ევროკომისია - „ჩრდილოეთ ნაკადისთვის“ ტურბინის დაბრუნება ევროკავშირის სანქციებს არ არღვევს

ევროკომისია - „ჩრდილოეთ ნაკადისთვის“ ტურბინის დაბრუნება ევროკავშირის სანქციებს არ არღვევს

კანადის მიერ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადისთვის“ ტურბინის დაბრუნება არ არღვევს ევროპის ქვეყნების სანქციების პოლიტიკას მოსკოვის წინააღმდეგ, ვინაიდან, სანქციები არ ვრცელდება გაზის ტრანზიტისთვის განკუთვნილ აღჭურვილობაზე, - ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ტიმ მაკფიმ განაცხადა.

როგორც ცნობილია, კანადამ ორი დღის წინ განაცხადა, რომ დააბრუნებს „სიმენსის“ შეკეთებულ ტურბინას, რომელიც საჭიროა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობისთვის.

მედიის ინფორმაციით, ტურბინა გადაეცემა გერმანიას, ხოლო იქიდან - „გაზპრომს“, რათა ოტავამ საკუთარი სანქციები არ დაარღვიოს.

რუსეთმა დღეს „ჩრდილოეთის ნაკადის მეშვეობით ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანზიტი შეწყვიტა, რის მიზეზადაც, სხვა საკითხებთან ერთად ხსენებული ტურბინის არქონასაც ასახელებს.