ანტონიო გუტერეში ოდესის პორტზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს

გაერო უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შეთანხმების მიღწევიდან 24 საათზე ნაკლებ დროში რუსეთის მიერ ოდესის პორტზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა.
განცხადება, გაეროს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გმობს ოდესის პორტზე განხორციელებულ თავდასხმას.
„გუშინ ყველა მხარემ მკაფიოდ აიღო საკუთარ თავზე ვალდებულება უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო გადაადგილებასთან დაკავშირებით. ეს პროდუქტები უკიდურესად მნიშვნელოვანია გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად და მილიონობით ადამიანის ტანჯვის შესამსუბუქებლად, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დახმარებას საჭიროებენ“,- ნათქვამია განცხადებაში.
გაერო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეთანხმების სრული შესრულება რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის მხრიდან სავალდებულოა.
ცნობისთვის, გუშინ სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით შეთანხმებას ხელი ერთი მხრივ უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ, მეორე მხრივ კი რუსეთმა თურქეთმა და გაერომ მოაწერეს. დღეს კი ოდესის პორტზე რუსული სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

























