ჰუბერტ ქნირში პოლიტიკოსებს ურჩევს, იპოვონ გამბედაობა, საკუთარი „სვანური კოშკიდან“ ჩამოვიდნენ და ერთმანეთთან ითანამშრომლონ

არ ვიცი, იპოვის თუ არა თითოეული პოლიტიკოსი და პარტია თავის თავში ძალასა და გამბედაობას, ქვემოთ ჩამოვიდეს საკუთარი „სვანური კოშკიდან“. იმედი მაქვს, ისინი მკაფიოდ გრძნობენ, რომ ამის სურვილი არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ საქართველოს მოსახლეობის მხრიდანაც მოდის, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე საუბრისას აღნიშნა.

ელჩის თქმით, საქართველოში პოლიტიკური პარტიები მიჩვეულები არიან ერთმანეთის წინააღმდეგ დაუნდობლად ბრძოლას, რაც არა მხოლოდ ესთეტიკურად მიუღებელია, არამედ, ასევე, ხელს უშლის არსებითი საკითხების მოგვარებას.

„საქართველოში პოლიტიკური პარტიები, პირველ რიგში, ერთ რამეს არიან მიჩვეული, კერძოდ, ერთმანეთის წინააღმდეგ დაუნდობლად ბრძოლას. ამ ქცევას თავისი ახსნა აქვს - ეს არის საქართველოში სხვადასხვა მთავრობის ისტორიისა და ხელისუფლების ცვლილებათა ისტორიის შედეგი. ამასობაში პოლარიზაციის ხარისხი არა მხოლოდ ესთეტიკურად მიუღებელია, არამედ, ასევე, ხელს უშლის იმ არსებითი საკითხების მოგვარებას, რომლებიც პოლიტიკის წინაშე დგას. ამიტომ ევროკავშირს აქ სურს დაინახოს ძირეული ცვლილებები. არ ვიცი, იპოვის თუ არა თითოეული პოლიტიკოსი, თითოეული პარტია თავის თავში ძალასა და გამბედაობას, ქვემოთ ჩამოვიდეს საკუთარი სვანური კოშკიდან. იმედი მაქვს, ისინი მკაფიოდ გრძნობენ, რომ ამის სურვილი არა მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან მოდის, არამედ საქართველოს მოსახლეობიდან, რომელსაც რეალური პრობლემები აქვს“,- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნაში უმრავლესობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა ოპოზიციაც ვერ გაექცევა თავის პასუხისმგებლობას.

„როდესაც საქმე ეხება თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას, უმრავლესობის პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. თუმცა ოპოზიციაც ვერ გაექცევა თავის პასუხისმგებლობას. თუ მას სურს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან მეტად დაახლოება, მაშინ მან უნდა გადალახოს თავისი უნდობლობა და „ოცნებასთან“ შევიდეს დიალოგში გამოწვევების გადალახვის საუკეთესო გზების მოძიების მიზნით. ზოგიერთმა პარტიამ უკვე გამოხატა ეს კონსტრუქციული ნება“,- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე:

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია