რომის პაპი კანადაში ჩადის

კანადაში რომის პაპი ფრანცისკეს სამოციქულო ვიზიტი იწყება, რასაც მან „სინანულის მომლოცველობა“ უწოდა.
როგორც მედია წერს, პონტიფიკოსი აპირებს ბოდიში მოიხადოს აბორიგენი ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობის გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა დიდწილად კათოლიკეების მიერ მართულ სკოლებში.
სავარაუდოდ, პაპის თვითმფრინავი ქალაქ ედმონტონში, ადგილობრივი დროით 11:20 საათზე დაეშვება. კათოლიკური ეკლესიის მეთაური ასევე კვებეკს და იკალუიტს ეწვევა.
ცნობისთვის, 1881-1996 წლებში 150 000-ზე მეტი აბორიგენი ბავშვი საკუთარ ოჯახებს გამოაცალკევეს და სკოლებში გადაიყვანეს, სადაც ისინი სწავლასთან ერთად ცხოვრობდნენ. მათდამი მოპყრობას კანადის მთავრობის ერთ-ერთმა კომისიამ „კულტურული გენოციდი“ უწოდა, რადგან არაერთი ბავშვი შიმშილის, ფიზიკური და სექსუალურ ძალადობის მსხვერპლი გახდა.
სააგენტო „როიტერსს“ გადარჩენილმა აბორიგენებმა და მათმა ლიდერებმა განუცხადეს, რომ მათ პაპისგან ბოდიშის მოხდაზე მეტი სურთ. არაერთი დაზარალებული ფინანსურ კომპენსაციას ითხოვს, ისევე როგორც, არტეფაქტების დაბრუნებას, სკოლის ჩანაწერების გამოქვეყნებას, ბრალდებული მოძალადის ექსტრადირების მხარდაჭერას და მე-15 საუკუნის დოქტრინის გაუქმებას, რომელიც აბორიგენი ხალხისთვის საკუთრების უფლების ჩამორთმევას პაპის ედიქტით ამართლებს.

























