უკრაინელი დეპუტატი - ხელშეკრულების თანახმად, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი სამი პორტის საშუალებით განხორციელდება

უკრაინელი დეპუტატი - ხელშეკრულების თანახმად, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი სამი პორტის საშუალებით განხორციელდება

მარცვლეულის ექსპორტზე მოლაპარაკებებში ჩართული უკრაინული დელეგაციის წევრი, რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ ხელშეკრულება ექსპორტის სამი პორტის საშუალებით განხორციელებას გაითვალისწინებს.

„ექსპორტი განხორციელდება სამი პორტით: ოდესის, პივდენისა, და ჩერნომორსკის პორტებით“, - განაცხადა პარლამენტარმა.

მისი თქმით, შემუშავებულია უსაფრთხო მარშრუტები და ყველა გემმა ამ მარშრუტებით უნდა იმოძრაოს.

„იმედი გვაქვს, მომავალში სიის გაფართოვებას შევძლებთ. საზღვაო ძალების, შეიარაღებული ძალების ყველა რეკომენდაცია დაცული უნდა იყოს. არის უსაფრთხო დერეფნები, მარშრუტები, რომლებიც სამხედროებთან ერთად შევიმუშავეთ და ყველა სამოქალაქო გემი ამ მარშრუტებით წავა. ჩვენ ყველას მივყიდით მარცვლეულს და ყველა გემს, რომელიც ამ მითითებებს მიჰყვება, შეუძლია ჩვენთან ჩამოსვლა“, - აღნიშნა უმეროვმა.

ამასთან, უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ დელეგაცია, მინისტრ ალექსანდრე კუბრაკოვის ხელმძღვანელობით, სტამბოლში ჩავიდა.

„უკრაინულმა მხარემ გამართა შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან. გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის პორტების განბლოკვის მიმართ და განაცხადა, რომ უსაფრთხოება გაეროს უდავო პრიორიტეტია“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, უკრაინის, რუსეთის, თურქეთის წარმომადგენლებმა და გაერო-ს გენერალური მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას დღეს სტამბოლში მოაწერეს ხელი.