ენტონი ბლინკენი - ჩინეთს არ აქვს ნეიტრალური დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით - პეკინმა მხარი დაუჭირა რუსეთს გაეროში და გააძლიერა პრორუსული პროპაგანდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ჩინეთს არ აქვს ნეიტრალური დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ პეკინმა მხარი დაუჭირა რუსეთს გაეროში და გააძლიერა პრორუსული პროპაგანდა.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინაში რუსული აგრესიის თემა მან ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვან ი-სთან თითქმის 5-საათიანი მოლაპარაკებების დროს განიხილა. ორივე მხარის მიერ „გულწრფელად“ შეფასებული მოლაპარაკებები ბლინკენმა და ვან ი-მ ბალიზე „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართეს.

„მე კვლავ ვუთხარი მინისტრს, რომ ჩვენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის დაახლოება გვაწუხებს“,- განაცხადა ბლინკენმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შორის საუბარი უახლოეს კვირებში შედგება.

ამასთან, კითხვაზე, რატომ თქვა უარი „დიდი ოცეულის“ ფარგლებში შეხვედროდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი კონტრუქციული დიპლომატიისთვის მზად არ არის.

„ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშანს იმისას, რომ რუსეთი მოცემული მომენტისთვის მზად არის კონსტრუქციული დიპლომატიისთვის“,- განაცხადა ბლინკენმა.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს