Reuters - რუსეთი, საქართველოს პორტის გავლით, ბულგარეთს თხევად გაზს მიაწვდის

რუსი ექსპორტიორები ბულგარეთში თხევადი ნავთობის გაზის (LPG) მიწოდებას საქართველოს შავი ზღვის პორტის ფოთის გავლით ივლისში დაიწყებენ, რადგან ტრადიციული საექსპორტო მარშრუტები დახურულია, - ინფორმაციას Reuters-ი ტრეიდერებსა და Refinitiv Eikon-ის სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში თხევადი ნავთობის გაზის მიწოდება 24 თებერვალს შეწყვიტა, როდესაც იქ ჯარები გაგზავნა, ასევე შეაჩერა LPG სარკინიგზო ტრანზიტი რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში უკრაინის გავლით, რაც ექსპორტიორებს ავალდებულებს, ახალი მარშრუტები ეძიონ.

Refinitiv-ის მონაცემებით, ფინეთმა, რომელიც რუსეთის თხევადი ნავთობის გაზის კიდევ ერთი დიდი საექსპორტო მარშრუტია, მკვეთრად შეამცირა შესყიდვები. გასულ წელს რუსეთმა თავისი LPG-ის 25% უკრაინასა და ფინეთში გაიტანა.

Reuters-ი წერს, რომ Refinitiv Eikon-ის მონაცემებით, ამ თვეში დაახლოებით 3000 ტონა თხევადი ნავთობის გაზი სურგუტიდან სარკინიგზო ტრანსპორტით ფოთში, შემდეგ კი საზღვაო ბორნით ბულგარეთის ვარნაში გადაიგზავნება.

"LPG-ის მიწოდება განიხილება ფოთის გავლით, სხვა ძირითადი საექსპორტო მარშრუტებით გაყიდვების შეზღუდული შესაძლებლობების გამო", - განაცხადა წყარომ Reuters-თან საუბრისას.

მოვაჭრეთა მონაცემებით, ბულგარეთი თვეში 30 000-35 000-მდე ტონა თხევად გაზს მოიხმარს. ის ყოველთვიურად დაახლოებით 10 000 ტონა LPG-ს აწარმოებს, დანარჩენს კი რუმინეთიდან და რუსეთიდან იღებს.

"LPG სარკინიგზო გადაზიდვები სურგუტიდან ფოთის გავლით ბულგარეთში დაახლოებით 50%-ით აღემატება ევროკავშირისთვის უკრაინის გავლით მიწოდების ფასს, სარკინიგზო მარშრუტი სურგუტიდან ფოთამდე ერთ ტონაზე 260-280 აშშ დოლარი ღირს, ხოლო ბორანი ფოთსა და ვარნას შორის ტონაზე - 130-150 აშშ დოლარს შეადგენს", - წერს Reuters.

სააგენტოს ინფორმაციით, მოვაჭრეების შეფასებით, მიუხედავად ამისა, მარშრუტით გაგზავნილი მარაგი მაინც მომგებიანია შიდა გაყიდვებთან შედარებით რისი მიზეზიც რუსეთში LPG-ის ფასების დაცემაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო