ჯანდაცვის სამინისტრომ და საპარლამენტო კომიტეტმა არაგადამდებ დაავადებათა საინვესტიციო პაკეტისა და ფიზიკური აქტივობის ეროვნული სტრატეგიის პროექტები წარადგინეს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ევროკავშირის მხარდაჭერით, არაგადამდებ დაავადებათა საინვესტიციო პაკეტის და ფიზიკური აქტივობის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტები წარადგინეს.

ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყოველწლიურად საქართველოს არაგადამდები დაავადებების მხოლოდ ოთხი ჯგუფის გამო 3,000,000,000 ლარის ეკონომიკური ტვირთი აქვს.

„არაგადამდები დაავადებების (NCD) საინვესტიციო პაკეტი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტთა მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა მოამზადა, საქართველოში არსებულ არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის მიზნით პოტენციური ინტერვენციების ეკონომიკური და პოლიტიკური ანალიზია. დოკუმენტში აღწერილია არაგადამდები დაავადებების ამჟამინდელი ეკონომიკური ტვირთი, განსაზღვრულია პრიორიტეტული სფეროები, რომელშიც საჭიროა ღონისძიებების განხორციელება, შეფასებულია ამ ქმედებების და ჩადებული ინვესტიციისგან მიღებული სარგებელი. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ინვესტიციებს არაგადამდებ დაავადებებში, მოაქვს გაცილებით დიდი სარგებელი ეკონომიკური, ჯანმრთელობის და სოციალური კუთხით. ქვეყანაში, უკანასკნელ პერიოდში, ურბანიზაციის პროცესების გაძლიერება, კერძო მანქანებისა და მოტორიზებული ტრანსპორტის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ახალი ტექნოლოგიების გავრცელება დადებით ეფექტთან ერთად ასევე უკავშირდება ფიზიკურად აქტიური ადამიანების რაოდენობის შემცირებას. მწვანე სივრცეების არასაკმარისი რაოდენობა და ფართობი ქალაქებში, სკოლებში ფიზიკური აქტივობის და სპორტის გაკვეთილების ინფრასტრუქტურული თუ სხვა პრობლემები, ფიზიკური აქტივობის მიზანმიმართული საკომუნიკაციო კამპანიების ნაკლებობა და მრავალი სხვა პრობლემა ასევე ხელს უწყობს ამ ტენდენციას. ამ მიზეზით, ფიზიკური აქტივობის სფეროში ყოვლისმომცველი პოლიტიკის საჭიროება იზრდება. ფიზიკური აქტივობის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც დღეს განიხილეს, მიზნად ისახავს ეროვნულ დონეზე ეფექტური პოლიტიკის განხორციელებას მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის დონის ამაღლებისათვის“, - აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია არაგადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პრევენციული პროგრამები განვითარდეს.

„არაგადამდები დაავადებები, მათ შორის გულის დაავადებები, კიბო, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ქმნის ყველაზე დიდ ტვირთს როგორც ავადობის, ასევე გარდაცვალების გამომწვევ მიზეზების შორის. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ეკონომიკური ტვირთის შეფასებას. შეფასებული მაჩვენებლით, მხოლოდ 2019 წელს ამ არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული დანაკარგი და პირდაპირი დანახარჯი შეფასებულია 3 მილიარდ ლარამდე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია განვითარდეს ინფრასტრუქტურა და პრევენციული პროგრამები, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს თავთან ავიცილოთ არაგადამდები დაავადებები სამომავლოდ",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, სილვიო დომენტეს განცხადებით, საქართველოში სიკვდილიანობის 90% არაგადამდები დაავადებებითა და მათი რისკის ფაქტორებით არის გამოწვეული. როგორც დომენტემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზიანისგან გამოწვეული ეკონომიკური ზემოქმედება საქართველოზე უზარმაზარია.

„ჩვენ ვმუშაობთ არაგადამდები დაავადებების გამომწვევი რისკ ფაქტორების შემუშავებაზე ჩვენ პარტნიორებთან ერთად. მოგეხსენებათ, საქართველოში სიკვდილიანობის 90% სწორედაც არაგადამდები დაავადებებითა და მათი რისკის ფაქტორებით არის გამოწვეული. ეს არის ძირითადად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, რესპირაციული დაავადებები, დიაბეტი, აგრეთვე არაჯანსაღი ცხოვრების წესი, არააქტიურობა, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის მავნე მოხმარება, მარილისა და შაქრის ჭარბი მოხმარებაც, რომლებიც ადამიანში იწვენ იმ რისკებს, რომელიც შემდეგ ხდებიან არაგადამდები დაავადებები მიზეზი. COVID-19-ის პანდემიის პირობებშიც კი ჩვენ ვმუშაობდით და ვთანამშრომლობდით ჯანდაცვის სამინისტროსთან, NCDC-სთან და სხვა პარტნიორებთან იმისთვის, რომ შეგვემცირებინა არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული რისკები, აგრეთვე მოგვექცია კონტროლის ქვეშ ის რიკის ფაქტორები, რომელიც ამ დაავადებებს უკავშირდება. ეკონომიკური ზემოქმედება უზარმაზარია ქვეყანაზე, ზიანი, რომელიც მოაქვთ ამ დაავადებებს. დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია არაგადამდებო დაავადებები საკითხებში ინვესტიციებში განხორციელების მიმართულებით. კვლევის ფარგლებში მოხდა გაანგარიშება თუ რა ინვესტიციაა საჭირო იმისთვის, რომ ეს რისკფაქტორები შემცირდეს, რომელიც ადამიანების სიკვდილს იწვევს. მსგავსი კვლევები გახდება იმ გეგმის საფუძველი, რომელსაც საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს. ასევე არის საუბარი იმაზე, რომ ხელი შეეწყოს და წახალისებულ იქნას ჯანსაღი ცხოვრების წესი“, - განაცხადა სილვიო დომენტემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. როგორც გამყრელიძე აცხადებს, მოქალაქეებმა უარი უნდა თქვან ალკოჰოლზე, თამბაქოზე და ეცადონ, ნაკლებად მარილიანი საკვები მიიღონ.

„არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრება, ნაკლები თამბაქო და საერთოდ, უარი თამბაქოს, ნაკლები ალკოჰოლი, ნაკლები მარილის დაყრა საკვებზე. მოგეხსენებათ, 5 გრამია დღეში მარილის მოხმარების ნორმა და საშუალოდ, ქართველი 8 გრ-ზე მეტს იყენებს. ამიტომ, ეს თანდათანად უნდა დავივიწყოთ, რადგან მარილი გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი მომატებული წნევის, ხოლო მომატებული წნევა გახლავთ მაღალი რისკ-ფაქტორი გულის იშემიური დაავადებების, გულის კუნთის ინფარქტის და ინსულტის განვითარების, რაც ქვეყანაში სიკვდილიანობის პირველი მიზეზია. ამიტომ, თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაითავისოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რომ არ უნდა მოწიოთ, ალკოჰოლი შეიძლება ძალიან ზომიერად მიიღოთ, ნაკლები მარილი და მეტი ფიზიკური აქტივობა, დღეში დაახლოებით 4-5 კმ იარეთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ფორუმის მიზანი იყო მაღალი დონის დიალოგის დაწყება, გადაწყვეტილების მიმღებთა, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის სრულმასშტაბიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის; ასევე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ქმედებათა განხორციელების, საკმარისი ადამიანური რესურსებისა და ადეკვატური და მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფა. ამასთან ერთად, ფორუმის მიზანი იყო მსგავსი მხარდაჭერის მიღება და დიალოგის წამოწყება ქვეყანაში ფიზიკური აქტივობის ეროვნული პოლიტიკის შექმნისა და დანერგვისათვის. ფორუმი, ისევე როგორც ზემოაღნიშნული დოკუმენტების შემუშავება, შესაძლებელი გახდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ექსპერტული და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა