პილოტი - ჩემი აზრით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნა ქარის ბრალი იყო, თუმცა დაზუსტებით გამოძიება იტყვის - ამ კონკრეტულ შემთხვევაში,  პატარა შვეულმფრენი რომ ყოფილიყო, ოპერაციას წარმატებით ჩაატარებდა

პილოტის შამილ ქორთოშიძის განცხადებით, ზაზა ლორია ძლიერი სპეციალისტი იყო, ვერტმფრენი გამართულად მუშაობდა და, მისი აზრით, გუდაურში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ქარის უეცარი ცვლილება გახდა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევის არეალში შესვლამდე, ზაზა ლორიამ ორი-სამი წრე გააკეთა, ქარის მიმართულება განსაზღვრა, ადგილზე მივიდა და სამაშველო ოპერაციის დაწყებისას ქარმა მიმართულება უეცრად შეიცვალა, რამაც ვერტმფრენის კლდესთან შეჯახება გამოიწვია.

„ქარმა მიმართულება უეცრად შეიცვალა და ალბათ, ამ მომენტში გაძლიერდა და შვეულმფრენის მდგომარეობა ოდნავ შეიცვალა, ცოტათი უფრო კლდისკენ გადაიწია და ამან გამოიწვია. კლდესთან ისედაც ახლოს იყო, იმიტომ რომ პარაპლანისტი ისეთ ადგილზე იყო, რომ მის დასახმარებლად ვერტიკალურად მაღლა უნდა ყოფილიყო, რომ პარაპლანისტამდე ბაგე ჩაეშვათ. ახლოს იყო და ამ ქარის შეცვლამ და შვეულმფრენის მდგომარეობის შეცვლამ უკანა ხრახნის კლდესთან შეჯახება გამოიწვია, რამაც უკანა ხრახნი დააზიანა. ჩემი აზრით, ქარის ბრალი იყო, თუმცა დაზუსტებით გამოძიება იტყვის“, - განაცხადა შამილ ქორთოშიძემ.

მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ უბედური შემთხვევა ტექნიკის გაუმართაობის ბრალი ყოფილიყო.

„ტექნიკას, ტექნიკის სიძველეს, ან რესურსების არ ქონას ნუ დავაბრალებთ, იმიტომ რომ კადრებშიც კარგად ჩანს რომ ტექნიკა იდეალურად მუშაობს. ეს ყველაფერი შეჯახების შემდეგ დაირღვა. უბრალოდ ავიღოთ მანქანა და იმ ძველ მანქანას ყველა დეტალი გამოუცვალოთ და იგივე სამუშაოს შეგისრულებს, რასაც ახალი მანქანა. ამ დროს უკეთესია ახალი იყოს, მაგრამ ყოველდღიურად ახალს ხომ ვერ შევიძენთ. მუშა მდგომარეობაში იყო, რესურსიც ჰქონდა და ყველაფერი, ტექნიკის ბრალი გამორიცხულია“, - აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, შემთხვევის ადგილას რომ სამაშველო სამსახურის შესაბამისი პატარა შვეულმფრენი ყოფილიყო, მას არეალში მოქმედების კარგი საშუალება ექნებოდა და შესაბამისად, ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

„თავისთავად ცხადია, უკეთესი იქნებოდა, რომ სამაშველოს სპეციალური აღჭურვილობით თავისი ტექნიკა ჰყავდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ ყოფილიყო მაგალითად, პატარა შვეულმფრენი, იმას თავისი სამუშაო პატარა არეალი სჭირდება, უფრო ახლოს მივიდოდა და ოპერაციას წარმატებით ჩაატარებდა“, - განაცხადა პილოტმა.

შეგახსენებთ, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაიცვალა უცხოელი პარაპლანისტიც. გადარჩა მხოლოდ ქართველი პარაპლანისტი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს