ოლაფ შოლცმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება მცირდება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება მცირდება. ამის შესახებ მან Globe and Mail-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
გერმანიის კანცლერის თქმით, რუსთის უკრაინაზე თავდასხმის პირველივე დღიდან გერმანია უკრაინის შეირაღებულ ძალებს აწვდის იარაღსა და საბრძოლო მასალას.
„ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ ყველაფერი რაც გვქონდა: ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო კომპლექსები, ნაღმები, თოფები, ტონობით საბრძოლო მასალა და არალეტალური დახმარების საშუალებები. ამის შემდეგ ჩვენ გადავედით უფრო რთული და ძვირად ღირებული სისტემების მიწოდებაზე - თვითმავალი ჰაუბიცები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საზენიტო კომპლექსები, ბატარეის საწინააღმდეგო რადარები. ზოგიერთი ამ სისტემებიდან იმდენად ახალია, რომ ძალიან ცოტა რაოდენობით იყო ნაწარმოები, ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ არ იყო წარდგენილი ბუნდესვერში“,- განაცხადა შოლცმა.
ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია ამზადებს უკრაინელ სამხედროებს ახალი ტექნიკის გამოყენებაში.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს რამდენიც ეს საჭირო იქნება“,- განაცხადა შოლცმა.
ცნობისთვის, გერმანული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ გერმანული Iris-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინაში გადაცემა გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ნებართვის არარსებობის გამო ჭიანურდება.

























