოს

არ ვამბობ, რომ არ უნდა ვიმუშაოთ კანონმდებლობის დახვეწაზე, მაგრამ მუდმივად კანონმდებლობაზე მუშაობამ, რომლის შედეგად პრაქტიკაში არაფერი იცვლება, შეიძლება უარეს ჩიხში შეგვიყვანოს.

ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება საპარლამენტო პროცესების გამართვა პრაქტიკაში, კომიტეტების თავმჯდომარეების და პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე: უნდა გახშირდეს შემთხვევები, როცა მინისტრს დაიბარებენ და ის გამოცხადდება პარლამენტში და უპასუხებს კითხვებს.

უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისიები, რომელიც ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ არცერთი შექმნილა და ასე შემდეგ.

- ინტერვიუს ჩაწერამდე საუბარში თქვენ თქვით, რომ არის საკითხები 12 რეკომენდაციებიდან, რომლებზეც სამუშაო ჯგუფების შექმნა აუცილებელი არაა, რადგან პარლამენტში დაინიცირებულია იუსტიციის საბჭოს რეფორმის ფარგლებში გადაწყვეტილების წესის ცვლილება.

მეტიც, ასევე თქვით რომ, რაც შეეხება ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასა და გენ.პროკურორის დანიშვნის წესის შეცვლას, ეს მოთხოვნები ევროკავშირის რეკომენდაციებში პირდაპირ გვიწერია და ამ მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, რაც ასევე არ საჭიროებს სამუშაო ჯგუფების შექმნას.

ეს ის საკითხებია, რომლებზეც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს არც არაფერი უთქვამს. შესაძლოა ჩვენ არასწორად გავიგეთ. ამიტომ კითხვას ასე დავსვამ - ამ თემებზე რატომ არაფერი თქვა მმართველი პარტიის ლიდერმა? ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად რომელ საკითხებს არ სჭირდება კომისიის შექმნა და რომელს სჭირდება?

- ევროკავშირს საქართველოსთვის არ წაუყენებია ისეთი პირობები, რომლის შესრულების გზები უცნობია. ამ 12 პუნქტით ევროკავშირმა გვითხრა, რომ 6 თვეში მივიღოთ ყველა ის რეფორმა, რომლის მიღებაზე 2014 წლიდან მიმდინარეობს მუშაობა, მომზადებულია მისაღებად და რომელთა მიღებას მხოლოდ პოლიტიკური ნების არარსებობა აბრკოლებს. ამიტომაა ხშირად ზედმეტი სამუშაო ჯგუფების შექმნა იქ, სადაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს მათ შექმნას.

„ქართული ოცნების“ გეგმა ფაქტობრივად ყველა საკვანძო საკითხზე, 12 - დან 8 პუნქტში სამუშაო ჯგუფების შექმნას გულისხმობს. მათ შორის ბევრია ისეთი საკითხი, რომელიც უკვე ინიციირებულია პარლამენტში, მრავალმხრივი მხარდაჭერა აქვს და არავითარი საჭიროება არ არის, რომ სამუშაო ჯგუფებში დაბრუნდეს ამ საკითხებზე მსჯელობა. საჭიროა კანონების მიღების გაჩერებული პროცედურა განახლდეს და დასრულდეს პარლამენტში.

ქართული ოცნების“ გეგმა ფაქტობრივად ყველა საკვანძო საკითხზე, 12- დან 8 პუნქტში სამუშაო ჯგუფების შექმნას გულისხმობს. მათ შორის ბევრია ისეთი საკითხი, რომელიც უკვე ინიციირებულია პარლამენტში, მრავალმხრივი მხარდაჭერა აქვს და არავითარი საჭიროება არ არის, რომ სამუშაო ჯგუფებში დაბრუნდეს ამ საკითხებზე მსჯელობა. საჭიროა კანონების მიღების გაჩერებული პროცედურა განახლდეს და დასრულდეს პარლამენტში

ასეთია საარჩევნო სისტემის რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც გულისხმობს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას (რაც ჩვენ რეალობაში უფრო სამართლიანი სისტემაა, რადგან უფრო ზუსტად ასახავს ამომრჩევლის ნებას და მმართველ პარტიას არ მიაკუთვნებს დაუმსახურებელ მანდატებს) დაბალი საარჩევნო ბარიერით.

საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია პირველი მოსმენით და დაახლოებით ერთი წელია გაჩერებულია პარლამენტში. ამ ცვლილებების ბოლომდე მიყვანა რამდენიმე დღეშია შესაძლებელი. „ქართული ოცნების“ გეგმა არაფერს ამბობს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე, თუმცა გვთავაზობს საარჩევნო რეფორმის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნას.

ასეთია ანტიკორუფციული დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნის კანონპროექტი, რომელიც ინიციირებულია პარლამენტში, მხარდაჭერილია ოპოზიციის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ, მხარდაჭერილია თავად ევროპარლამენტის მიერაც, განხილული იყო პარლამენტის კომიტეტში პირველი მოსმენით და გაჩერებულია.

ასეთია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღების წესის ცვლილება, რომელიც არამოსამართლე წევრების მონაწილეობას გაზრდის საბჭოში და კორპორატივიზმის შემცირებისკენაა მიმართული.

წლებია ამ წესის ცვლილება სხვადასხვა ფორმატებში დგება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან. საკითხის ასეთი გადაწყვეტა მოწონებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ. პარლამენტში ინიციირებულია შესაბამისი კანონპროექტი, მაგრამ განხილვა გაჩერებულია.

- 19 აპრილის მიშელის შეთანხმებაში და ევროკავშირის რეკომენდაციებში სასამართლო სისტემაში რეფორმის გატარების აუცილებლობაზეცაა საუბარი. რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ირაკლი კობახიძეს სასამართლოსთან დაკავშირებით პრაქტიკულად არც არაფერი უთქვამს?

- სასამართლოს მიმართულებით პირობაა, რომ მიღებულ იქნას მართლმსაჯულების რეფორმის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ნახსენებია უზენაესი სასამართლოს რეფორმა, იუსტიციის საბჭოს რეფორმა და სხვა.

სასამართლოს შესახებ „ქართული ოცნების“ გეგმა გულისხმობს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც იმუშავებს რეფორმაზე, თუმცა რეფორმის შინაარსზე გეგმაში საუბარი არ არის. არ ვიცით კონკრეტულად რის შეცვლას თანხმდება ხელისუფლება.

ამ დროს, იუსტიციის საბჭოში გასატარებელი რეფორმების ნაწილი უკვე ინიციირებულია პარლამენტში, ფართოდაა მხარდაჭერილი და გაჩერებულია. ამაზე ხელისუფლების გეგმა არაფერს ამბობს.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია იუსტიციის საბჭოში ხუთი არამოსამართლე წევრის დანიშვნა, რასაც წელიწადზე მეტია პარლამენტი არ აკეთებს. ამაზე „ქართული ოცნების“ გეგმა უფრო კონკრეტულია, შეიცავს კონკურსის გამოცხადების ვადებს. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ ახერხებს მიაღწიოს კონსენსუსს საპარლამენტო ოპოზიციასთან არამოსამართლე წევრების კანდიდატურებთან დაკავშირებით. ოპოზიციის გარეშე კი, მხოლოდ „ქართული ოცნების“ პარტიას არ აქვს ხმების საკმარისი რაოდენობა.

„ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი გეგმა ერთპარტიულია. მათ ასე ისურვეს, არავინ ჩართეს გეგმის შედგენაში. ამიტომ, კარგი იქნებოდა თავისივე გეგმაში თავადვე მიეთითებინათ „ქართული ოცნება,“ როგორც ერთი პარტია, თავის მხრივ რა ნაბიჯისთვის არის მზად, რომ კონსენსუსი შედგეს

ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი გეგმა ერთპარტიულია. მათ ასე ისურვეს, არავინ ჩართეს გეგმის შედგენაში. ამიტომ, კარგი იქნებოდა თავისივე გეგმაში თავადვე მიეთითებინათ „ქართული ოცნება,“ როგორც ერთი პარტია, თავის მხრივ რა ნაბიჯისთვის არის მზად, რომ კონსენსუსი შედგეს

ახლა, როცა ასეთი მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ აჩვენოს დამოუკიდებელი ინსტიტუტების დამოუკიდებლობის და კონსენსუსის პრინციპისადმი პატივისცემა, ჩემი აზრით „ქართულ ოცნებას“ შეეძლო გაეცხადებინა, რომ ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ იმ კანდიდატებს, რომლებიც ფრაქციებში განხილვის შედეგად ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი დეპუტატების უმეტესი ნაწილის მხარდაჭერას მოიპოვებენ.

დამოუკიდებელ ინსტიტუტებს უნდა მართავდნენ დამოუკიდებელი ადამიანები. ფაქტია, ამ საკითხზე უფრო ქმედითი განაცხადის გაკეთება იყო საჭირო ქართული ოცნების მხრიდან და არა უბრალოდ ტექნიკურად კონკურსის ვადების გაწერა.

- მიიჩნევა, რომ ევროკავშირის 12-ვე რეკომენდაციის შესასრულებლად ყველაზე პრობლემურია დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტის შესრულება.

ამ თემაზე მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ბატონი ივანიშვილი კი არაა ოლიგარქი, არამედ ოლიგარქები არიან ხაზარაძე-ჯაფარიძე, სააკაშვილი და კეზერაშვილი. ამ თემაზეც კობახიძეს არაფერი უთქვამს. თუ ამავე თემაზე ხელისუფლების განცხადებებს გავითვალისწინებთ, არაა გამორიცხული დეოლიგარქიზაციაზე ცალკე კანონზე მუშაობაც კი იყოს დაწყებული.

თუ ხელისუფლების ლოგიკას გავყვებით, ოლიგარქებად შეიძლება იქნენ ჩათვლილი პარლამენტსა და ზოგიერთ საკრებულოებში მოქმედი მილიონერი დეპუტატები. სხვადასხვა კვლევებით, დღევანდელ პარლამენტი სწორედ იმით გამოირჩევა, რომ დღეს იქ საკმაოზე ბევრად მეტი მილიონერი დეპუტატი საქმიანობს.

თქვენი აზრით, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესასრულებლად რა უნდა გაკეთდეს? და კიდევ - ჩვენს რეალობაში რამდენად შესრულებადია ევროკავშირის ეს რეკომენდაცია?

- დეოლიგარქიზაციის კანონზე შეიძლება იმუშაოს პარლამენტმა, მაგრამ ეს დეოლიგარქიზაციისკენ გადადგმული არც მთავარი და არც საკმარისი ნაბიჯი არ იქნება.

დეოლიგარქიზაცია არ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების გარეშე. ამიტომ, დეოლიგარქიზაციის პირობის შესრულება დამოკიდებულია იმაზე, როგორ შესრულდება ევროკავშირის სხვა პირობები - სასამართლოს, პროკურატურის, ანტიკორუფციული სააგენტოს, საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით რა პროგრესი იქნება მიღწეული. რაც მთავარია, როგორ და ვინ იქნებიან დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის და წევრის, გენერალური პროკურორის, სახალხო დამცველის, იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობებზე.

დამოუკიდებელ ინსტიტუტებს არ უნდა ხელმძღვანელობდნენ ერთ კაცთან პირდაპირ დაკავშირებული ადამიანები. ამიტომ დეოლიგარქიზაცია უფრო კომპლექსური პირობაა ვიდრე ერთი კანონის მიღება იქნებოდა.

დეოლიგარქიზაციის პირობის შესრულება დამოკიდებულია იმაზე, როგორ შესრულდება ევროკავშირის სხვა პირობები... დამოუკიდებელ ინსტიტუტებს არ უნდა ხელმძღვანელობდნენ ერთ კაცთან პირდაპირ დაკავშირებული ადამიანები. ამიტომ დეოლიგარქიზაცია უფრო კომპლექსური პირობაა ვიდრე ერთი კანონის მიღება იქნებოდა

დეოლიგარქიზაციის პირობა შესრულებადია თუ ხალხი აიძულებს ქართული ოცნების ხელისუფლებას შეასრულოს ევროკავშირის 12 პირობა. თავისი ნებით დეოლიგარქიზაციის პირობას ქართული ოცნება არ შეასრულებს.

