ISFED - ხელისუფლების დამოკიდებულება პირდაპირი დემარშია „სამართლიანი არჩევნებისა“ და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, მათი კონსტრუქციული პოზიციის და სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის მზაობის მიუხედავად

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ინფორმაციას ავრცელებს, სადაც იმ ფაქტს ეხმაურებიან, რომ „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციას მონაწილეობის ნება არ დართეს.

როგორც „სამართლიანი არჩევნებში” განმარტავენ, ხელისუფლების დამოკიდებულება წარმოადგენს პირდაპირ დემარშს „სამართლიანი არჩევნებისა” და მთლიანად სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, მათი კონსტრუქციული პოზიციის და სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის მზაობის მიუხედავად.

ამასთან, განმარტავენ, რომ ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება გამოწვეულია ორგანიზაციის მიუკერძოებლობისა და კრიტიკული პოზიციის მიუღებლობით.

„დღეს ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ დაბლოკა „სამართლიანი არჩევნების“ ჩართვა საარჩევნო საკითხებზე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად არის შექმნილი.

ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, სამუშაო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა თავად დასავლელი პარტნიორების რეკომენდაცია იყო, თუმცა, ხელისუფლების მიერ შექმნილი ფორმატი არასამთავრობო სექტორის ფართო წარმომადგენლობას გამორიცხავდა. მმართველმა პარტიამ სასურველი მიმართულებით რეფორმებზე მუშაობის საშუალება არ მისცა ყველა მსურველ ორგანიზაციას, ვინაიდან თითოეულ სამუშაო ჯგუფში მათთვის მხოლოდ 2 ადგილი განსაზღვრა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სხვა სამუშაო ჯგუფების შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილი ორგანიზაციების შერჩევაში ხელისუფლება არ ჩარეულა, განსხვავებით საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფისა. მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა ამ ჯგუფში, არასამთავრობო სექტორის შეთანხმებით წარდგენილი, “სამართლიანი არჩევნების” მონაწილეობაზე.

ამდენად, ხელისუფლების დამოკიდებულება წარმოადგენს პირდაპირ დემარშს “სამართლიანი არჩევნებისა” და მთლიანად სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, მათი კონსტრუქციული პოზიციის და სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის მზაობის მიუხედავად. ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება გამოწვეულია ორგანიზაციის მიუკერძოებლობისა და კრიტიკული პოზიციის მიუღებლობით. “სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ პროცესიდან პროფესიული ორგანიზაციის ჩამოშორება რეალურად სამუშაო ჯგუფის ფორმალურად შექმნაზე მიანიშნებს, რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, პროცესის გაჭიანურება და რეკომენდაციების შესრულების მზაობის ილუზიის შექმნაა. “ქართული ოცნების” ეს გადაწყვეტილება, საქართველოს მომავლისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში, ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

„სამართლიანი არჩევნები“ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, დამოუკიდებელი, და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე წამყვანი ორგანიზაციაა, რაც დასტურდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და თანამშრომლობით, ორგანიზაციის არსებობის 27 წლის განმავლობაში.

„სამართლიანი არჩევნები“ მმართველი პარტიის ასეთ პოზიციას სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვად აფასებს, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. თუმცა, ორგანიზაცია არ აპირებს არჩეული გზიდან გადახვევას და კვლავ გააგრძელებს მუშაობას ქართველი ხალხის საუკუნოვანი მისწრაფების - დასავლური ინტეგრაციის - ხელშეწყობისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში დღეს იმართება, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განუცხადა და გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა. მისი თქმით, “სამართლიანმა არჩევნებმა” ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პრემიერ-მინისტრის გადაყენების თაობაზე მოთხოვნას შეუერთდა. მიქანაძის განმარტებით, “სამართლიანი არჩევნები” არის ორგანიზაცია, “რომელმაც 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, 7 კვირის განმავლობაში დამალა და ამით ქვეყნის იმიჯი შელახა”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა