შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაკსა ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ გადადგა

შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაკსა ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ გადადგა

მასობრივი პროტესტის გამო, სინგაპურში გაქცეულმა შრი-ლანკის პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაკსამ თანამდებობა დატოვა.

მედიის ცნობით, სინგაპურში ჩასვლამდე, რაჯაპაკსა თავდაპირველად მალდივებზე გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, მას თან მეუღლე და ორი მცველი ახლავს.

როგორც BBC-ი წერს, პრეზიდენტს შრი-ლანკის დატოვება თანამდებობიდან გადადგომამდე სურდა, რათა თავიდან აეცილებინა დაკავების შესაძლებლობა.

სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შრი-ლანკის პრეზიდენტს თავშესაფარი არ მოუთხოვია და არც თავშესაფარი მიუღია.

„სინგაპური, როგორც წესი, არ აკმაყოფილებს თავშესაფრის მოთხოვნებს”, - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

შრი-ლანკაში მასობრივი გამოსვლები სურსათის, საწვავისა და სხვა ძირითადი მარაგებზე ფასების ზრდამ გამოიწვია.