საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევებმა იმატა - ბოლო 7 თვეში, ქვეყანაში დაავადების 42 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

ბოლო 7 თვეში, საქართველოში ყირიმ-კონგოს 42 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა, წინა წლებთან შედარებით, ქვეყანაში ყირიმ-კონგოს შემთხვევები მომატებულია.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ყირიმ-კონგო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია მაღალი ცხელება, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ღებინება, ლორწოვანი გარსების შეწითლება. ასევე, შესაძლოა იყო სიყვითლე, განსაკუთრებით დამახასიათებელია სისხლჩაქცევებით გამონაყარი.

„7 თვეში ყირიმ-კონგოს 42 შემთხვევა დადასტურდა. სამწუხაროდ, გვაქვს 2 გარდაცვალება. ლეტალობის მაჩვენებელი 4.7%-ს შეადგენს. ყირიმ-კონგოს დაავადება საქართველოში 2009 წელს გამოჩნდა. ჩვენ ყოველწლიურად გვქონდა 1-10-15 შემთხვევა, წელს კი ყველაზე მეტი - 42 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული.

2009 წლიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებულა ყირიმ-კონგოს 164 შემთხვევა და 21 გარდაცვალება. ზოგადად, გარდაცვალების მაჩვენებელი მთელი ამ წლების განმავლობაში 12.9 პროცენტი იყო. როგორც მოგეხსენებათ, ყირიმ-კონგო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. ეს არის ჰემორაგიული ცხელებების ჯგუფიდან, რომელსაც მიეკუთვნება მარბურგის ცხელება, ებოლა და ასე შემდეგ. სხვადასხვა ქვეყანაში, ლეტალობის პროცენტი 10-დან 40%-მდე მერყეობს. ყირიმ-კონგო აფრიკის, აზიის ქვეყნებში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, რუსეთსა და თურქეთშია გავრცელებული. ჩვენთან ენდემურად არის გავრცელებული. ძირითადი გავრცელების რეგიონებია - სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, კერძოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტი. ყირიმ-კონგო ტკიპების საშუალებით სხვადასხვა ცხოველიდან, განსაკუთრებით შინაური ცხოველებიდან გადადის. მისთვის დამახასიათებელია მაღალი ცხელება, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ღებინება, ლორწოვანი გარსების შეწითლება. ასევე, შესაძლოა იყო სიყვითლე, განსაკუთრებით დამახასიათებელია სისხლჩაქცევებით გამონაყარი, წითელი ლაქებით. ასევე, პაციენტს სისხლში მთელი რიგი ცვლილებები აღენიშნება. დიაგნოზი ძირითადად „პისიარ“ ტექნოლოგიით დგინდება პირველი 6-7 დღის განმავლობაში. ამას ჩვენ დღეს ვატარებთ ლუგარის კვლევით ცენტრში, შემდგომ კი სეროლოგიურად ვიკვლევთ. ძირითადად, მკურნალობა აუცილებელია სტაციონარში.

ჩვენს ცენტრალურ ინფექციურ კლინიკას ყირიმ-კონგოს მკურნალობაში საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს. ამ დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური ვაქცინა, ან ანტივირუსული პრეპარატი ჯერ არ არის. ძირითადად გამოიყენება ისეთი ანტივირუსული პრეპარატი, როგორიც არის „რიბავერინი“. ძირითადი აქცენტი მაინც პრევენციაზეა“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, იმ ენდემურ ზონებში, სადაც ყირიმ-კონგოა გავრცელებული, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აქტიური საგანმანათლებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, აქტიურად ხორციელდება მოსახლეობის ინფორმირება, ცხოველების დამუშავება ტკიპების საწინააღმდეგო ნივთიერებებით.

„მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის და სამედიცინო მუშაკები კარგად იყვნენ გათვითცნობიერებულები დაავადების ადრეულ სიმპტომებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, პაციენტებმა დროულად მიაკითხონ სამედიცინო დაწესებულებებს. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა იმის საწინდარია, რომ დაავადება არ გართულდეს და მძიმე გამოსავალი არ მივიღოთ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განსაკუთრებით ვეტერინარული დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული, როგორც სამცხე-ჯავახეთში, ისე შიდა ქართლში, სადაც ენდემური კერები გვაქვს. აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება, ცხოველების დამუშავება, ტკიპების საწინააღმდეგო ნივთიერებებით. ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები მუშაობენ მესაქონლეებთან, თუ რა უნდა გააკეთონ პირველივე სიმპტომის შემთხვევაში“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა