ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე - პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმპულსია, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესმა რეალური შინაარსი დაიბრუნოს

პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის იმპულსი, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესმა რეალური შინაარსი დაიბრუნოს,- ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, „ლელოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა პროცესს ტონი მისცა, მასში ჩართული ყველა მხარე, ახალი მოცემულობის წინაშე დააყენა და შესაბამისად, „მმართველ ძალასაც მოუწევს ამ ახალი მოცემულობისთვის თვალის გასწორება“.

„შარლ მიშელის შეთანხმებიდან“ ერთადერთი რეფორმა, რომელიც ავად თუ კარგად განხორციელდა, საარჩევნო რეფორმა იყო. ამ რეფორმის მთავარი სულისკვეთება ისაა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება პოლიტიკურ კლასს შორის შეთანხმებაზე იყოს დაფუძნებული. მმართველმა პარტიამ ე.წ. „ანტიჩიხური მექანიზმი", რომლის დროსაც კანდიდატები კონსენსუსის არარსებობისას უბრალო უმრავლესობითა და მოკლე ვადით, 6 თვით აირჩევიან, პრაქტიკად აქცია. ბუნებრივია, „ქართული ოცნება" პარლამენტში უმრავლესობას ფლობს და შეუძლია კანდიდატები შეუზღუდავი რაოდენობით არ აირჩიოს, თუმცა კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენა პრეზიდენტის კონსტიტუციური პრეროგატივაა. შესაბამისად, ხელისუფლებისთვის მისაღებ კანდიდატზე საპარლამენტო კენჭისყრა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წინმსწრებ ნაბიჯს სალომე ზურაბიშვილი გადადგამს. მართალია, სამართლებრივ ლოგიკას მოკლებული მოქმედი რეგულაციით, ახალი თავმჯდომარის/წევრის არჩევამდე ვადაგასული თავმჯდომარე/წევრები მოვალეობის შემსრულებლად განუსაზღვრელი ვადით რჩებიან, თუმცა ამ შემთხვევაში მათი ლეგიტიმაციის დონე ნულოვან ნიშნულზე იქნება. ფაქტია, რომ პრეზიდენტმა პროცესს ტონი მისცა და მასში ჩართული ყველა მხარე, პარტიები, არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება, ახალი მოცემულობის წინაშე დააყენა. შესაბამისად, მმართველ ძალასაც მოუწევს ამ ახალი მოცემულობისთვის თვალის გასწორება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ „ქართული ოცნება" ბოლომდე არ იბრძოლებს იმისთვის, რათა არაფერი დათმოს, თუმცა ამ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ძალიან რთულად ასახსნელი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და ხელისშემშლელ ფაქტორად მოგვევლინება ქვეყნის ევროინტეგრაციის ამ გადამწყვეტ ეტაპზე. ახლა ის დროა, ყველამ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში პროაქტიული მონაწილოება მიიღოს პროცესში, რომელიც ახლა იწყება, ვინაიდან პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის იმპულსი, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესმა რეალური შინაარსი დაიბრუნოს“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ცნობისთვის, ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები წარედგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა