უკრაინის საგარეო უწყება Deutsche Welle-ს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს მათი „რუსული ოფისის მიერ გავრცელებულ მანიპულაციებს“

უკრაინის საგარეო უწყება Deutsche Welle-ს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს მათი „რუსული ოფისის მიერ გავრცელებულ მანიპულაციებს“

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანულ ტელეკომპანია Deutsche Welle-ს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს მათი რუსული ოფისის მიერ გავრცელებულ მანიპულაციებს.

„ამჟამად ჩვენთვის გაუგებარია, გერმანული მაუწყებლის რუსული ოფისი რატომ უჭერს მხარს რუსულ პროპაგანდას, მანიპულირებს ციტატებს და ცვლის კონცეფციებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.

უკრაინის საგარეო უწყებამ რამდენიმე მაგალითი მოიყვანა ტელეკომპანია Deutsche Welle-ს რუსული ოფისის მიერ გავრცელებულ პროპაგანდისტულ ციტატებთან დაკავშირებით, როგორიცაა "უკრაინის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება", "უკრაინელი დამცველების ერთმა შეცდომამ შესაძლოა ბირთვული კატასტროფა გამოიწვიოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე", "დასავლეთის ქვეყნებში რუსებისთვის შესვლის აკრძალვის დაწესება პუტინის დამარცხებას არ დაეხმარება“, „ჟურნალმა Vogue -მა Deutsche Welle-ს დაუდასტურა, რომ მათ არ დაბეჭდეს ადოლფ ჰიტლერისა და ევა ბრაუნის ფოტო“.

ნიკოლენკომ დასძინა, რომ Deutsche Welle არის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული მაუწყებელი, რომელიც გერმანიის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

"რუსული დეზინფორმაციით გამოწვეული საფრთხეების გამო, გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში უკვე დაბლოკა რუსული პროპაგანდისტული არხი Russia Today (RT). ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებს პასუხი გასცენ Deutsche Welle-ს მიერ გავრცელებულ რუსული პროპაგანდის ნარატივებს", - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.