აშშ-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთი განგებ ცდილობს არ დაუშვას მარცვლეულის ექსპორტი უკრაინული პორტებიდან

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიჩნევენ, რომ რუსეთი განგებ ცდილობს არ დაუშვას მარცვლეულის ექსპორტი უკრაინული პორტებიდან, მათთვის ვინც ყველაზე მეტად იტანჯება სურსათის მწვავე დეფიციტით. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.
„უკრაინის ბლოკირებამდე ექსპორტირებული იყო დაახლოებით 6 მილიონი ტონა მარცვლეული თვეში, ახლა კი ის არც უახლოვდება ამ ციფრებს", - განაცხადა ნედ პრაისმა.
სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა იყო არა მხოლოდ იმ ვალდებულებების დარღვევა, რომელსაც რუსეთმა სტამბოლში მოაწერა ხელი, არამედ ჰუმანიტარული ვალდებულებების დარღვევაც.
„ეს ამტკიცებს, რომ რუსეთი აგრძელებს იმგვარად მოქცევას, რომ განგებ უშლის ხელს განსაკუთრებით აუცილებელი საკვები პროდუქტების, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის მიწოდება“,- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთის ქცევის არასანდოობის მიუხედავად, აშშ იმუშავებს ამ შეთანხმების პარტნიორებთან, უკრაინასთან, გაეროსთან და თურქეთთან, რათა უზრუნველყოს მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტი უკრაინის პორტებიდან. მისი თქმით, პირველი მიწოდება უახლოეს დღეებში დაიწყება, ვინაიდან რუსეთის ფედერაცია მთელი მსოფლიოს მხრიდან ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა.

