- იმისთვის, რომ ევროკავშირის 12-ვე რეკომენდაცია შესრულდეს, მმართველმა გუნდმა და საპარლამენტო ოპოზიციამ, ასევე მმართველმა გუნდმა და სამოქალაქო სექტორმა, რომლის ეგიდითაც რუსთაველზე ქვეყნის ევროკავშირის გაწევრიანების მოთხოვნით ხალხმრავალი მიტინგები გაიმართა, უნდა ითანამშრომლონ.

ანუ, რეალურად დაიწყოს ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების პირველი პუნქტის შესრულება. თუ რუსთაველზე აქციების დასრულების შემდეგ ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციის ნაწილის, „ნაციონალების“ წარმომადგენლების განცხადებებით ვიმსჯელებთ, სამწუხაროდ, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის სავარაუდოდ, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ითანამშრომლებენ.

ჯერჯერობით რაც ჩანს ისაა, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ „მოქალაქეებთან“ და „გირჩის“ განაყოფთან აპირებენ თანამშრომლობას. მეტიც, არ აპირებს „ნაციონალებთან“ თანამშრომლობას, რადგან ისინი სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანას და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ითხოვენ და ეს ის საკითხია, რომელშიც კორექტივების შეტანას მმართველი გუნდი არ აპირებს.

თუ ამ პროცესში მონაწილეობა „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ნაწილის გარდა დანარჩენმა საპარლამენტო ოპოზიციამ არ მიიღო, თქვენი დაკვირვებით, რამდენად შესაძლებელი იქნება ევროკავშირის 12-ვე რეკომენდაციის წლის ბოლომდე შესრულება?

- იმთავითვე ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოთხოვნებს პირობების შესრულებაზე მუშაობა შერჩევითი ჩართულობით, მხოლოდ მასთან თანამშრომლობით ვინც მოგწონს. მეტიც, ევროკავშირის პირობების შესასრულებლად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს და ითანამშრომლოს სწორედ მათთან ვინც არ მოსწონს, ვისი აზრის გაზიარებაც არ სურს.

ევროკავშირის პირობების შესასრულებლად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს და ითანამშრომლოს სწორედ მათთან ვინც არ მოსწონს, ვისი აზრის გაზიარებაც არ სურს

ოპოზიციისთვის და სამოქალაქო სექტორისთვისაც, საკუთარი განწყობა რომ გაგიზიაროთ, მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება მოჩვენებით პროცესში შევიდეთ, პროცესში, რომელიც თავიდანვე დროის გასაყვანად არის დაგეგმილი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ოპოზიციამ გამოიყენოს რიგგარეშე სესიის მოწვევის შესაძლებლობა, სადაც კონკრეტული რეფორმების დასრულება უნდა დადგეს დღის წესრიგში.

ამ სესიაზე გამოჩნდება და ხალხიც დაინახავს, რეალურია თუ მოჩვენებითი ის სამუშაო ჯგუფები და ის პროცესი, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, მართლა აპირებს თუ არა ხელისუფლება რეფორმების გატარებას.

ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ოპოზიციამ გამოიყენოს რიგგარეშე სესიის მოწვევის შესაძლებლობა, სადაც კონკრეტული რეფორმების დასრულება უნდა დადგეს დღის წესრიგში... ამ სესიაზე გამოჩნდება და ხალხიც დაინახავს, რეალურია თუ მოჩვენებითი ის სამუშაო ჯგუფები და ის პროცესი, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, მართლა აპირებს თუ არა ხელისუფლება რეფორმების გატარებას

რიგგარეშე სესიამ და ამ ზაფხულმა უნდა განსაზღვროს ჩემი აზრით შემოდგომის მოქმედებათა სტრატეგია.

- თქვენთან დაკავშირებამდე სოციალურ ქსელში თვალი მოვკარი თქვენსავე სტატუსს შარშან 5 ივლისს თბილისის ცენტრალურ ნაწილში 53 ჟურნალისტის ფაქტთან დაკავშირებით.

აბსოლუტურად სწორს ბრძანებთ, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მოძალადეები დაკავებულნი არიან, მაგრამ ხელისუფლება არაფერს ამბობს იმათზე, ვინც იმ დღეს გადაღებულ კადრებში პრაქტიკულად ხელმძღვანელობდა ჟურნალისტების არა მარტო ცემა-ტყეპას, არამედ დასჯას, რომლის შედეგად გარდაიცვალა ტვ-„პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა.

ერთი წლის წინ თბილისის ცენტში ჟურნალისტების უმოწყალოდ ცემასთან დაკავშირებით თქვენ როგორ შეაფასებდით ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას და ხელისუფლების საქმიანობას? სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ მოძალადე ჯგუფების ორგანიზატორები დღემდე არავის დაუსჯია?

- 5 ივლისის ძალადობები, რაც ტელევიზიითაც ვიხილეთ და რა მონაცემებიც გავრცელდა დაშავებულების შესახებ აჩვენებს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, წინასწარ ორგანიზებული თავდასხმა ადამიანთა ერთ კონკრეტულ ჯგუფზე - მედიის წარმომადგენლებზე.

სათანადო მომზადების და გეგმის გარეშე 5 ივლისი უბრალოდ არ მოხდებოდა იმ სახით რა სახითაც მოხდა. ამიტომ სრულიად არადამაჯერებელია მართლმსაჯულების სისტემის ქცევა, რომ მთავარი მოქმედი პირები ამ სასტიკი და თავხედური დანაშაულისა დღემდე არ არიან დასჯილი.

ამასთან, ყველა ბოლოდროინდელი საერთაშორისო რეაქცია მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს დამნაშავეთა სათანადო დასჯა და არავინ გაექცეს პასუხისმგებლობას.

ვინც არ უნდა ჩათვალოს ხელისუფლებამ მიკერძოებულ შემფასებლად, საერთაშორისო ავტორიტეტულ შეფასებებს და მოწოდებებს ვერსად წაუვა. ქვეყანაში შერჩევითი მართლმსაჯულების არსებობაზე მმართველ პოლიტიკურ გუნდს ეკისრება პასუხისმგებლობა.

ვინც არ უნდა ჩათვალოს ხელისუფლებამ მიკერძოებულ შემფასებლად, საერთაშორისო ავტორიტეტულ შეფასებებს და მოწოდებებს ვერსად წაუვა. ქვეყანაში შერჩევითი მართლმსაჯულების არსებობაზე მმართველ პოლიტიკურ გუნდს ეკისრება პასუხისმგებლობა

- ისევ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების თემას მინდა დავუბრუნდე. პოლიტოლოგმა და კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება-არშესრულების თემაზე ხელისუფლების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით განუცხადა - „მთავრობა შეეცდება დროის იქამდე გაჭიანურებას, ვიდრე მკაფიო არ იქნება რომ უკრაინაში რუსეთი მარცხდება და დასავლეთი იმარჯვებს“.

ისეთი პირი უჩანს, რომ ომი უკრაინაში მალე არ დასრულდება. ღმერთმა ქნას მალე დასრულდეს, მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ არ დასრულდა და ხელისუფლების გამო გაჭიანურდა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, ასეთ ვითარებაში პოლიტიკაში ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით და საშინაო პოლიტიკაში რა სურათი შეიძლება მივიღოთ?

- ჩემი აზრით შემთხვევით არ არის, რომ 12 პირობაში არ მოხვდა ევროკავშირთან ეკონომიკური დაახლოების პირობები. ეს გამოწვეულია იმ მომენტუმით, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომითაა შექმნილი.

ომმა უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ერთგვარად გაგვიმარტივა ევროპასთან დაახლოების პროცესი და ეს ახლა ხდება, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესია, არც აქამდე მომხდარა და არც მომავალში უნდა ველოდოთ. ეკონომიკური დაახლოება კიდევ უფრო კომპლექსური და დროში გაწელილი პროცესია ვიდრე პოლიტიკური დაახლოება.

ამიტომ ვამბობთ, რომ ახლა გვაქვს შანსი ქვეყანა მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების რელსებზე გადავიყვანოთ და გავარღვიოთ გადარჩენისთვის ბრძოლის ის შეკრული წრე, რომელშიც რუსეთი საუკუნეებია გვამყოფებს. თუ ეს ახლა ვერ შევძელით ეს პროცესი გაურკვეველი ვადით გადაგვივადდება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს