ზაზა ვაშაყმაძე - მიმდინარეობს რელიგიის ნიშნით რეპრესირებული ლიდერების დადგენა და დაზუსტება - სასჯელის სამ კატეგორიაზე იქნება საუბარი: დახვრეტილები, გადასახლებულები და პატიმრობამისჯილები

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ჩართულობით გამოსცემს ნაშრომს, საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული სასულიერო პირების შესახებ. ნაშრომი, ჯერ კიდევ მზადების პროცესშია. როდის შეიტყობს საზოგადოება ჩვენი ერის უსახელო გმირებზე, რა ინფორმაცია იქნება თავმოყრილი წიგნში და როგორია სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიის თავისუფლების კუთხით - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, როგორც ცნობილია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და შსს-ს არქივი, საარქივო მასალებზე დაყრდნობით გამოსცემს ნაშრომს საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული სასულიერო პირების შესახებ. რატომ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული ნაშრომის გამოცემა და რა მნიშვნელობის მატარებელია?

- მეორე წელია, რაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ. როგორც მოგეხსენებათ, პროექტის სავარაუდო სახელწოდებაა „საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული სასულიერო პირები“. ნაშრომში წარმოდგენილია ყველა რელიგიური ჯგუფი, კერძოდ, დაწყებული მართლმადიდებელი ეკლესიიდან სხვა რელიგიური უმცირესობებით დამთავრებული.

მიმდინარეობს რელიგიის ნიშნით რეპრესირებული ლიდერების დადგენა და დაზუსტება. სასჯელის სამ კატეგორიაზე იქნება საუბარი - დახვრეტილები, გადასახლებულები და პატიმრობამისჯილები. წიგნში წარმოდგენილი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებებიც. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილი. მუშაობა სამი მიმართულებით მიმდინარეობს. პირველი, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივზე წვდომა, სადაც შესაბამისი მასალების მოძიებაზე ვმუშაობთ. მეორე, ეს არის უშიშროების საარქივო მასალები და მესამე „ცეკას“ -საქართველოს კომპარტიის პარტიული არქივი. საბოლოო ჯამში, უნიკალური მასალა გამოვა, რა თქმა უნდა, ყველა რელიგიის წარმომადგენლის ჩართულობით. ემოციურად ძალიან მძიმე მასალაა - როგორ ასახლებდნენ იმის გამო, რომ ღმერთი სწამდა, თაობები გაწყვიტეს. საზოგადოება ჩვენი ერის უსახელო გმირებს უნდა იცნობდეს და სწორედ ამას შეუწყობს ხელს ჩვენი პროექტი.

- მნიშვნელოვანია ინტერრელიგიური სათათბიროს წევრების დამოკიდებულება აღნიშნულ ნაშრომთან დაკავშირებით. როგორია მათი შეფასებები, რამდენად იგრძნობოდა მხარდაჭერა და ასევე, ჩართულობაც სამუშაო პროცესში?

- მოგეხსენებათ, ინტერრელიგიურ სათათბიროში მონაწილეობს საქართველოში არსებული, თითქმის ყველა რელიგიური გაერთიანება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ისტორიული რელიგიებისა და სხვა მცირერიცხოვანი რელიგიების ჩათვლით, სრული სპექტრია წარმოდგენილი. პირველი შემთხვევაა, როდესაც დომინანტი რელიგია და რელიგიური უმცირესობები ერთად არიან წარმოდგენილნი. მსგავსი პლატფორმა ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა. რაც შეეხება პროექტისადმი მათ დამოკიდებულებას, ჩვენ ვთხოვეთ ჩართულიყვნენ, რადგან შესაძლოა, გარკვეული მასალა სწორედ მათთან, ოჯახში, ან ეკლესიაში არსებობდეს და არ იყოს წარმოდგენილი სახელმწიფო დაწესებულებებში, ამიტომ მათი ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება. მათმა დამოკიდებულებამ მოლოდინს გადააჭარბა. ნაშრომის მიზანსაც სწორედ ის წარმოადგენს, რომ ხელი შეუწყოს ცნობადობის ამაღლებას, ერთმანეთისადმი პატივისცემას, კოორდინაციას სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის.

- ნამდვილად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ 1930-იანი წლების პოლიტიკური რეპრესიების პერიოდში მრავალი სასულიერო პირი დახვრიტეს ან სამშობლოდან გადაასახლეს...თვლით თუ არა, რომ უნდა წარიმართოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები მოსახლეობაში, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის, რათა უფრო მეტი იცოდნენ იმ რელიგიის წარმომადგენლების შესახებ, რომლებმაც რეპრესიები განიცადეს, ამ კუთხით რამდენად თვლით, რომ მნიშვნელოვანია აქტიურობა, ასევე საზოგადოების ჩართულობა, რას შესძენს აღნიშნული ნაშრომი საქართველოს ისტორიას?

- რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლების კამპანიები მოსახლეობაში უნდა წარიმართოს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ ეს წიგნი იქნება საქართველოს და ეკლესიის ისტორია. სახელმწიფო ფიქრობს და ზრუნავს, რომ ხელი შეუწყოს დიალოგს, საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებას. წიგნში თავმოყრილია გრანდიოზული მასალა. ჩვენ ორი წელია, რაც ვმუშაობთ. ამ წუთშიც კი, ჩემი თანამშრომლები არქივში იმყოფებიან და იქ მუშაობენ.

- გარდა აღნიშნულისა, საინტერესოა შეაფასოთ თავად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მუშაობაც. რა პროექტები ხორციელდება რელიგიის თავისუფლების დაცვის და ტოლერანტული გარემოს ხელშესაწყობად?

- მას შემდეგ, რაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეიქმნა, სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახლავთ სამეცნიერო-კვლევითი საგანმანათლებლო საქმიანობის გაწევა. ეს გვავალებს, ერთი მხრივ, ცნობიერების ამაღლებას და რაც მთავარია, გარკვეული მასალების მომზადებას ხელისუფლების შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად, კერძოდ, სწორი პოლიტიკის დასაგეგმად. ამ ფორმატში სააგენტოს არაერთი პროექტი აქვს დაწყებული და დასრულებული, გამოცემულია წიგნისა თუ ნაშრომის სახით.

ერთ-ერთია ქართულ-ინგლისურ ენაზე გამოცემული „რელიგიები საქართველოში“, რომელმაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წელს დონალდ ტრამპს გადასცა. ამას მოჰყვა შემდგომი გამოცემა - „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“. წიგნში თავმოყრილია მასალა, რომელიც დარჩება მომავალ თაობას სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის. წიგნში შესულია თბილისში არსებული ყველა კონფესიის მოქმედი სალოცავები. საქართველოს ისტორიაში მსგავსი აღწერა და ინფორმაციის მოძიება პირველად მოხდა.

დიდი გამოხმაურება ჰპოვა პროექტმა „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, რომელიც ქართულ-ინგლისურ ენაზეა გამოცემული. მსგავსი პროექტი საქართველოს ისტორიაში პირველად განხორციელდა, მასზე 4 წელი ვმუშაობდით. ამ 4 წლის განმავლობაში, ოფიციალური თუ არაოფიციალურად მოპოვებული საარქივო მასალებით შევძელით, რომ მოგვეძიებინა მასალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ნაშრომში ასახულია, 2019 წლის მდგომარეობით, აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული რელიგიური ნაგებობები. ასევე, შედარებულია, რა იყო მე-20 საუკუნეში და რა არის ახლა. ეს ყველაფერი შედარებისთვის კარგ მაგალითს იძლევა, თუ როგორი იყო საქართველოს ისტორია, როგორი იყო სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში რომ დავბრუნდებით, რა დაგვხვდება იქ.

ჩვენი პროექტებით კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება, როგორია დღევანდელი სახელმწიფოს დამოკიდებულება ადამიანის უფლებების განხორციელების ნაწილში, რელიგიის თავისუფლების საკითხში. ეს არის ის, რითაც ქართველები ყოველთვის ვამაყობდით. სადაც არ უნდა ჩავიდეთ, ყველგან არის სხვადასხვა აღმსარებლობის ტაძარი. ბევრ ქალაქსა თუ რაიონში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური ეკლესიის, კათოლიკური ეკლესიის, მეჩეთის, სინაგოგის ერთობლივად თანაარსებობის მაგალითი გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობები უფრო გაღრმავდება. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ რასაც სახელმწიფო ახორციელებს რელიგიის თავისუფლების კუთხით, ის, რაც სააგენტომ და სახელმწიფომ 8 წლის განმავლობაში შექმნა, ევროსაბჭოს წევრი ბევრი ქვეყნისთვის მისაბაძია ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობის თვალსაზრისით.

- რელიგიური ჯგუფებს შორის ინტეგრაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ნამდვილად საინტერესოა ის ღონისძიებები, რომლებსაც რელიგიის სააგენტო ატარებს ამ მიმართულებით...

- ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ ინტერრელიგიურ კონფერენციას. კონფერენცია ღია ფორმატში, საქართველოში არსებული ყველა რელიგიის, საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის და რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობით ტარდება. ეს არის ტრიბუნა, სადაც აზრის გამოთქმის საშუალება ყველას აქვს. ერთი მხრივ, საუბარია მიღწევებზე, მეორე მხრივ გამოწვევებზე. ეს არის ის თავისუფალი პლატფორმა, სადაც ღიად ვსაუბრობთ და არავინ არაფერს მალავს. ეს მოხსენებები იბეჭდება ქართულ-ინგლისურ ენაზე და ვრცელდება.

წელს, 20 ოქტომბერს, გადაწყვეტილი გვაქვს საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების ჩართულობით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად ჩავატაროთ კონფერენცია, რომლის თემატიკა იქნება „რელიგიები ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ“. როგორც იცით, პარლამენტში, ბავშვთა უფლებების კოდექსი მიიღეს. აღნიშნული კოდექსის შემუშავების პროცესში სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, მათი შეხედულებები გაზიარებული იყო. ასევე, განხილული იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წინადადებებიც. ტრენინგები ჩატარდა რელიგიური ლიდერებისთვისაც, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჩართულები იყვნენ ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

იქამდე ჩატარებულ ინტერრელიგიურ კონფერენციებზე მივიღეთ დეკლარაციები - „ინტერ-რელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“, „ქალი - მშვიდობის დესპანი“, რომლითაც საქართველოს რელიგიურმა ლიდერებმა აღიარეს ქალთა უფლებები და საკუთარი მრწამსის და დოგმატის მიხედვით, ქალთა უფლებების დაცვის ვალდებულება აიღეს. მესამე დეკლარაცია იყო „რელიგიები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“ - აღნიშნულით, საქართველოში არსებულმა ყველა რელიგიურმა ლიდერმა საქართველოს სახელმწიფოს ევროპულ კურსს დაუჭირა მხარი.

ასევე, საფუძველი ჩავუყარეთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. მოგეხსენებათ, 16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა, რომელიც მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნება. რელიგიის სააგენტო ინიციატივით გამოვიდა და პირველად შევკრიბეთ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი საქართველოს საპატრიარქოში, სადაც მათ პატრიარქმა უმასპინძლა. იქვე გადაწყდა, რომ ყოველ 16 ნოემბერს, სხვადასხვა ეკლესია და რელიგია უმასპინძლებდა საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებას. ეს ყოველწლიური შეხვედრებიც რელიგიათა შორის ინტეგრაციას უწყობს ხელს.

- ნამდვილად მნიშვნელოვანი როლი აქვს სახელმწიფო პოლიტიკას, შესაბამისად, მათი მხარდაჭერაც აუცილებელი კომპონენტია. ამ კონტექსტში თუ შეგიძლიათ ისაუბროთ სახელმწიფოს ჩართულობით მიმდინარე პროექტებსა და მის შედეგებზე?

-კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს გამოვყოფ - ესაა სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენელი სასულიერო პირებისათვის სახელმწიფო ენის შესწავლის პროგრამა, რომელსაც ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლასთან ერთად განვახორციელებთ. აღნიშნული ხელს შეუწყობს მეტ ინტეგრაციას, პირდაპირ კომუნიკაციას რელიგიურ ლიდერებსა და სახელმწიფოს შორის. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მრევლიც ითხოვს სასწავლო პროცესში ჩართვას.

ამასთან, სააგენტომ აიღო სოციალური პროექტი შშმ პირთათვის - ბრაილის შრიფტით გამოვეცით ინტერრელიგიური კალენდარი. მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბრაილის შრიფტით ავაწყვეთ ბიბლიის 4 წიგნი. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ვცდილობთ სხვადასხვა რაიონსა თუ ეპარქიაში ჰუმანიტარული აქციები ჩავატაროთ იმ რესურსის ფარგლებში, რაც სააგენტოს გააჩნია.

როდესაც განხორციელებულ პროექტებზე ვფიქრობ, განსაკუთრებულად მახსენდება ჭადრაკის ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმი და საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჭადრაკში რელიგიებს შორის. ვერ წარმოვიდგენდით, თუ ასეთი სპორტული ჟინი იქნებოდა! მონაწილეობა მიიღო 12-მა რელიგიურმა ორგანიზაციამ, ინტერესი და ჩართულობა ძალიან დიდი იყო, ამიტომაც აღნიშნულს ყოველწლიური ხასიათი მიეცემა. ეს ყველაფერი არ არის, სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს საინტერესო პროექტების განხორციელებას და ინტეგრაციის ხელშეწყობაზე ზრუნვას.

თეონა ციხიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა