ანდრეი ერმაკი ყირიმში მომხდარ აფეთქებაზე - უკრაინის შეიარაღებული ძალები „დემილიტარიზაციის“ ოპერაციას აგრძელებენ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ყირიმში, რუსების საბრძოლო მასალების საცავში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები "დემილიტარიზაციის" ოპერაციას აგრძელებენ.
“უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ "დემილიტარიზაციის" ოპერაციას საიუველირო სტილში, რათა სრულად გაათავისუფლონ ჩვენი მიწა რუსი დამპყრობლებისგან. ჩვენი ჯარისკაცები კარგი განწყობის საუკეთესო სპონსორები არიან”, - წერს ერმაკი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, დღეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის რაიონში რუსების საბრძოლო მასალის საცავში აფეთქება მოხდა. რუსეთის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ აფეთქების მიზეზი დივერსია იყო. მათივე მტკიცებით, შემთხვევის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა.

























