გიგი წერეთელი -  რუსეთიდან შემოსულთა 90%-ს ვერ ამოგლეჯ რაიმეს პუტინის საწინააღმდეგოდ ან უკრაინის ომთან დაკავშირებით -  ისინი მარტო ხაჭაპურისთვის და ქინძმარაულისთვის არ არიან ჩამოსულები

დარწმუნებული ვარ, რუსეთიდან შემოსულთა 90%-ს ვერ ამოგლეჯ რაიმეს პუტინის საწინააღმდეგოდ, ან უკრაინის ომთან დაკავშირებით, ან საქართველო ოკუპირებულია თუ არა. ამას არ ეთანხმებიან და ასეთ ხალხზე გაცილებით იოლია იფიქრო, რომ „ეფესბეს“ დავალებასაც შეასრულებენ - მარტო ხაჭაპურისთვის და ქინძმარაულისთვის არ არიან ჩამოსულები, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით სხვადასხვა კონტროლის მექანიზმები არის ასამუშავებელი.

გიგი წერეთელმა რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები შეაფასა, როგორც სისულელე, არარაციონალური, მავნებლური, მოღალატეობრივი, ქვეყნის ინტერესების აბსოლუტურად საწინააღმდეგო ქმედებები და აღნიშნა, რომ ისინი ყოველდღიურად ნეგატიურ კონტექსტში ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობენ.

მისი თქმით, საკითხის პრევენციის მიზნით, ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ უნდა და პირიქით, შეტევაზე გადადის.

„აზრი არ აქვს ჩვენ რომ ვლაპარაკობთ. საზოგადოებას ესმის, რომ ნაბიჯები უნდა გადადგა, უნდა იყოს რეგულაციები, კონტროლი. ამის კეთება არ უნდათ და უნდათ ის ვითარება რაც არის. ახლა რაც ხდება არის რუსული სცენარით.

ჩვენ ვერ გავარკვევთ ვინ ვინ არის. ამას ის სამსახურები უნდა არკვევდეს, ვისაც მრავალმილიონიანი დაფინანსება აქვს, არა იმისთვის რომ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ელჩებს სდიონ, მუდმივი ჩაწერები ჰქონდეთ, ამაზე კი არ უნდა იყვნენ გამეცადინებული, არამედ, იმ ხალხს უნდა უთვალთვალებდნენ, დასდევნდნენ თუ რაღაც პრევენციას ახდენდნენ, ვისაც პოტენციალი აქვს იმისა, რომ საქართველოს დაუშავონ.

რუსეთიდან ამდენი IT სპეციალისტი რომ შემოდის, აგერ ხომ ხედავთ როგორი კიბერშეტევებია. არ ვიცი ამას ვინ აკონტროლებს, რა ხდება. როგორც ჩანს, არავინ არაფერს არ აკონტროლებს და პირიქით, რა კონტროლზეა საუბარი, როდესაც აგერ მმართველი პარტიის თავმჯდომარე გამოდის და აქეთ ადანაშაულებს ყველას. ოპოზიციას, მედიას, არასამთავრობოებს, გასაგებია, მაგრამ ჩვეულებრივ ხალხსაც ეუბნებიან, რომ ქსენოფობია ყოფილა თურმე, თუ ვიღაცის საქციელი მე არ მომწონს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყოველგვარ ზღვარს სცდებიან და აუცილებელია, რომ სერიოზული პროცესები დაიწყოს.

„ეს ადამიანები ყველა ზღვარს სცდებიან და მე მართლა მგონია, რომ რაღაც სერიოზული პროცესი უნდა დაიწყოს და ყველა ადამიანი უნდა გამოფხიზლდეს. სხვა საშველი არ არის. ეს ხალხი შეხედულებას არ იცვლის, ამას ყველაფერს ვერც შეცვლიან, ისინი არიან ორიენტირებულები ორ რამეზე: რომ ბიძინა ივანიშვილს რაიმე ჩრდილი არ მიადგეს და ის თავს მშვიდად გრძნობდეს და მუდმივად ყველაფერი ოპოზიციას აბრალონ. ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს და ეს სიტუაცია შეიცვლება, როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება“, - აღნიშნა წერეთელმა.

მან ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მისამართით გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკა არის ანტიდასავლური და ანტიდასავლური განცხადება არის რუსეთის მხარდამჭერი.

„სახელმწიფოებრივად მე ვერაფერს ვიტყვი, რომ კელი დეგნანმა ოდესმე საქართველოს საწინააღმდეგოდ რამე გააკეთა. იგივე შემიძლია ვთქვა კარლ ჰარცელზე. ეს ადამიანები საქართველოს მიმართ თავიანთი ქვეყნის და ასევე გარკვეული ალიანსის და პოლიტიკური სივრცის დამოკიდებულებას გამოხატავენ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა