სერგო ჩიხლაძე - ხვალიდან იწყება სამუშაო ჯგუფების მუშაობა, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ შევქმენით არასამთავრობო სექტორთან ერთად - მივესალმებით თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩაერთვებიან

თუ ჩვენი შეთავაზებები არ იქნება გაზიარებული, განვიხილავთ ზეწოლის სხვა ბერკეტებს - ფასადური კანონპროექტებით, რომელშიც ძირითადი საკითხები განხილული არ არის, არც საზოგადოება, არც პოლიტიკური პარტიები და არც ევროპელი პარტნიორები არ მოტყუვდებიან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხვალიდან პარლამენტში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის სამუშაო ჯგუფების მუშაობა დაიწყება, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე იზრუნებს.

„ხვალიდან პრაქტიკულად იწყება სამუშაო ჯგუფების მუშაობა, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ შევქმენით არასამთავრობო სექტორთან ერთად. დაიწყება 3 საკითხის განხილვა, რომელიც შეეხება მართლმსაჯულებას, საარჩევნო სისტემას და ანტიკორუფციას. გვინდა, რომ ეს პროცესი იყოს ინკლუზიური, ამიტომ მივესალმებით თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩაერთვებიან შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები. ჩვენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანსაც მოვახსენებთ ამ ჯგუფების მიმდინარეობის შესახებ და მივესალმებით ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომელიც ამ პროცესში ჩაერთვება. რაც მმართველ გუნდს აქვს დაანონსებული, იქ საკვანძო საკითხები არ განიხილება, ისინი ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაცია ივანიშვილს არ შეეხება, საკონსტიტუციო ცვლილებები არ იქნება განხილული და მართლმსაჯულებაში ერთადერთი პრობლემა მოსამართლეების რაოდენობაა, როდესაც ასეთი დათქმებით ქმნიან ჯგუფებს, რომელშიც დღის წესრიგი არ არსებობს, მონაწილეობას ოპოზიცია არ მიიღებს. ევროკავშირის რეკომენდაციაა, რომ 12-ვე საკითხზე უნდა იყოს მუშაობა, „ოცნება“ ძირითად 4 საკითხზე ამბობს, რომ ამაზე არ იმუშავებს, ეს არ არის პროცესი, რომელსაც ევროკავშირი გვეუბნება.

თუ ჩვენი შეთავაზებები არ იქნება გაზიარებული, განვიხილავთ ზეწოლის სხვა ბერკეტებს. ფასადური კანონპროექტებით, რომელშიც ძირითადი საკითხები განხილული არ არის არც საზოგადოება, არც პოლიტიკური პარტიები და არც ევროპელი პარტნიორები არ მოტყუვდებიან. ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდი ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები სხვადასხვა ტიპის, რომლითაც მოხდება წნეხი ხელისუფლებაზე, რომ რეალურად შეასრულოს 12 რეკომენდაცია“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა