ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შესაძლოა, პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შესაძლოა, პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს. აღნიშნული განცხადებით ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატთა შორის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არ არის.

როგორც ის აღნიშნავს, მმართველი გუნდი იტოვებს უფლებას იმის მიხედვით იმოქმედოს, რაც ლოგიკურად მიაჩნიათ.

„დიახ, ყველა გადაწყვეტილებას უნდა გააჩნდეს რაციონალური ახსნა. თუ ეს ახსნა არ არის დამაკმაყოფილებელი, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ ვიმოქმედოთ ისე, რაც ლოგიკურად მიგვაჩნია“,- აღნიშნავს ქადაგიშილი.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, „პრეზიდენტი დიდი ხანია, რაც პოლიტიკური ბრძოლის მხარე გახდა. მან პრეზიდენტის მთავარი კონსტიტუციური მოვალეობა ნეიტრალურობა სამწუხაროდ, დიდი ხანია დაკარგა“.

„აბსოლუტურად გაუგებარი და ამოუხსნელია პრეზიდენტის ეს პოზიცია, გამომდინარე იქიდან, რომ იმ ორ არჩევნებს, რომელიც გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ უმაღლესი შეფასება მიეცა, ეს თეთრით შავზე წერია და ცალსახად ასეა.

რატომ მოიქცა ასე პრეზიდენტი ალბათ ამას რაციონალური და მიუკერძოებელი ახსნა არ აქვს. აქ ჩვენ დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს პრეზიდენტის მხრიდან მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ იმსჯელებს როდესაც ეს საკითხი იქნება განსახილველად დღის წესრიგში შემოტანილი და ჩვენ ალბათ სკეპტიციზმით ვიქნებით განწყობილი იმ გადაწყვეტილების მიმართ, რაც პრეზიდენტმა მიიღო.

ქალბატონი პრეზიდენტი დიდი ხანია, რაც პოლიტიკური ბრძოლის მხარე გახდა. მან პრეზიდენტის მთავარი კონსტიტუციური მოვალეობა ნეიტრალურობა სამწუხაროდ, დიდი ხანია დაკარგა“,- აღნიშნავს ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები წარედგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო