ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი საგარეო საქმეთა მინისტრს - სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია დუმილი და უმოქმედობა, რასაც თქვენი უწყება ახდენს ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის და ე.წ. ხელშეკრულების საკითხზე

საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატთა ნაწილი ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკების მიმდებარე სანაპირო ზოლისა და საზღვაო აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით გადაცემის საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ღია წერილით მიმართავენ.

წერილში დეპუტატები საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყების პოზიციას აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ სრულიად მიუღებლად მიაჩნიათ, ის დუმილი და უმოქმედობა, რასაც „უწყება ახდენს ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის და ე.წ. ხელშეკრულების საკითხზე“.

ამასთან დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ „დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“ რეზოლუციაზე, რომელშიც „გაჟღერდა მოწოდება მთავრობისადმი, რათა შემუშავებული ყოფილიყო დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვა და ინკლუზიური პოლიტიკა, ისევე, როგორც ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, რაც ამ დრომდე არ გაკეთებულა“.

„მოგეხსენებათ, რომ აფხაზურ საზოგადოებაში რამდენიმე კვირაა მწვავე დისკუსია მიმდინარეობს, ბიჭვინთაში, ყოფილი სახელმწიფო აგარაკების მიმდებარე სანაპირო ზოლისა და საზღვაო აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით გადაცემის საკითხზე. ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ტერიტორია რუსეთის მფლობელობაში გადადის, მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.

დღეის მდგომარეობით, ე.წ. შეთანხმების განხილვა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში მიმდინარეობს. აღნიშნული ე.წ. შეთანხმების პროექტით ბიჭვინთის 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.

საქართველოს პარლამენტმა, ჯერ კიდევ 2015 წელს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობებთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. რუსეთის ფედერაციამ, აფხაზეთში ფაქტობრივი ანექსია გასულ წელსაც განახორციელა, როდესაც გაგრის რაიონის სოფელი აიბღა, კრასნოდარის ოლქს მიუერთა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა, 2021 წლის 2 აგვისტოს მიიღო რეზოლუცია, „დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“, სადაც რუსეთის ქმედებები ანექსიად, ხოლო, გაგრის რაიონის სოფელი აიბღას, კრასნოდარის ოლქისთვის მიერთება საერთაშორისო სამართლის კუთხით მიუღებლად და უკანონოდ იქნა მიჩნეული. ამავე რეზოლუციაში დაფიქსირდა, ანექსიის პროცესის საწინააღმდეგო ერთიანი პოზიციის გაჟღერების მოწოდება, საერთაშორისო პარტნიორებისადმი.

ამასთან, 2021 წლის 2 აგვისტოს რეზოლუციაში, „დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“ გაჟღერდა მოწოდება მთავრობისადმი, რათა შემუშავებული ყოფილიყო დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვა და ინკლუზიური პოლიტიკა, ისევე, როგორც ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, რაც ამ დრომდე არ გაკეთებულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია ის დუმილი და უმოქმედობა, რასაც თქვენი უწყება ახდენს ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის და ე.წ. ხელშეკრულების საკითხზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უშუალო ვალდებულებას წარმოადგენს, ოფიციალური განცხადების გაკეთება, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ე.წ. ხელშეკრულებას ცალსახა ანექსიად შეაფასებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განცხადების გაკეთება, პირდაპირი კავშირშია სახელმწიფოს დეოკუპაციის გაცხადებულ ეროვნულ ინტერესთან და საპარლამენტო რეზოლუციასთან მიმართებაში, ისევე, როგორც მოწოდება და მუშაობა დასავლელ პარტნიორ ქვეყნებთან”,- აღნიშნულია წერილში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ვებგვერდზე ავრცელებს.

ღია წერილის ავტორები არინ ოპოზიციონერი დეპუტატები: ლევან იოსელიანი; თეონა აქუბარდია; ანა ბუჩუკური; თამარ კორძაია; ალეკო ელისაშვილი; ხათუნა სამნიძე; ვახტანგ მეგრელიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა