ზურაბ ბატიაშვილი - გუშინდელი მოვლენა არის პირველი სერიოზული შეტევა ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელსაც რუსეთი ხელშეუხებლად თვლიდა - მოსკოვი იბრძვის XX საუკუნის იარაღით XXI საუკუნის დასავლური შეიარაღების წინააღმდეგ

გუშინდელი მოვლენა არის პირველი სერიოზული შეტევა ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელსაც რუსეთი ხელშეუხებლად თვლიდა და იმუქრებოდა, რომ ლამის განკითხვის დღეს მოუწყობდა უკრაინას იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა შეტევა ყირიმის ნახევარკუნძულზე, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზურა ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზებზე გუშინ მომხდარი აფეთქებები შეაფასა.

ბატიაშვილის შეფასებით, რუსეთს არ გააჩნია შესაბამისი სამხედრო შეიარაღება, რათა თუნდაც მცირედით მაინც შეძლოს დასავლურ შეიარაღებასთან კონკურენცია.

„ამ რუსულ ბაზას აქვს მნიშვნელოვანი სამხედრო დატვირთვა, რაც გამოიხატება იმით, რომ სწორედ აქედან ხდებოდა იმ თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების აფრენა, რომლებიც სამხრეთ ფრონტზე უკრაინელებს ბომბავდნენ. ამის გარდა, ამ ბაზას აქვს უფრო მეტად სიმბოლური დატვირთვა, რადგან ყირიმის ნახევარკუნძული არის პუტინის რუსეთის ერთგვარი სიმბოლო. პუტინის იდეოლოგია მოიცავს მიწების შემოკრების თეორიას და მათი გადასახედიდან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სწორედ ყირიმის შემოერთებას. ახლა კი ყირიმის თემა სათუო გახდა, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც ყირიმში უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ თავს. გუშინდელი აფეთქებების შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რამხელა რიგები დადგა რუსეთის იმ მოქალაქეების გამო, რომლებიც სასწრაფოდ ტოვებდნენ ყირიმის ნახევარკუნძულს“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

მისივე განცხადებით, ყირიმის ნახევარკუნძულზე მომხდარი აფეთქებები არის სიგნალი იმისა, რომ უკრაინა არ დატოვებს არცერთ თავის ტერიტორიას რუსული ოკუპაციის ქვეშ.

„უკრაინელ სამხედროებს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი, რათა მოხდეს ყირიმისა და სხვა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება, მაგრამ თავად ეს ფაქტი, რომ უკვე ყირიმზეც არის შეტევა მიტანილი სიმბოლურია. ამით უკრაინამ მონიშნა ის ტერიტორია, რომლის გათავისუფლებასაც ის სამართლიანად აპირებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება. ახლა რუსული დანაყოფები მიზანმიმართულად ნადგურდება მათ საწყობებთან და შტაბებთან ერთად - ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ ბოლომდე არ ჩამოიშლება რუსული სამხედრო მანქანა. ამ პროცესს წამოეწევა ეკონომიკაც, რადგან ის სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესეს, სექტემბრიდან იქნება ხელშესახები და რუსეთის თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე და ჯიბეზე იგრძნობს, რას ნიშნავს დასავლური სანქციები.

ეს დაბომბვა იმასაც უსვამს ხაზს, რომ მითია რუსეთის უძლეველობის შესახებ გამოთქმული მოსაზრებები. არავითარი თავდაცვის სისტემები მათ არ აქვთ ისეთი, რომელიც უზრუნველყოფდა ამ სამხედრო ბაზის დაცვას. რუსებს არაფერი აქვთ ისეთი, რამაც შეიძლება მცირედით მაინც შეძლოს დასავლურ შეიარაღებასთან კონკურენცია. რუსეთი იბრძვის XX საუკუნის იარაღით XXI საუკუნის დასავლური შეიარაღების წინააღმდეგ და ძნელი გამოსაცნობი არ არის, ვისი გამარჯვებით შეიძლება დასრულდეს ბრძოლები“, - განაცხადა ზურა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, 9 აგვისტოს ყირიმში, რუსეთის სამხედრო აეროდრომზე რამდენიმე მძლავრი აფეთქება მოხდა. აღნიშნული სამხედრო ბაზა საკის რაიონის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს და ის გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის - თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქებებს ასევე მოჰყვა მსხვერპლიც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო