გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია

ინტერპრესნიუსი“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რუსეთის ყოფილ ელჩს სამხრეთ კორეაში, პროფესორ გიორგი კუნაძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, მეშვიდე თვეა ომი მიმდინარეობს უკრაინაში. დასავლეთი უკრაინას ეხმარება სამხედრო ტექნიკით რომ დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან, რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები აქვს, როგორც ამბობენ, საკმაოდ აქვს რესურსები ომის საწარმოებლად.

როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რომელსაც ახლა უკრაინაში ვადევნებთ თვალს?

- ჩემი აზრით, ახლა უკრაინაში ვითარება ჩიხურია. აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში 2014 წლიდან დაწყებული, არაფერი საერთო არ აქვს საერთაშორისო სამართლის სულისკვეთებასთან და ნორმებთან და წინააღმდეგობაში მოდის თავად რუსეთის კანონმდებლობასთანაც კი. ნებისმიერი საპირისპირო აზრის მტკიცების მცდელობა იურიდიულად უსაფუძვლო და ამორალურია.

თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ ვითარება ასეთია - რუსეთის ხელისუფლებას ჭკუა-გონება აქვს დაკარგული და ვერ ხედავს გამოსავალს უკრაინული ჩიხიდან, რომელშიც თავი თავად მოიქცია. სულ უფრო მეტად ეფლობა სიცრუეში, უკანონობასა და საყოველთაო ზიზღში. ასეთ საკვირველ ვითარებაში რუსეთის რეჟიმის კრახი გარდაუვალია. დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია.

რუსეთის ხელისუფლებას ჭკუა-გონება აქვს დაკარგული და ვერ ხედავს გამოსავალს უკრაინული ჩიხიდან, რომელშიც თავი თავად მოიქცია. სულ უფრო მეტად ეფლობა სიცრუეში, უკანონობასა და საყოველთაო ზიზღში

ჩიხურია უპირველესად იმის გამო რომ რუსეთი უკრაინისგან პრაქტიკულად კაპიტულაციას ითხოვს. რუსეთი, როგორც მინიმუმ, კმაყოფილი უნდა იყოს იმ ტერიტორიული „შეძენებით“, რომელიც მას დღევანდელი მდგომარეობით აქვს - ზაპოროჟიეს, ხერსონის, ოლქები და ასე შემდეგ. მაგრამ, ყველას ესმის, რომ რუსეთს არა მხოლოდ სახმელეთო კორიდორი უნდა ჰქონდეს ყირიმთან, არამედ დნესტრისპირეთთან.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ როგორღაც უკრაინა დათანხმდება იმას, რომ რუსეთს დაუთმოს კიდევ რამდენიმე ოლქები, არა მგონია, რომ ამით რუსეთი დაკმაყოფილდება.

მთავარი ჩემი აზრით ისაა, რომ რუსეთს პრეტენზიები აქვს გააკონტროლოს მთელი უკრაინა. რუსეთისთვის მიუღებელია სუვერენული უკრაინის სახელმწიფოს არსებობა. ასეთ ვითარებაში მხარეებს შორის მოლაპარაკებებს, არანაირი აზრი არ აქვს.

თუ დავაკვირდებით იმას, თუ რა ხდება დღევანდელ რუსეთში, მოუსმენთ რუსეთის ტელეარხებს, წავიკითხავთ ტვიტერში რუსეთის თანამდებობის პირების მოსაზრებებს, ცხადად დავინახავთ იმას, რომ რუსეთს სურს უკრაინის სრულად განადგურება.

თუ დავაკვირდებით იმას, თუ რა ხდება დღევანდელ რუსეთში, მოუსმენთ რუსეთის ტელეარხებს, წავიკითხავთ ტვიტერში რუსეთის თანამდებობის პირების მოსაზრებებს, ცხადად დავინახავთ იმას, რომ რუსეთს სურს უკრაინის სრულად განადგურება

ასეთ ვითარებაში ძნელი წარმოსადგენია რომ უკრაინა რაიმე დათმობებსა და შეთანხმებებზე წავიდეს. უკრაინის ფრონტებზე მდგომარეობა იმგვარია, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იოლი გამარჯვების მოლოდინი.

უკრაინაში სერიოზული ომი მიმდინარეობს. მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ რაც ახლა უკრაინაში ხდება, რუსეთში მხოლოდ სპეცოპერაციას დაუძახებენ თუ კიდევ რამე სხვას. ფაქტობრივად, უკრაინაში ომია და ამ ომში უკრაინა ჯერ წაგებულ მხარედ არ გამოიყურება.

- ყოველდღიურად ვეცნობით ინფორმაციებს უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. იმის გათვალისწინებით რომ მხარეებს საკმაოდ დიდი რესურსები აქვთ ომის საწარმოებლად, რჩება შთაბეჭდილება, რომ უკრაინაში რუსულ-უკრაინული დაპირისპირება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება...

- მიჭირს მკითხაობა თემაზე თუ რამდენ ხანს გაგრძელდება საომარი მოქმედებები. თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი, ამის თქმა დანამდვილებით არავის შეუძლია. რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, ამის პროგნოზის გაკეთებას ვერ შევძლებთ.

არ ვთვლი, რომ დროთა განმავლობაში უკრაინის პოზიციები დასუსტდება და რუსეთი გაძლიერდება და კიდევ უფრო ძლიერი გახდება. ასეა იმის გამო, რომ დასავლეთის სანქციები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა დაწესებული და რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში თავისთავად უპრეცედენტოა, მოქმედებს. ვფიქრობ, რომ სანქციების აკუმულაციურ ეფექტს სულ უფრო მეტად ექნება უარყოფითი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე.

არ ვთვლი, რომ დროთა განმავლობაში უკრაინის პოზიციები დასუსტდება და რუსეთი გაძლიერდება და კიდევ უფრო ძლიერი გახდება... ვფიქრობ, რომ სანქციების აკუმულაციურ ეფექტს სულ უფრო მეტად ექნება უარყოფითი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე

ევროკავშირის ქვეყნებმა განაცხადეს რომ წლის ბოლომდე უარს იტყვიან რუსეთის ნავთობზე. უახლოეს მომავალში ევროკავშირის ქვეყნები იძულებული იქნებიან უარი თქვან რუსულ გაზზე. უდავოა, რომ ეს ყველაფერი სერიოზულად დააზარალებს რუსეთის ეკონომიკას.

როგორც გაირკვა, რუსეთი ავტონომიურ რეჟიმში არსებობას ვერ შეძლებს. სსრკ-ს ასეთი შესაძლებლობა ჰქონდა, რადგან იგი ისე არ იყო ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, როგორც თანამედროვე რუსეთი.

დღეს რუსეთის ეკონომიკა ბევრადაა დამოკიდებული უცხოურ მიწოდებებზე საკმაოდ ბევრ სფეროებში. ვფიქრობ, რომ რუსეთი და რუსეთის მოქალაქეები სულ უფრო მეტად იგრძნობენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ტვირთს.

რაც შეეხება ომს, რუსეთს ომის საწარმოებლად რა ფინანსური რესურსებიც არ უნდა ჰქონდეს, ცხადია, რომ იმ ტიპის ომის წარმოება, რომელსაც ახლა რუსეთი აწარმოებს, საკმაოდ ძვირი ჯდება. არა ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთს ეყოფა ფული და ადამიანური რესურსები, რომ ომი უკრაინაში დაუსრულებლად აწარმოოს.

- რამდენიმე დღეში 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების მორიგი წლისთავი იქნება. შეთანხმება ავალდებულებს რუსეთს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა მოუხშირეს იმაზე საუბარს, რომ მათი რეაქცია 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე არაადეკვატური იყო.

მეტიც, მაშინ რომ ეფექტურად ეპასუხათ მოსკოვისთვის, კრემლი ვერ გაბედავდა 2014 წელს ყირიმის ანექსიას და შემდეგ ვერც ლუგანსკისა და დონბასის ოლქების ნაწილის ოკუპაციას.

გასაგებია, რომ რუსეთის ლიდერები არ იმჩნევენ დასავლეთის ლიდერების მოწოდებებს რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, მაგრამ, თქვენი დაკვირვებით ადრე თუ გვიან მოუწევს თუ არა რუსეთს ამ შეთანხმების შესრულება?

- მე ასე ვიტყოდი, მას შემდეგ რაც ამ შეთანხმებას მოეწერა ხელი, დიდი დროა გასული, რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი კარიკატურული დამოუკიდებლობა აღიარა, მათთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს უსაფრთხოების შესახებ და როგორც რუსეთში ფიქრობენ, ამის საფუძველზე კანონიერად მიიღო უფლება ამ ტერიტორიებზე ჰყავდეს თავისი სამხედრო ნაწილები. ამით იმის თქმა მინდა, რომ 2012 წლის 12 აგვისტოს შემდეგ გარკვეული ცვლილებებია მომხდარი.

მეორე - იმ ვითარებაში, როცა რუსეთს უარი აქვს ნათქვამი ყველა თავის ვალდებულებებზე მსოფლიოს ყველა ქვეყნების მიმართ, მათ შორის საქართველოს მიმართაც, რუსეთისაგან იმის მოთხოვნა, რომ მან რამე გააკეთოს თუნდაც 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესასრულებლად, რა თქმა უნდა, მოთხოვნა შესაძლებელია, მაგრამ შეუძლებელია ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ რუსეთი ამ შეთანხმებას შეასრულებს.

და მესამე, რაც ამ თემაზე მინდა ვთქვა, რამდენადაც მე მესმის, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებას არა აქვს იმის განწყობა, რომ რუსეთისაგან თავის სასარგებლოდ რამე მიიღოს. ამიტომ, ასეთ ფონზე იმაზე საუბარი, რომ 12 აგვისტოს შეთანხმებას რუსეთი შეასრულებს, სამწუხაროდ, შეუძლებელია.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებას არა აქვს იმის განწყობა, რომ რუსეთისაგან თავის სასარგებლოდ რამე მიიღოს. ამიტომ, ასეთ ფონზე იმაზე საუბარი, რომ 12 აგვისტოს შეთანხმებას რუსეთი შეასრულებს, სამწუხაროდ, შეუძლებელია

- სწორად გავიგე - საქართველოს ხელისუფლება არ მოსთხოვს კრემლს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებას?

- ფორმალურად, სიტყვებით ალბათ მოითხოვს, მაგრამ ძალიან არ ეწყინება თუ მოსკოვი ამ შეთანხმებას არ შეასრულებს.

- ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

- ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თუ მეგობრული არა საკმაოდ კორექტული იქნება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლება რუსეთის რეჟიმის მიმართ ბევრად მომთმენი და შემრიგებლურია, ვიდრე ევროკავშირი, აშშ, ნატო და ვაშინგტონის მხარდამჭერები.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის რეჟიმის მიმართ ბევრად მომთმენი და შემრიგებლურია, ვიდრე ევროკავშირი, აშშ, ნატო და ვაშინგტონის მხარდამჭერები

- უკრაინაში ომის ფონზე საქართველოში რუსი ტურისტების ბუმია. სხვადასხვა მონაცემები ვრცელდება. ფაქტია, რომ რუსი ტურისტების სიმრავლე არა მარტო თბილისსა და ბათუმში, არამედ სხვა ტურისტულ რეგიონებში შესამჩნევია.

რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხვებიც რეკორდულია. ბოლო მონაცემებით რუსეთიდან საქართველოში თითქმის 700 მილიონი აშშ დოლარია გადმორიცხული. რუსეთის ბევრი მოქალაქე საქართველოში იძენს საკუთრებას, არეგისტრირებს ბიზნესს. სექტემბრისთვის გაიხსნება კერძო რუსული სკოლები და ბაღები. პრესტიჟულ რესტორნებში უმეტესად რუსული მუსიკა ისმის.

რას შეიძლება უკავშირდებოდეს საქართველოში რუსი ტურისტების სიმრავლე?

- ეს ნაწილობრივ დაკავშირებული იქნება იმასთან, რომ რუსეთში საკმაოდ დიდია იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე უნდათ ქვეყნის დატოვება. საქართველო კი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელშიც მათთვის მოხვედრა ვიზის გარეშეა შესაძლებელი.

ალბათ ბევრი ვარაუდობს, რომ საქართველოში მოხვედრის შემდეგ თავისუფლად შეძლებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მოგზაურობას. ახლა მოსკოვიდან ამსტერდამში მოსახვედრად საჭიროა თბილისში, ან ერევანში, ან ბაქოში მოხვედრა. ან სტამბულში, მაგრამ სტამბულში ჩაფრენა უფრო ძვირია. საქართველოში მოხვედრა კი უფრო მარტივია. საქართველოში მოხვედრა მანქანითაც შეიძლება.

ვფიქრობ, რომ რუსეთიდან საქართველოში ტურისტად ჩამომსვლელთა რიცხვი, ან იმ ადამიანების რიცხვი, ვინც უკრაინაში ომის მიმდინარეობამდე მოისურვებს საქართველოში დროებით ცხოვრებას, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

ვფიქრობ, რომ რუსეთიდან საქართველოში ტურისტად ჩამომსვლელთა რიცხვი, ან იმ ადამიანების რიცხვი, ვინც უკრაინაში ომის მიმდინარეობამდე მოისურვებს საქართველოში დროებით ცხოვრებას, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება

ვფიქრობ, რომ ამ პროცესისგან საქართველოსაც ექნება ეკონომიკური მოგება. ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია. რუსი ტურისტებისთვის დასასვენებლად საქართველოში ჩასვლა კარგია იმ თვალსაზრისითაც, რომ ახლა სხვა ქვეყნებში დასვენების მსურველ რუს ტურისტებს შესაძლოა სხვა ქვეყნებში ჩასვლის პრობლემებიც ჰქონდეთ.

რაც შეეხება რესტორნებში რუსულ მუსიკას. როგორც ჩანს, რესტორნის მფლობელები ცდილობენ იყვნენ ორიენტირებული მომხმარებლების გემოვნებაზე. ეს ხომ მათი კომერციული ინტერესია.

- საქართველოში რუსი ტურისტების დასვენების პრობლემა არასდროს ყოფილა. უბრალოდ, ახლა საქმე იმაშია, რომ ეს ხდება უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე. სატელევიზიო გამოკითხვებში ტურისტები ამბობენ, რომ არაფერი იციან იმაზე, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვთ მასპინძელი ქვეყნის 20%.

მეტიც, მათი უმეტესობა იმაზე ამახვილებს ყურადღებას, კარგი იქნებოდა თუ ისევ ერთ ქვეყანაში სსრკ-ში ვიცხოვრებდით. ანუ ამბობენ იმას, რასაც პრეზიდენტი პუტინი დიდი ხანია საუბრობს.

ყველაფერი ეს კი, როგორც მინიმუმ, არასასიამოვნო და არც ისე უსაფუძვლოდ სახიფათო ფიქრების საფუძველს აშკარად იძლევა...

- ბუნებრივია, რომ ასეთი არასასიამოვნო ფიქრებისთვის საფუძველი შესაძლოა მართლაც არსებობდეს, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაუფარავად აცხადებს, რომ ოცნებობს სსრკ-ს აღდგენაზე.

მართალია სხვა სახელწოდებით, მაგრამ საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომელსაც სსრკ-ს დროს მოსკოვი აკონტროლებდა.

- პუტინმა უკრაინაში ომის დაწყების წინ და შემდეგაც რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ უნდა არა სსრკ-ს, არამედ 1917 წლის საზღვრებში რუსეთის იმპერიის აღდგენა...

- ამ თემაზე ბევრის მსჯელობენ, მაგრამ ყველას ესმის, რომ შეუძლებელია ვინმეს ჰქონდეს იმის იმედი, რომ რუსეთის შემადგენლობაში ფინეთი შევა, რომელიც 1917 წლამდე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.

- სწორედ ამიტომ დააჩქარეს ფინელებმა ნატოში შესვლა...

- დიახ, ფინეთი ნატოში შევიდა. არც იმის იმედი შეიძლება ჰქონდეს ვინმეს, რომ რუსეთის შემადგენლობაში პოლონეთი შევა.

რაც შეეხება სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებს, რა თქმა უნდა, რუსეთის პოლიტიკურ წრეებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის ქვეცნობიერში აღიქმებიან რუსეთის ტერიტორიების ნაწილებად.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო