„დამოუკიდებელი იურისტების“ ჯგუფმა სასამართლო რეფორმებზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფში პრობლემების და რეკომენდაციების დოკუმენტები წარადგინა

„დამოუკიდებელი იურისტების“ ჯგუფმა, ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებულ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების ამსახველი დოკუმენტი და რეკომენდაციები წარუდგინა.

„დამოუკიდებელი იურისტების“ შეფასებით, სასამართლოში არსებული პრობლემები უკავშირდება როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობას, ისე საზოგადოების წინაშე მის ანგარიშვალდებულებას და სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხს.

„დოკუმენტში აღწერილია და სათანადო წყაროებით გამყარებულია ფაქტები ყველა ძირითად პრობლემასთან დაკავშირებით, მათ შორისაა: უფლებამოსილებათა გადაჭარბებული კონცენტრაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და კორპორატივიზმის პრობლემა - კანონმდებლობით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონცენტრირებულია გადაჭარბებული ძალაუფლება, რაც ქმნის კარგ პირობებს კორპორატივიზმისა და კლანურობისთვის. მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფს აქვს გავლენა მთლიანად სასამართლო ხელისუფლების მართვაზე. აღნიშნული მოსამართლეების მნიშვნელოვან ნაწილს წინა ხელისუფლების დროს პროკურატურიდან მოსამართლეების კონტროლის მიზნით გადმოყვანილი მოსამართლეები შეადგენენ.

აღნიშნულ ჯგუფს შეუძლია აკონტროლოს მართლმსაჯულება იმ დოზით რა დოზითაც ესაჭიროება მმართველ პოლიტიკურ ძალას და თავად ამ ჯგუფს. ჩაკეტილი სასამართლო სისტემა და სასამართლოს გარედან იურისტების შედინების შეუძლებლობა - 2012 წლიდან სასამართლო კორპუსში 220-ზე მეტი ყოფილი და 120 ახალი მოსამართლეა დანიშნული. ახალდანიშნულ მოსამართლეებს შორის მხოლოდ 16 ია სასამართლო სისტემის გარედან შესული პირი, ხოლო 104 არის სასამართლოს ყოფილი მოხელე. მთლიანობაში, 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში გარედან შესული კადრების წილი არ აღემატება ხუთ პროცენტს. სამივე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნა არაობიექტური კრიტერიუმებით - მიუხედავად კანონმდებლობით დასაბუთების ვალდებულების არსებობისა, მოსამართლეებად ინიშნებიან პირები, რომლებიც აშკარად ვერ აკმაყოფილებენ დადგენილ ობიექტურ კრიტერიუმებს. აღნიშნული იძლევა კარგ შესაძლებლობას მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნონ მხოლოდ კლანის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები. იგივე პრობლემები ახლავს მოსამართლეების დაწინაურების სისტემას. მოსამართლეთა გადატვირთულობა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემა - მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს, მისი მოგვარება წლებია ვერ ხერხდება. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის პრობლემა - დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა ხელს უწყობს კორპორატივიზმის გაძლიერებას, რომელიც მარტივად შეიძლება გამოიყენებულ იქნას არა დამრღვევი მოსამართლის ანგარიშვალდებულების, არამედ მორჩილი მოსამართლისთვის პასუხისმგებლობის არიდების ინსტრუმენტად.

სამოსამართლო თვითმმართველობის ფიქტიური ხასიათი - მიუხედავად იმისა, რომ კანონით შექმნილია სამოსამართლო თვითმმართველობის ორგანოთა მთელი სისტემა (მოსამართლეთა კონფერენცია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ცალკეული თავმჯდომარეები, მოსამართლეთა სადისციპლინო ორგანოები), მოსამართლეთა შორის არ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და მოსამართლეები სასამართლოს მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ არაკონკურენტულ გარემოში. სასამართლოს თავმჯდომარის ინსტიტუტის ინსტრუმენტალიზაცია - კანონით სასამართლოს თავმჯდომარე ინარჩუნებს ისეთ ფუნქციებს, რომლებიც მას მარტივად შეუძლია გამოიყენოს კონკრეტული საქმის შედეგზე გავლენის მოსახდენად. დიდი და დატვირთული სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციებზე წლებია ერთი და იგივე მოსამართლეები მონაცვლეობენ. საქმეთა შემთხვევითი განაწილების სისტემის პრობლემა - ელექტრონული განაწილების სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოსამართლეებს შორის საქმეთა შემთხვევითი წესით განაწილებას და იძლევა კონკრეტული საქმის სასურველი მოსამართლისთვის გადაცემის შესაძლებლობას. კორუფციის რისკებზე რეაგირების არარსებობა - კორუფციის რისკების შესახებ მიუთითებს სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ანგარიში, ასევე, სავარაუდო კორუფციული ფაქტების შესახებ არსებობს არაერთი ჟურნალისტური მასალა. მიუხედავად ამისა, კორუფციის რისკები არ არის დაზღვეული კანონმდებლობით, ხოლო კორუფციის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის გამოძიება და სამართლებრივი რეაგირება არ ხდება. სასამართლო გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა - სასამართლო გადაწყვეტილებები დაინტერესებული საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის არც სრული სახით და არც პერსონალური მონაცემების დაშტრიხვით. ბოლო წლებში აღარ ქვეყნება პირველი და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები.

დასახელებული პრობლემების საპასუხოდ „დამოუკიდებელი იურისტების“ ჯგუფი სასამართლო რეფორმებზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფს სთავაზობს დეტალურ რეკომენდაციებს.

რეკომენდაციები სხვა ქვეყნების გამოცდილების და ევროპული სტანდარტების გათვალისწინებითაა შექმნილი და მიზნად ისახავს მდგრადი, განგრძობადი გარანტიების შექმნას სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერებისა და დამოუკიდებლობისთვის, რაც ორ ძირითად მიდგომას დაეფუძნება: სასამართლო რეფორმის გატარება პრობლემების გააზრების საფუძველზე. სასამართლო ხელისუფლების შიგნით დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემის შექმნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„დამოუკიდებელი იურისტების“ ჯგუფი გამოთქვამს მზაობას აქტიურად ითანამშრომლოს ყველა აქტორთან მართლმსაჯულების საკითხებზე ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით.

„დამოუკიდებელი იურისტების“ ჯგუფის წევრები არიან: იოსებ ბარათაშვილი (ადვოკატი). მაია ბაქრაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი). თამარ გეგელია (სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი). ირაკლი გაბრიჩიძე (ადვოკატი). ხათუნა გრიგალაშვილი (ადვოკატი). ლევან თორთლაძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი). ირმა კაკიაშვილი (იურისტი). ირაკლი კორძახია (ადვოკატი). უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი (ყოფილი სახალხო დამცველი). ზაზა ხატიაშვილი (ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე) ადვოკატი. ეკა ციმაკურიძე (იურისტი, დემოკრატიის ინდექსი). ბესიკ ლოლაძე (პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე). თამარ ლალიაშვილი (პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე) ბესიკ სისვაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი). ლია მუხაშავრია (ადამიანის უფლებების პრიორიტეტი). ნათია ქუთათელაძე (დამოუკიდებელი ექსპერტი).

თეა ხამხაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე). თამაზ ჯალიაშვილი (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე). დავით ჯანდიერი (იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე). კახა წიქარიშვილი (მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი).

ლევან ლორთქიფანიძე - დასავლეთის მკაცრი, მიზანმიმართული გადაწყვეტილებები, ივანიშვილს აგრძნობინებს, რომ მან ადრე ჩამოწერა აშშ და ევროკავშირი, რომ დასავლეთი არ აპირებს ხელი აიღოს თავის ინტერესებზე სამხრეთ კავკასიაში
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის