ანალენა ბერბოკი - უკრაინას მხარს დავუჭერთ არა მხოლოდ სოლიდარობით, არამედ სამხედრო მხარდაჭერითაც

გერმანია უკრაინას მხარს დაუჭერს არა მხოლოდ სოლიდარობის გამოხატვით, არა მხოლოდ ყოველდღე იმის აღნიშვნით, რომ ეს არის რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური დარღვევა, არამედ სამხედრო მხარდაჭერითაც, რათა მათ საკუთარი ქვეყნისა და ტერიტორიის დაცვა შეძლონ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
რაც შეეხება იმას, რომ ბოლო კვლევის შედეგად, გერმანია კიევისთვის იარაღის მიწოდების კუთხით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ბერბოკის განმარტებით, ეს არ არის რბოლა.
„ეს არ არის რბოლა, თუ ვინ რომელ ადგილზეა რეიტინგში. ეს არის მთელი საერთაშორისო საზოგადოების, ნატო-ს წევრი ქვეყნების საერთო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - აღნიშნა მინისტრმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას ჰაუბიცებს, სხვა საბრძოლო მასალას და საჰაერო სარაკეტო თავდაცვის სისტემებს ზაფხულის ბოლომდე მიაწვდიან.
ანალენა ბერბოკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მოსკოვმა უკრაინაში ე.წ. სამხედრო ოპერაციის მიზნების გეოგრაფიული გაფართოების გადაწყვეტილება დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდების გამო მიიღო.
„ახალი პროპაგანდა რუსეთის მხრიდან. რუსეთი ყოველ ჯერზე სხვადასხვა არგუმენტს იყენებს. ამჯერად მიზეზი სამხედრო მხარდაჭერაა. მაგრამ ისინი კიევსა და უკრაინის სხვა ნაწილებს ამ მხარდაჭერამდე უტევდნენ“, - აღნიშნა ბერბოკმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალური ოპერაციის“ გეოგრაფიული ამოცანები შეიცვალა და „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს გასცდა“. მისი თქმით, რუსეთის მიზნები კიდევ უფრო გაფართოვდება, თუ დასავლეთი განაგრძობს კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდებას.

























