ჰუბერტ ქნირში - თუ ოპოზიციას სურს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაახლოება, მაშინ უნდა გადალახოს უნდობლობა და „ოცნებასთან“ დიალოგში შევიდეს

პოლარიზაცია - სიტყვა, რომელიც დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს პოლიტიკური გარემოს შესაფასებლად ნეგატიურ კონტექსტში რამდენიმე წლის განმავლობაში გვესმის, ახლა ისტორიული პერსპექტივის წინაღობა გახდა.

დეპოლარიზაცია - მმართველმა პარტიამ კანდიდატის სტატუსის მისაღწევად დასახულ 12 -პუნქტიან გეგმაში პირველ პუნქტად განსაზღვრა. „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა იმედი გამოთქვა, რომ ამ პირობის ხორცშესხმის მიზნით, პარტიები იპოვიან საკუთარ თავში ძალას და ჩამოვლენ „სვანური კოშკებიდან“.

როგორ წარმოუდგენია საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ, რამდენად ეფექტურად შეძლებს ქვეყნის ხელისუფლება პოლიტიკაში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კონკრეტული პირების ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრას და რატომ ირჩევენ პოლიტიკოსები უფრო მეტად შეთქმულებებზე, საიდუმლოებებსა, ომში ჩართვაზე საუბარს, იხილეთ ვრცლად ინტერვიუში.

- პირველ რიგში, ჩვენი ინტერვიუ მინდა დავიწყოთ იმ გეგმის შეფასებით, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად წარმოადგინა. როგორ ფიქრობთ, ამ გეგმის შინაარსიდან გამომდინარე, არის ის კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ გადადგმული პირველი სწორი ნაბიჯი ?

- „ქართული ოცნების“ შეთავაზება მნიშვნელოვანია, რადგან ამით იწყება პროცესი. ევროკავშირი მმართველი პარტიისგანარ ელის, რომ მას ჰქონდეს ყველა საკითხისმოგვარების მზა რეცეპტი, არამედ იგი ელის, რომ მმართველი პარტია მზად იყოს, გზების მოძიების პროცესში ითანამშრომლოს ოპოზიციურ პარტიებთან და მოუსმინოს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ამიტომ ის შინაარსობრივი წინადადებები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი წინადადება. კანდიდატის სტატუსი იქნება შედეგი წარმატებული, ღია და ინკლუზიური პროცესისა.

- რამდენადაც კარგად არ უნდა გამოიყურებოდეს გეგმა, რომელიც ხელისუფლებამ შეიმუშავა, ჯერ კიდევ რჩება ორი ფაქტორი- ნება მმართველი პარტიის მხრიდან, რომ ფურცელზე დაწერილი საქმედ იქცეს და მზაობა ოპოზიციის მხრიდან, ითანამშრომლოს გეგმის შესრულების ძალისხმევაში. თავად გეგმა დეპოლარიზაციის პუნქტით იწყება, სადაც ნათქვამია, რომ ეს არის ერთგვარი საფუძველი დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტიანად შესასრულებლად. ის თუ როგორ დაიძრა პროცესები, გაძლევთ იმის იმედს, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაცია მიღწევადი ამოცანაა და ის აღარ გახდება დაბრკოლება ისეთ ისტორიულ მომენტებში, რომელიც ერთხელ უკვე გავუშვით ხელიდან?

- საქართველოში პოლიტიკური პარტიები, პირველ რიგში, ერთ რამეს არიან მიჩვეული, კერძოდ, ერთმანეთის წინააღმდეგ დაუნდობლად ბრძოლას. ამ ქცევას თავისი ახსნა აქვს - ეს არის საქართველოში სხვადასხვა მთავრობის ისტორიისა და ხელისუფლების ცვლილებათა ისტორიის შედეგი. ამასობაში პოლარიზაციის ხარისხი არა მხოლოდ ესთეტიკურად მიუღებელია, არამედ, ასევე, ხელს უშლის იმ არსებითი საკითხების მოგვარებას, რომლებიც პოლიტიკის წინაშე დგას. ამიტომ ევროკავშირს აქ სურს დაინახოს ძირეული ცვლილებები. არ ვიცი, იპოვის თუ არა თითოეული პოლიტიკოსი, თითოეული პარტია თავის თავში ძალასა და გამბედაობას, ქვემოთ ჩამოვიდეს საკუთარი სვანური კოშკიდან. იმედი მაქვს, ისინი მკაფიოდ გრძნობენ, რომ ამის სურვილი არა მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან მოდის, არამედ საქართველოს მოსახლეობიდან, რომელსაც რეალური პრობლემები აქვს.

როდესაც საქმე ეხება თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას, უმრავლესობის პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. თუმცა ოპოზიციაც ვერ გაექცევა თავის პასუხისმგებლობას. თუ მას სურს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან მეტად დაახლოება, მაშინ მან უნდა გადალახოს თავისი უნდობლობა და „ოცნებასთან“ შევიდეს დიალოგში გამოწვევების გადალახვის საუკეთესო გზების მოძიების მიზნით. ზოგიერთმა პარტიამ უკვე გამოხატა ეს კონსტრუქციული ნება.

- ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია რომ ყურადსაღებია, ამ ნაწილზე არ შევჩერდები. ზოგიერთ პუნქტზე, მაგალითად, სასამართლო სისტემის რეფორმების აუცილებლობაზე მე და თქვენ სხვა ინტერვიუების ფარგლებშიც გვისაუბრია. ახლა თქვენი ყურადღება ერთ კონკრეტულ პუნქტზე მინდა შევაჩერო, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება და როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩს გკითხოთ, ვის მიიჩნევთ საქართველოში ოლიგარქად, არის თუ არა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური იქნება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი იმ პირობებში, როდესაც „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის ეს შენიშვნა ივანიშვილის არ ეხებოდა?

- უნდა ვაღიარო, რომ ეს არ მიმაჩნია იოლ საკითხად. ევროკავშირმა სამივე ქვეყანასთან მიმართებით ისაუბრა დეოლიგარქიზაციის შესახებ და თუ ზუსტად წავიკითხავთ, ეს გულისხმობს პოლიტიკაში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრას. ეს არის ძალიან დიდი, ზოგადი და ძნელად შესრულებადი სურვილი. თუმცა უდავოდ ძალიან კარგი სურვილია ყველა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით იმ სამი ქვეყნისთვის, სადაც კაპიტალიზმს ჯერ არ აქვს დიდი ხნის ისტორია და რომლებმაც სწრაფი პრივატიზაციის პროცესი გაიარეს. თითოეულმა ქვეყანამ საკუთარი სპეციფიკური და სათანადო გზა უნდა მოძებნოს და ევროკავშირის ყველა მითითება მთლიანობაში განიხილოს. თუ პირველ ადგილზე დგას პოლიტიკურ ბანაკებს შორის პოლარიზაციის დასრულება, მაშინ დეოლიგარქიზაცია არ შეიძლება ნიშნავდეს პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ კიდევ უფრო გამალებით ბრძოლას. ბევრ რამეს შეუძლია შეიტანოს წვლილი იმაში, რომ ცალკეულმა პირებმა და ადამიანთა ჯგუფებმა ვერ იქონიონ გადაჭარბებული გავლენა. ეს არის მაგალითად ქონებრივი გამჭვირვალობა, ძლიერი ინსტიტუციები, მართლმსაჯულება, რომელიც მხოლოდ კანონზეა ორიენტირებული, ხარისხიანი მედია, თავდაჯერებული ამომრჩეველი.

- ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა იმის გამო, რომ იყო ბევრი დაძაბულობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მან ასევე ახსენა ბრალდებები და თავდასხმები ევროპარლამენტარებზე და აღნიშნა, რომ მოლდოვის პროევროპული ხელისუფლებისგან განსხვავებით ევროკავშირმა ეს ვერ დაინახა საქართველოში. მინდა გკითხოთ, ამ ფონზე, რა გზავნილია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე კელი დეგნანზე თავდასხმა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ელჩისადმი გაგზავნილი წერილით ახორციელებს, რომლის ნარატივიც თავად დეგნანის შეფასებით, ემთხვევა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ნარატივს.

- სამწუხაროდ ისეა, რომ რთულ სიტუაციებში განსაკუთრებით ისეთი გამონათქვამები იპყრობს დიდ ყურადღებას, რომლებიც რაღაცნაირად ბუნდოვნად და დრამატულად ჟღერს. რაც უფრო ნაკლებად სურთ პოლიტიკოსებს მათ წინაშე არსებულ რთულ გამოწვევებზე მუშაობა, მით უფრო მეტად საუბრობენ ისინი შეთქმულებების, საიდუმლოებების, ომის შესახებ ან ისინი ცდილობენ თავს დაესხან ამ თუ იმ პიროვნებას მისი დისკრედიტაციის მიზნით. ამან ადამიანები არ უნდა დააბნიოს და გადაატანინოს ყურადღება.

- რადგან ნეგატიურ ნარატივზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთ გავრცელებულ და „ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ხშირად გამეორებულ განცხადებას მინდა გამოვეხმაუროთ, რომლის თანახმადაც, დასავლეთს საქართველოში ომში ჩართვა სურს. დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ელჩების მხრიდან არაერთხელ აღნიშნა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება - როგორ ფიქრობთ, გაკეთებული განმარტებების მიუხედავად, რას ემსახურება ამ მოსაზრების ტირაჟირება ხელისუფლების მხრიდან ?

- გთხოვთ, ეს შეკითხვა დაუსვათ იმათ, ვინც ამას ამბობს ან ამაზე მიანიშნებს. დასავლეთის ქვეყნებმა უსაზღვროდ დიდი ძალისხმევა გაიღეს დაძაბულობის განმუხტვისათვის, როგორც 2008, ისევე 2014 წლის შემდეგ. ეს ომი არის მხოლოდ ცალმხრივი აგრესიის შედეგი. საქართველო ყოველთვის აცხადებდა, რომ სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებული კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება მოგვარდეს. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ამ პოზიციას.

- მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარს სწორედ იმ მიზეზით ხსნის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ომში ჩართვაზე უარი თქვა. „საქართველო დაიჩაგრა, რადგან ომის მეორე ფრონტის გახსნაზე უარი თქვა“. “არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს” – ეს განცხადებები სწორედ კობახიძეს ეკუთვნის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ობიექტურად რას უკავშირდება ევროკავშირის გადაწყვეტილება ?

- ჩვენ დავინახეთ ევროკავშირის მიერ ფორმულირებული პირობების სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციის მცდელობები. ერთი ამბობს, რომ ევროკავშირმა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის განკარგულება გასცა, მეორე კი იმას, რომ ევროკავშირს სურს საქართველოს ომში ჩაბმა. არცერთი ასეთი გამონათქვამი ხელს არ შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს პოლიტიკურ ელიტას შორის ნდობის გამყარებას. რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო ევროკავშირში ადამიანებმა - მეტად, ვიდრე ოდესმე - გაათვითცნობიერეს ის, რომ ჩვენ მჭიდროდ ვართ დაკავშირებული ჩვენს აღმოსავლეთ ევროპელ მეზობლებთან, რომ ჩვენ ფუნდამენტურ ერთობას ვქმნით. ამ შეგრძნებაში საქართველოც იგულისხმება და ამის შედეგია ის, რომ საქართველოს ახლა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს