Reuters - ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას აზერბაიჯანის მილსადენით რუსეთის გვერდის ავლით დაიწყებს

Reuters - ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას აზერბაიჯანის მილსადენით რუსეთის გვერდის ავლით დაიწყებს

ყაზახეთი ნედლი ნავთობის ნაწილის გაყიდვას აზერბაიჯანული მილსადენით რუსეთის გვერდის ავლით დაიწყებს, - ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობის კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ (KMG) აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკართან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა წელიწადში 1.5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის გაყიდვა შესაძლებელი გახდეს აზერბაიჯანული მილსადენით, რომელსაც ნავთობი თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პორტ ჯეიჰანამდე გადააქვს.

„საბოლოო კონტრაქტის გაფორმება აგვისტოს ბოლოს იგეგმება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნედლი ნავთობის გატარება ერთი თვის შემდეგ დაიწყება. წელიწადში კიდევ 3.5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის ტრანზიტი შეიძლება დაიწყოს 2023 წელს აზერბაიჯანული მილსადენით საქართველოს შავი ზღვის სუფსის პორტამდე“, - წერს „როიტერსი“.

სააგენტოს ცნობით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნაკადებთან ერთად, მოცულობა დღეში 100 000 ბარელს გადააჭარბებს, ანუ კასპიის მილსადენის კონსორციუმის ნაკადების 8%-ს. 20 წლის განმავლობაში ყაზახური ნავთობი კასპიის მილსადენის კონსორციუმის საშუალებით რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკში იგზავნებოდა, რომელიც უზრუნველყოფს გლობალურ ბაზარზე წვდომას. ივლისში რუსეთის სასამართლო კასპიის მილსადენის კონსორციუმის დახურვით დაიმუქრა, რამაც ყაზახეთის მთავრობა და უცხოელი მწარმოებლები აიძულა, სიფრთხილის მიზნით დადონ კონტრაქტები სხვა სატრანზიტო მარშრუტებთან. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ნავთობის საერთაშორისო ფასმა 14 წლიან მაქსიმუმს მიაღწია და მაღალი ფასები შენარჩუნდა. ივლისის თვეში ერთი ბარელის ფასი, საშუალოდ, 100 დოლარზე მეტი იყო.